საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივარს გიორგი ჯაფარიძეს 70 წლის იუბილეს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ძვირფასო კოლეგა,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს.
თქვენი ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობა შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის. მათთვის, ვინც ხვალინდელ საქართველოში კიდევ მეტად უნდა განავითაროს ზუსტი მეცნიერება - ფიზიკა.
ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც თქვენი ღირსეული მოღვაწეობით, მეცნიერების განვითარებაში შეგაქვთ.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.
ინფორმაციისთვის: აკადემიკოს გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დაბალი სივრცითი განზომილების მქონე ძლიერ კორელირებულ კვანტური სისტემების თეორია. საკითხის აქტუალობას განსაზღვრავს უკანასკნელ წლებში ნანოტექნოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებები, რამაც შესაძლებელი გახადა სრულიად უჩვეულო თვისებების მქონე ახალი მასალების მიღება და ნანოელექტრონიკაში გამოყენება. ჩვენი თეორიული კვლევების ძირითადი მიზანია ამ ახალ მასალებში ძლიერი კორელაციებით განპირობებული უჩვეულო კვანტური კოოპერატიული თვისებების შესწავლა მათი ნანოელექტრონიკის მოწყობილობებში გამოყენების მიზნით. სამეცნიერო ინტერესების დეტალური ნუსხა შეიცავს დაბალგანზომილებიანი ელექტრონული და მაგნიტური სისტემების თეორიას, მაღალტემპერატურულ ზეგამტარობას, ლითონი–იზოლატორი კვანტური ფაზური გადასვლების თეორიას, ტოპოლოგიური კვანტური მასალების თეორიას. გიორგი ჯაფარიძე არის 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.