გივი მიქანაძე - ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაველოდებით იმას, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა სასწორზე დადგეს - გაცხადებულია, რომ დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაველოდებით იმ ფაქტის მოხდენას, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა სასწორზე დადგეს - გაცხადებულია, რომ დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში, ზუსტად ამიტომ დავაჩქარეთ ეს პროცესი, წარმოვადგინეთ ცვლილებები, რომელიც არ ზღუდავს შეკრებების და მანიფესტაციის უფლებას, - ამის შესახებ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ორიენტირებულია საზოგადოებრივი წესრიგის მეტ დაცულობასა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებზე.

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაველოდებით იმ ფაქტის მოხდენას, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა სასწორზე დადგეს. ამიტომ, მყისიერ ზომებს ვიღებთ. ზუსტად იმიტომ, რომ ოქტომბერია, ზუსტად იმიტომ, რომ გაცხადებულია იმის თაობაზე, რომ ეს დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში, ამიტომ დავაჩქარეთ ეს პროცესი და წარმოვადგინეთ ცვლილებები, რომელიც არანაირად არ ზღუდავს შეკრებების და მანიფესტაციის უფლებას, არ ზღუდავს გამოხატვის უფლებას.

პირდაპირ ორიენტირებულია საზოგადოებრივი წესრიგის მეტ დაცულობასა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებზე“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს. კანონის პროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ინიციატივას პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე აცნობს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია -სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო