მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება მთავრობის თანხმობას გულისხმობს და პოლიტიკურ შედეგს ითვალისწინებს, ევროპული ვიზიტების მიზანი კი ევროპული კურსის მხარდაჭერა იყო

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება მთავრობის თანხმობას გულისხმობს და პოლიტიკურ შედეგს ითვალისწინებს, პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების მიზანი კი არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრა, არამედ ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერა იყო.

კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განმარტა, რომ ვიზიტებისას საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკით, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული განაცხადი წარადგინა.

„წარმომადგენლობის უფლებამოსილება 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, 49-ე მუხლის მე - 3 პუნქტი კი, გულისხმობს სახელმწიფოს წარმოდგენას, როგორც სახელმწიფოს მეთაურის და არა იმ გაგებით, რომ პოლიტიკურ შედეგებზე იყო საუბარი. როდესაც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად განახორციელა ვიზიტები, ისინი მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და არა იმისათვის, რომ პოლიტიკური შედეგი დაედო.

საქართველოს პრეზიდენტი ამ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, დავარქვათ ევროპული ვიზიტები, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, თავისივე განცხადებით, რომელიც თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2023 წლის 30 აგვისტოს, აღნიშნავს, რომ ის იწყებს სწორედ ამ ვიზიტებს ევროინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, ან ახალი პოლიტიკის შესაქმნელად, ან შესაცვლელად, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკით, რომლის შესახებაც მთავრობამ 2022 წლის 3 მარტს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული განაცხადი წარადგინა და რომელთან მიმართებითაც, როგორც ვიცით და როგორც მთავრობა საუბრობს - მუშაობს“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლება საგარეო პოლიტიკაში, რომელიც მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს, მაგრამ ეს მის მიერ საქართველოს წარმოდგენის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი სრულიად გამართლებულია მთავრობის როლიდან გამომდინარე. მართლაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლება საგარეო პოლიტიკაში, რომელიც მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ჰქონდეს უფლებამოსილება რომ განახორციელოს საგარეო ურთიერთობები და წარმოადგინოს საქართველო“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო