თამარ კორძაია უმრავლესობას - თქვენ გვთავაზობთ ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე

თქვენ გვთავაზობთ ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე - მგონი, სჯობს დაფიქრება და ამ კანონზე უარის თქმა, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე პროტესტს გამოიწვევს, ვიდრე მისი არ მიღება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

როგორც კორძაიამ განმარტა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი გამოხატავს ხელისუფლების მხრიდან მწვავე სურვილს, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა.

„თქვენ კონკრეტიზაციას კი არ გვთავაზობთ, თქვენ გვთავაზობთ საერთოდ ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე, ყველა პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად დიქტატურის ძირითადი დამადასტურებელი ნიშანი - ხელისუფლების მხრიდან მწვავე სურვილი, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. ბრძანეს, რომ ოპოზიციას თვითრეფლექსია აწუხებსო, არა, თქვენ გაწუხებთ თვითრეფლექსია. პროტესტით მოსული ხალხი ხართ, იცით, როგორ შეიცვალა ხელისუფლება და ახლა გეშინიათ, თქვენ არ შეგცვალონ. მგონი, სჯობს დაფიქრება და ამ კანონზე უარის თქმა, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე პროტესტს გამოიწვევს, ვიდრე მისი არ მიღება“,- აღნიშნა კორძაიამ.

მისივე თქმით, როდესაც ბალანსი, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის უსაფრთხოების სასარგებლოდ იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.

„მუდმივად ვხედავთ, რომ სულ არის მცდელობა, უსაფრთხოების სასარგებლოდ გადაიწონოს ამ სიმძიმემ. მინდა შეგახსენოთ გვარები: დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი კორძაია. ეს ის ხალხია, ვისაც წინა ხელისუფლება 20-დან 50- მეტრიან რადიუსში აკავებდა. წინა ხელისუფლებამ თქვა, რომ 50 მეტრის რადიუსში არ შეიძლება შეკრების ჩატარება. ეს ადამიანები ყოველდღე ჯიუტად მიდიოდნენ, დააკავებდნენ და პოლიცია წაიყვანდა. ამ ხალხის დახმარებით მოხვედით ხელისუფლებაში, ამ პროტესტის შედეგად მოხვედით ხელისუფლებაში და დღეს არ მოგწონთ? დღევანდელი კანონი გაცილებით უარესია, ვიდრე თავის დროზე იყო. ეს არის წინასწარი ცენზურა“,- აღნიშნა კორძაიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის