ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2023

რამდენად რეალურია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა 2030 წლამდე

“მანიფესტაციის” შესახებ კანონი” - ახალი დაპირისპირება “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის

“უკრაინული არმია უკვე რეიდს ახორციელებს ყირიმში და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე” - რა ცვლილებებია ფრონტის ხაზზე

* * *

რამდენად რეალურია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა 2030 წლამდე

“5 ოქტომბერს ესპანეთში ევროპის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილონ, მათ შორის მთავარი ღერძული თემაა - როგორ გაფართოვდეს ევროკავშირი რუსული აგრესიის პირობებში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი დისკუსიები მიდის მომავალ გეგმებზე, საუბარია ე.წ. გრანადის დეკლარაციაზე და ამასთანავე, საფრანგეთი-გერმანიის სამუშაო ჯგუფის ხედვაზე. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი გაფართოება ორმხრივი იყოს, როგორც ევროკავშირში შიდა რეკონსტრუქციის, ისე ასპირანტი ქვეყნების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. “უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს, უკრაინის ადგილი ევროკავშირშია”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად რეალურია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა 2030 წლამდე / “დებატები რომ მიდის და მსჯელობენ, უკვე კარგია - ჯერ ევროკავშირში რეფორმები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ახალი სახელმწიფოების მიღება დაიწყონ”.

“ამასთან, მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია “თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას”. “უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები”, - განმარტა მიშელმა. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს. “რუსეთთან მისი დაპირისპირების შემდეგ ცხადი გახდა: უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად - მალე და არა ოდესმე”, - აღნიშნა მიშელმა. აღსანიშნავია, რომ 2-3 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ევროპის ლიდერთა შეხვედრა კი 5 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება, რომელიც კონტინენტის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ევროკავშირის გაფართოება გააძლიერებს ევროპის სუვერენიტეტს და არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, - მის შესახებ აღნიშნულია გრანადის სამიტის დეკლარაციის პროექტში. დასავლური მედია წერს, რომ ე.წ. გრანადის დეკლარაცია მიზნად ისახავს, მომავალი ევროკომისიისთვის მოამზადოს პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხს, როგორებიცაა: კონკურენტუნარიანობა, მიგრაცია და გაფართოება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირიც და მომავალი წევრი ქვეყნებიც მზად უნდა იყვნენ და “კავშირმა უნდა განახორციელოს აუცილებელი შიდა სამუშაოები” გაფართოების კუთხით. დეკლარაციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აპირებს, გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს საფრთხის შემცველი გლობალური გარემოს ფონზე. თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ დღეს ევროკავშირში მრავალგანზომილებიანი დებატები მიდის თუ როგორი უნდა იყოს გაერთიანება უახლოეს მომავალში. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მიშელის განცხადება მისასალმებელია და იმედის მომცემი, თუმცა, პირველ რიგში ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს დებატები მიდის თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი მომავალ წლებში გაფართოების შემთხვევაში. ერთ-ერთი პროექტის ინიციატორი საფრანგეთია, რომელიც პანევროპულ რაღაც ახალ გაერთიანებაზეა საუბარი. აქ არიან წარმოდგენილი ევროპის სახელწიფოები, მათ შორის საქართველო. უნივერსიტეტში ლექციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გვყავდა, რომელმაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ექსპერტების სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლებმაც ეს ანგარიში მოამზადეს. ამ ანგარიშში წერია თუ როგორ ხედავენ ისინი გაფართოებას, საქართველოზე კარგი ვარიანტია. დებატები რომ მიდის და უკვე ამაზე მსჯელობენ, ეს უკვე კარგია. მარტო ის არ კმარა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, იქ არის აღწერილი ინსტიტუციურად რა და როგორ მოხდება, რომელ სახელმწიფოს რა დრო უნდა მიეცეს. მთლიანობაში აზრი ასეთია, რომ ჯერ ევროკავშირში შიგნით რეფორმები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ამ ახალი სახელმწიფოების მიღება დაიწყონ. გრანადის დეკლარაცია კიდევ სხვა მიმართულებაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“რაც შეეხება მიშელის განცხადებას, ასეთი პოლიტიკური განცხადებები ბევრი გვინახავს. ბუნებრივია ქვეყანა ომშია და ევროკავშირი ცდილობს მხარი დაუჭიროს თუნდაც განცხადებებით, მაგრამ, რეალურად ყველაფერი ომის შემდგომ სიტუაციაზეა დამოკიდებული თუ უკრაინა და სხვა სახელმწიფოები როგორ განვითარდებიან, იგივე კორუფციის, ეკონომიკის და რიგი რეფორმების თვალსაზრისით. მთავარია სახელმწიფო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს რამდენად დააკმაყოფილებს და გადაუხვევს თუ არა დემოკრატიას. მიშელის განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამას წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და ჯერჯერობით არავინ იცის რა მოხდება 2030 წლამდე”, - ამბობს კაკაჩია და აქვე საუბრობს დოკუმენტზე, რომელიც ფრანგი და გერმანელი ექსპერტების ჯგუფმა წარმოადგინეს საკუთარი 60 გვერდიანი ხედვა სახელად “ცურვა ღია ზღვაში: რეფორმირება დაევროკავშირის გაფართოება 21-ე საუკუნისთვის”. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მოამზადებს ნიადაგს ახალი წევრებისთვის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით და ამასთანავე პუნქტებადაა ჩამოწერილი ის პრინციპები, რომელიც გაერთიანებაში შემავალ ქვეყანას მოეთხოვება. მომავალი წევრების მხრიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრიციპების დაცვა საკვანძო საკითხი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“მიშელის განცხადება მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა - უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კონკრეტული რეფრომები განახორციელონ. ევროკავშირი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაა და პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტიტები უნდა იყოს განვითარებული, პირველ რიგში კანონის უზენაესობა. ამასთანავე, ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებულები უნდა იყვნენ, ევროკავშირის პირველი მიზანი ეკონომიკური იყო, ამიტომაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ევროკავშირის სურვილი ერთია, მაგრამ კონკრეტულმა ქვეყნებმა რეფორმების სურვილი უნდა გამოთქვან. ევროკავშირის შიდა რეორგანიზაციას რაც შეეხება, აქ მთავარია აღმასრულებელ სტრუქტურებში რეფორმირება, ვგულისხმობ, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტს, ევროკომისიას. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება უკავშირდება, როგორც მომავალი წევრების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე, ევროკავშირის შიდა რეკონსტრუქციას. თუმცა, პირველ რიგში ასპირანტმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელო” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“მანიფესტაციის” შესახებ კანონი” - ახალი დაპირისპირება “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის

“75 მომხრე - 23 წინააღმდეგი - “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტი გააპროტესტა ოპოზიციამ. ოცნების პასუხი კი ასეთია, რომ უსაფრთხების სამსახურის განცხადებები მოსალოდნელ საფრთხეებს უკავშირდება და ეს საკანონმდელო ინციატივაც ემსახურება ზიანის დადგომის პრევენციას. “პროვოკაციებს და მკვლელობებს ვერ დაველოდებით და შემდეგ ვერ დავიწყებთ რეაგირებას” - განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მანიფესტაციის” შესახებ კანონი” - ახალი დაპირისპირება “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის

“კანონპროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. იწვევს საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” შეტანილი რეგულაციები არის ბუნდოვანი და წინასწარი ცენზურა, ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას კანონის მიღებაზე, რადაგან ეს ცვლილებები გაცილებით მძიმე პროტესტს გამოიწვევს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველ გუნდს კარვების და რევოლუციის ეშინია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თქვენ გვთავაზობთ, ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე, ყველა პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად დიქტატურის ძირითადი დამადასტურებელი ნიშანი. ხელისუფლების მხრიდან მწვავე სურვილი, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. როდესაც ბალანსი, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის უსაფრთხოების სასარგებლოდ იცვლება, ეს ნიშნავს ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. მგონი, სჯობს დაფიქრდეთ და ამ კანონზე უარი თქვათ, რომელიც გაცილებით მძიმე პროტესტს გამოიწვევს”, - აცხადებს ოპოზიცონერი დეპუტატი თამარ კორძაია. “ოცნების” განმარტებით კი კანონპროექტით იზღუდება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როცა საუბარია არამართლზომიერ, არაგონივრულ ფორმებზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და პიარულად “ახალი ტალახის მიზეზებს ეძებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას აფასებენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღებით, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს მანიფესტაციის ეფექტი. “რატომ ამკაცრებს ხელისუფლება კანონს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” იმიტომ, რომ კარგად ახსოვს 8-9 მარტის მოვლენები, როცა იყო მძლავრი პროტესტი; ხელისუფლებას აღელვებს, რომ დიდი ალბათობით დეკემბერში საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხალხი ქუჩში გამოვა, უფრო დიდი პროტესტი იქნება. ამ გზით უნდა შეზღუდოს მანიფესტაციის ეფექტი. მაგრამ არ იცის, რომ ამ კანონის მიღებით ხალხი უფრო გაღიზიანდება. ხელისუფლება თვითონ მიდის კონფრონტაციაზე, როცა ასეთ კანონს იღებს და პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს” - თქვა ნიკა ჩიტაძემ. ექსპერტი პატრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ კანონის მიღება აუცილებელია”, - დასძენს გამოცემა.

“კანონის მიღება აუცილებელია, ვფიქრობ, დაგვიანებლიც არის, რადგან დიდი ხანია ბოროტად გამოიყენება ეს ტაქტიკა, რომ მოიყვანენ 200 კაცს და მთლიანად გადაკეტავენ ქუჩას, პერფორმანსი და “კარწინკა” რომ დაიდგას, კარვების ქალაქი კი საერთოდ მიუღებელია. დროა აღმოიფხვრას ასეთი მცდელობები კანონის მიხედვით. კანონის გამკაცრება არავითარ კავშირში არ არის სიტყვის თავისუფლების აკრძალვასთან. ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი ქმედებები მიუღებელია, პიკეტირებაც არის მსვლელობაც, მაგრამ, მშვიდად, უჭირავთ ხელში ლოზუნგები და არაფერს არ არღვევენ. ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად იციან, რომ ქუჩის გადაკეტვას, არეულობას საზოგადოება მკაცრად აფასებს. რადგან, თუ ჩემ ცხოვრებას აფერხებ, ამას არავინ მოითმენს ევროპაში. ვფიქრობ, ეს კანონი იმუშავებს, თუ ხელისუფლების მხრიდან კანონის აღსრულება მოხდება კორექტულად. პოლიცია კანონს ზუსტად დაიცავს,” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“უკრაინული არმია უკვე რეიდს ახორციელებს ყირიმში და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე” - რა ცვლილებებია ფრონტის ხაზზე

“უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ: “იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის”, - იტყობინება დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. მთავარი დაზვერვის დირექტორატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიცურავენ უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები სკუტერებითა და ნავებით ნაპირისკენ, ეშვებიან ხმელეთზე და უფრო ღრმად შედიან ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. შემდეგ ჩნდება სამი სამხედრო, რომლებსაც უჭირავთ უკრაინის დროშა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ემბლემით. ისინი აცხადებენ, რომ ყირიმში მორიგი შეტევა წამოიწყეს და ნახევარკუნძული ან “უკრაინული იქნება, ან გაუკაცრიელებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკრაინული არმია უკვე რეიდს ახორციელებს ყირიმში და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე” - რა ცვლილებებია ფრონტის ხაზზე.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღკვეთეს უკრაინის მხრიდან “ტერაქტების განხორციელების მცდელობები” მათ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. რა ობიექტები იგულისხმება, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ ბელგოროდის, ბრაიანკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში გაანადგურა 31 უკრაინული დრონი. გარდა ამისა, თავდაცვა ამბობს, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში “აღკვეთეს” ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფის მიერ “შეღწევის მცდელობა”. რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით დაჯგუფება მიემართებოდა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით. უკრაინის აღმოსავლეთ ჯარების ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ილია ევლაშმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ბახმუტის სამხრეთით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელები წარმატებებს აღწევენ და მიღწეულ საზღვრებში არიან გამყარებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბახმუტის სამხრეთით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციას, ზოგიერთ რაიონში გვაქვს წარმატებები და ვაგრძელებთ კონსოლიდაციას მიღწეულ საზღვრებზე. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები კლიშჩიივკასა და ანდრიივკას მიდამოებში, მაგრამ უშედეგოდ”, - განაცხადა იევლაშმა. გარდა ამისა მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით ვითარება სტაბილურად დაძაბულია, თუმცა კონტროლის ქვეშაა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ ახლა უკრაინა ცდილობს შეტევის შედეგად ოკუპანტებზე მაღალი ინტენსივობა შეინარჩუნონ და ტემპი არ დავარდეს. ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა უკრაინელებს, სადაც ხელშესახები წარმატება აქვთ, ძირითადად ეს სამი ადგილია. ერთი ეს არის დონეცკის ოლქი, ქალაქი ბახმუტი, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლეს და პლაცდარმს თავად ქალაქ ბახმუტის გასათავისუფლებლად ამზადებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“კი ბატონო, ბახმუტის დიდი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ ამ ქალაქმა ომში სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და მისი დაბრუნება რუსებს გატეხავს. რუსეთმა მრავალეშელონიანი თავდაცვა კი მოაწყო, მაგრამ მას სჭირდება ხალხი, რათა ეს ზღუდეები დაიცვას. ეს ხალხი რუსებს პირველი ზღუდისთვის ჰყავდა, მაგრამ, ახლა უკვე მეორე და მესამე ზღუდის გასაძლიერებლად ემზადებიან. თავდაცვა კი მოწყობილია, მაგრამ ის დანაღმული ველები და სანგრები უკრაინელებს მხოლოდ ვერ გააჩერებს. საჭიროა ხალხი, რომლებიც იქ იბრძოლებენ. ეს დანაკლისი აქვთ ახლა რუსებს. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს, კუპიანსკის მიმართულებაზე გარკვეული ზეწოლაა უკრაინელების მხარეზე, მაგრამ ისინი რუსებს წარმატებით იგერიებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ორი მიმართულება სადაც ახლა უკრაინას წარმატება აქვს, ეს არის ზაპროჟიეს აღმოსავლეთით და დონეცკის ოლქის უკიდურესი დასავლეთით. ამ მიმართულების აღებით უკრაინელები შეძლებენ უკვე მარიუპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გავიდნენ და ყირიმის სახმელეთო კორიდორი გადაჭრან. რაც უფრო ახლოს მივლენ კორიდორთან, მითუფრო ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოაქცევენ. რაც შეეხება უკრაინელების ყველაზე წარმატებულ წინსვლას, ეს არის ზაპროჟიეს დასავლეთ ოლქი, სადაც რობოტინო უკვე გაათავისუფლეს და ვერბოვოს მიმართულებით მიდიან. ჩვენ ვხედავთ უკვე რომ უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმები რეიდს ახორციელებენ, როგორც ყირმის, ასევე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე. ეს არის რუსებისთვის ყველაზე სუსტი წერტილი, თუკი უკრაინელები მდინარის მეორე სანაპიროზე გადმოვლენ“, - მიიჩნევს ბერიძე.

“რაც შეეხება ყირიმზე შეტევებს, ბერიძე აცხადებს, რომ ამას აქვს როგორც პრაქტიკული ასეევე სიმბოლური დატვირთვა. პრაქტიკულად პოლკოვნიკი ამბობს, რომ მტრის ბანაკების განადგურება მნიშვნელოვანია, ხოლო სიმბოლურად არსად არ შეიძლება საოკუპაციო ძალები თავს მშვიდად გრძნობდნენ და ოპერირებდნენ. მისივე თქმით, ახლა უკარინას ძალიან სჭირდება თავისი მარცვლეულის და სხვა პროდუქტის საზღვაო ექსპორტი. ამიტომ სერიოზული კამპანია მიდის, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის დეგრადირება და განადგურება მოხდეს”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო