ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს, მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე - Sommet De L’elevage, ქართულ სტენდთან უმასპინძლა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას. ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და მოცემულ ეტაპზე, მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. საქართველოს მიერ სათანადო ნაბიჯები გადაიდგა იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსისთვის მნიშვნელოვანია ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენომის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს და ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს მიესალმება.

„ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას განსაზღვრავს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა.

მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო