განახლებული მე-18 ბიბლიოთეკა მკითხველს დღეიდან უმასპინძლებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკის ახლადრეაბილიტირებული შენობა გაერთიანების ხელმძღვანელთან, ნინია მაჭარაშვილთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს დედაქალაქში კიდევ 7 ბიბლიოთეკა განახლდება.

„ზოგადად, ქალაქში ბიბლიოთეკების მიმართულებით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა და ბიბლიოთეკების განახლების პროექტი დავიწყეთ. მომავალი წლის ბოლოსთვის კიდევ შვიდი გარემონტებული, განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა შეემატება დედაქალაქს. რამდენიმე თვეში დიღმის მასივში, რობაქიძის პროსპექტზე მდებარე ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ხედავთ, როგორი გარემოა შექმნილი, იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა ისარგებლოს. მთლიანად განახლდა წიგნადი ფონდი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა ბიბლიოთეკა იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული ბიბლიოთეკა ასევე დაათვალიერეს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესო კალაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ და დედაქალაქის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ.

„ბიბლიოთეკის შენობა კაპიტალურად შეკეთდა, შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ფონდებს დაემატა უახლესი წიგნები, ასევე გადახალისდა ჟურნალ-გაზეთების განყოფილება. ფილიალს თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცე დაემატა, სადაც განთავსებულია სტაციონარული კომპიუტერები, ასევე, ცალკეა სივრცე პირადი ლეპტოპებით მოსარგებლეთათვის.

ბიბლიოთეკა სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. 16 ოქტომბრიდან აქ უკვე დაგეგმილია კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, რომელიც განკუთვნილია 10-12 წლის მოზარდებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც წაკითხულზე მსჯელობის, ისე მხატვრული წერის სპეციფიკას. ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო