ლევან დავითაშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „აწარმოე საქართველოში" ახალ ინიციატივებზე მუშაობს

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის კუთხით სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა ახალ ინიციატივებზე მუშაობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, მათ შორის ობლიგაციების გამოშვებაზე, საააქციო კაპიტალის განვითარებასა და აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე.

„კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც უკვე წლებია, აქტიურად ვმუშაობთ და რისი მნიშვნელოვანი და აპრობირებული ინსტრუმენტია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 2022-2023 წლების განმავლობაში გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები - ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური (სესხის თანადაფინანსება და თანაუზრუნველყოფა), ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს (ექსპორტის ტექნიკური დახმარება). მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1,000-მდე პროექტი და შეიქმნა 10,000-მდე სამუშაო ადგილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის 2023 წლის რაუნდში გამარჯვებულია 1157 პროექტი, გამარჯვებულთა 50.12% ქალი მეწარმეა. ჯამურად, 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის.

„სიახლეები გვაქვს მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით - დამუშავდა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. ამასთან, მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები. აქვე დავაანონსებ - 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ჯამში 10 რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა ინოვაციური მიდგომები, მათ შორის, საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების დაქირავება, ლოკაციების სკაუტებთან მუშაობა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა ქვეყნის წარმოჩენის კუთხით. მისი თქმით, შედეგად, ქვეყნის პოტენციალით დაინტერესდნენ და ოპერირება დაიწყეს მსოფლიოს უმსხვილესმა და მრავალმილიარდიანმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix, Indorama, Teleperformance და სხვა.

„საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა ახალი, ექსპორტის სტიმულირების პროგრამა, რაც ითვალისწინებს საწარმოების დახმარებას სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და საერთაშორისო ქსელში შესვლის მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია ექსპორტზე ორიენტირებული 100 კომპანია. ამასთან, სააგენტო ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს, რომელიც მოიცავს ყველა საკვანძო საკითხს ექსპორტის საბაზისო საკითხებსა და საექსპორტო ოპერაციებზე. 2022-2023 წლებში გადამზადებული ექსპორტის მენეჯერების რაოდენობა 120-ს აღემატება. ჯამურად, მოცემული მხარდამჭერი ინსტრუმენტების გამოყენებით, სააგენტოს ბენეფიციარებში, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, აღინიშნება 30%-ანი ზრდა საერთაშორისო გაყიდვებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024