ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ პენსიონერების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სადგურის მოედანზე პენსიონერების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება მიზნად ისახავს საპენსიო სესხების განულებას და მამაკაცებში საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევას.

„საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: საპენსიო სესხების განულებას 400 ათასამდე პენსიონერისთვის, რომელსაც კაბალურ პირობებში აქვს სესხი აღებული და ძარცვავს ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია და მეორე: მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევას 60 წლამდე. იმიტომ რომ, საქართველოში, სამწუხაროდ, მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 და ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, რომ 65 წლიდან დაგინიშნავ პენსიას. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანია მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევა 60 წლამდე და ასევე ცხადია, უმნიშვნელოვანესია საპენსიო სესხების განულება 400 ათასამდე პენსიონერისთვის, რაც გამოიწვევს ამ პენსიონერებისთვის მაშინვე, როგორც კი სესხს ჩამოაჭრიან 80-100-120 ლარით პენსიის გაზრდას, იმიტომ რომ 3-4 წელია ამ საბანკო ოლიგარქიით ისინი თავის პენსიას ბოლომდე ვერ იღებენ და ძარცვავს რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ხელმოწერების კამპანიას იმიტომ ატარებენ, რომ აჩვენონ, „სად არის ხალხის ნება“.

„ხელმოწერებს ვაგროვებთ რაზე და რატომ? - ბიუჯეტში გაჩნდა დამატებითი თანხა. ვამბობთ, რომ ერთჯერადად სესხები გაისტუმროს სახელმწიფომ, 400 000 ადამიანი ყოველდღე, ყოველ თვეში, 70-დან - 100 ლარამდე ტოვებს „ლიბერთი ბანკში“ სესხისთვის. ეს ნიშნავს, რომ სახლში ყველაზე გაჭირვებული პენსიონერი წაიღებს 70-80-100ლარს ყოველთვიურად. „ქართული ოცნება" გვეწინააღმდეგება, მაგრამ ხელმოწერების კამპანიას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვაჩვენოთ სად არის ხალხის ნება. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც უარი თქვან იმ ძვირადღირებულ ფუფუნების საგნებზე, რასაც ყიდულობენ ბიუჯეტის ხარჯზე და ერთხელ მაინც, ქართველმა პოლიტიკოსებმა საქმე გააკეთონ პენსიონერებისთვის. პირობას ვდებთ, თუ ესენი ამას არ გააკეთებენ, როგორც კი გავუშვებთ ხელისუფლებიდან, პირველი აქტი იქნება სწორედ საპენსიო სესხების გასტუმრება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ხელმოწერების კამპანია მათ აიძულებს გადადგან ნაბიჯი ხალხისკენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო