არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში და აივნებზე ესროდით ხალხს - მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ლეიბებზე არავითარი შეზღუდვები არ არის

თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

თალაკვაძემ სიტყვის გამოსვლისას თამარ ჩარკვიანს მიმართა და აღნიშნა, რომ „ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“.

„ბატონო რომან, კარვების ქალაქი თქვენი ხელისუფლების დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალად, რომ შემოგვასაღეთ, ეგრეც არ ყოფილა ეგ ამბავი. ძალიან კარგად ვიცი, კარვები, რატომაც დატოვეთ რუსთაველის ქუჩაზე და ბოლოს, რა უქენით მაგ ხალხს. ისიც კარგად ვიცით, ქუჩები, ყველა გასასვლელი რომ ჩაუკეტეთ, ამოახრჩვეთ გაზში ხალხი და ხელკეტებით, რომ ცემეთ ბავშვიან-ქალიანად ყველა, ძალიან კარგად გვახსოვს ეგ. თქვენ რა, მართლა კარვების დადგმა გინდოდათ აქ და დემოკრატიას აჩვენებდით ვინმეს? გადახვედით მთელი პარლამენტი და მთავრობა ლამის სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში აგრძელებდით საქმიანობას. ეგ იყო თქვენი ჩანაფიქრი, გჭირდებოდათ მაშინ, გაითამაშეთ, მაშინ, რაღაც პარტია, მაგრამ ისიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე წესიერად. ადექით და ბოლოში მაინც დაარბიეთ ის ხალხი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ახლა კარვების ტოლერანტებად ნუ გამოიყვანეთ აქ თქვენი თავი.

მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი.

რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილის რიტორიკას, რამდენჯერმე წამოგვაძახა აქ მიტინგებზე საერთოდ ვინ დგახართო, თუ შეიძლება ხელი აწიოთო? მე მინდა მას შევთავაზო, რომ ერთი კვირით გადმოჯდეს უბრალოდ ჩვენს მხარეს, მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, სტუდენტობიდან იბრძოდა, ეს ადამიანები აქ სხედან. ასევე, აქ არის უმრავლესობის წევრი საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი, ვინც ევროპის ყველაზე საუკეთესო ომბუდსმენად იყო აღიარებული და ვინც გაბედა და თქვენ პირსისხლიან რეჟიმს დაუპირისპირდა. ძმა, რომ დაუჭირეთ და რომ შეუთვალეთ, რომ „შენ ძმას ციხიდან არ გამოუშვებ, თუ არ შეწყვეტ ხელისუფლების კრიტიკასო“, ეგეც კარგად იცის საზოგადოებამ და იმ ძმამაც, რომ შემოგითვალათ, რომ „სადამდეც საჭირო იქნება დავრჩები ციხეში, სანამ თავისუფლება და სამართალი არ გაიმარჯვებსო“, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს საზოგადოებას. თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ, დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს.

რომელ აქციაზე გწყდებათ გული ჩვენი ხელისუფლების პირობებში? მაგალითი, რომ მოგვიყვანოთ. რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების მთელი ამ საქმიანობის პერიოდში? სად გწყდებათ გული? სად ვერ შეიკრიბეთ? რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? მაგრამ პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე და ცესკოში, რომ იჭრებოდით ბიულეტენების გასანადგურებლად, რომ მერე არჩევნები გამქრალად გამოგეცხადებინათ, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები. ჯერ ეს მასხარაობა რა არის?! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოვიდა და თქვა, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. ბოლოს და ბოლოს თქვენმა სათაყვანებელმა ლიდერებმა დაადასტურეს ეგ ინფორმაცია, ერთმა თქვა, რომ იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელიო, მეორემ საპატიმროდან შემოთვალა, რომ პირიქითო სუს-ს მეტი უნდა ეთქვაო, არა ვართ კმაყოფილიო, სინამდვილეში მეტი დესტაბილიზაცია იგეგმებაო. მესამემ კიდევ თქვა, რომ სტატუს, რომ ვერ მივიღებთ დეკემბერში და იანვარში არეულობები უნდა მოვაწყოთო, აბა, ჩვენ არჩევნებს სად ველოდოთო. პირდაპირ დაადასტურეს და თქვენ როგორ ბედავთ, რომ საკუთარ ლიდერებს უპირისპირდებით!“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი