ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ? - როცა კარგავ ძალას, მორალურ რესურსს, ელაპარაკო მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა

ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ? ცარიელი ფურცელი რომ უჭირავს ადვოკატს ხელში და პარლამენტის წინ მშვიდობიანად დგას, ამის გამო აჯარიმებთ, ეს „ქეისი“ თქვენი სახეა! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა.

„თურმე ადამიანის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილა თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და ამის დაცვას ცდილობთ ახლა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არ იყო მაშინ ეს სტანდარტი? თუ კარავი რომ არ იყო აკრძალული ამან შეგიშალათ ხელი? ძალიან კარგად გვახსოვს პოლიციელების მიერ გაკეთებული კორდონი მოძალადეებისთვის, რომ მიექსიათ, მიეშვათ და ადამიანი სიკვდილამდე სცემეს. ეს ფაქტი ხომ არ დაგავიწყდათ? ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყო თქვენი დაცვის ამოცანა? არ უნდა დაგეცვათ? ან იმ პოლიციის ამოცანა, რომელსაც ახლა ახალ კანონპროექტს აჩეჩებთ? კარვის დაუდგმელობამ ვერ დაგაცვევინათ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

სხვათა შორის კარვებზე მძიმე ემოციები გაქვთ. მე ძალიან კარგად მახსოვს წვიმაში, სიცივეში ღამეს რომ ათევდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ დედები და ითხოვდნენ შვილებისთვის წამლებს და თქვენი მითითებით პოლიცია ღამე კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდათ. იქ რომელი მიხვედით? აი, ეგ არის თქვენი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ. დედებს უწევდათ ღამეები ეთენებინათ, რომ შვილებისთვის წამალი მოეპოვებინათ და ამ დროს თქვენ არ აძლევდით შესაძლებლობას, რომ ღამე მაინც არ გაყინულიყვნენ ქალები, რომლებიც დღეების და ღამეების გამავლობაში იყვნენ გარეთ, რომ თქვენთვის ხმა მოეწვდინათ. აი, ეგ არის თქვენი სტანდარტი, თუ როგორ უფრთხილდებით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ბატონმა გივიმ დაადასტურა, რომ არ მდგარა აქციაზე, ვინც აქ ხართ უმრავლესობიდან წარმოდგენილი, რომელიმე თუ მდგარხართ აქციაზე თქვენი ცხოვრების განმავლობაში? არ მახსოვხართ. რომ მდგარიყავით სხვანაირი მიმართება გექნებოდათ შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან და მუდმივი მცდელობა არ გექნებოდათ მშვიდობიანი აქციის და პროტესტის დემონიზების. არ გექნებოდათ ამის მცდელობები, მაგრამ როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ მდგარხართ აქციაზე, კარგად გემახსოვრებათ, როდის იბრძვის ხელისუფლება მანიფესტაციების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მცდელობებს, რომ ჩაახშოთ საქართველოს მოქალაქეების უფლება თავისი აზრი გამოხატონ და როდესაც თქვენ ამ აზრს არ ისმენთ, პარლამენტში ადამიანებს შემოსვლის უფლებას არ აძლევთ, ბანერებს და ფურცლებს ებრძვით, ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო ადამიანს აჯარიმებთ, სადამდე მიხვედით? ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ ხელისუფლებაში, სადამდე მიხვედით ამჩნევთ? ცარიელი ფურცელი რომ უჭირავს ადვოკატს ხელში და მშვიდობიანად დგას პარლამენტის წინ ამის გამო აჯარიმებთ, ეს „ქეისი“ თქვენი სახეა!“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით