დავით უსუფაშვილის განცხადებით, სწორია, რომ პარლამენტში ტრიბუნიდან მიმართვა იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრის პრეროგატივა

თუ პარლამენტში, ჩვენთან, ზუსტად იქნება დადგენილი და გამოყოფილი ასეთი ადგილები და ტრიბუნები, საიდან მოსაუბრე ადამიანიც ისევე ავტომატურად აღიქმება პარლამენტის წევრად, როგორც პლენარულ სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან გამოსული, მე მგონი, ეს იქნება სწორი. ამიტომ, თუ თქვენი რეგულაცია, ბატონო შალვა, ასე იქნება მკაფიოდ და კონკრეტულად ფორმულირებულიც და განმარტებულიც, პირადად მე, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იმ რეგულაციაზე მსჯელობდნენ, რომელიც ბრიფინგების ჩატარების წესს და პარლამენტის შენობაში არაუფლებამოსილი პირების მიერ საპარლამენტო ატრიბუტიკის გამოყენებას ეხება.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტში არის ისეთი ადგილები, რომლებიც პარლამენტის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

მისივე თქმით, მსოფლიოს უმეტეს პარლამენტში, საბრიფინგო ადგილები სპეციალურად აღჭურვილი და გამოყოფილია პარლამენტის წევრების სარგებლობისთვის და თუ ასე იქნება საქართველოს პარლამენტშიც, ეს სწორი იქნება.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის ფოიეში მდგარ ტრიბუნაზე, იქიდან პარლამენტის წევრი ჟურნალისტებს თუ საზოგადოებას მიმართავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრის გვერდით არ შეიძლება იდგეს მისი თანაშემწე, ფრაქციის წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც იქვე სჭირდება მას, შესაძლოა კითხვაზე პასუხისთვის. მაგრამ რაც შეეხება იმ ტრიბუნიდან მიმართვას, ეს მგონია სწორია, რომ იყოს პარლამენტის წევრის პრეროგატივა და ყველა სხვა დანარჩენ ჩვენს თანამშრომელს და მხარდამჭერს საშუალება მივცეთ და სხვაგანაც შევქმნათ ასეთი სივრცეები, ადგილები, როგორც აქ არის, რათა იქიდან ჰქონდეთ კომუნიკაცია, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა