ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია პრეზიდენტის მხარე, ერთი და იმავე კითხვას ათჯერ უსვამენ, თან უმარტივესს და პასუხს არ სცემენ, ვერ სცემენ - როდესაც ადვოკატი არ ხარ და ასეთ პროცესში შედიხარ, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება დააყენო ასეთი დარტყმის ქვეშ საკუთარი რეპუტაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების განსახილველ სხდომაზე შესვენების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები კითხვებს პასუხს ვერ სცემენ და „ამით თავიდან ბოლომდე ინგრევა მათი ე.წ. არგუმენტაცია“.
„საზოგადოება ამას უყურებს და ჩემი დამატებითი კომენტარიც არ არის საჭირო. ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია პრეზიდენტის მხარე - მათ უსვამენ ერთი და იგივე კითხვას ათჯერ, თან უმარტივესია და პასუხს არ სცემენ, ვერ სცემენ. კითხვა ეხებოდა რას - ქართულ ენაზეა საუბარი, იურისპრუდენციაც არაა: არის თუ არა ერთი და იგივე -წარმოადგენს და ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კითხვას პასუხს ვერ სცემენ. იმედია, არ სცემენ. მაგრამ ვერ სცემენ -არ სცემენ, ერთი და იგივეა. ამით თავიდან ბოლომდე ინგრევა მათი ე.წ. არგუმენტაცია. იგივე ვითარება იყო იმ საკითხზე - რა არის სტატუსი და რა უფლებამოსილება. ვერც ამ კითხვას სცემენ პასუხს, რადგან რეალურად არავითარი საყრდენი არ აქვს. მარტო მათი ბრალი კი არაა. მათი ბრალი ისაა, რომ თავის თავზე აიღეს პრეზიდენტის დაცვა იქ, სადაც მან უხეშად, პირდაპირ, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ზოგადად, ადვოკატი რომ იყოს ადამიანი, ჩვეულებრივი ამბავია, რადგან როდესაც ადამიანი არის ადვოკატი, იცის, რომ ვიღაცას კაცი ჰყავს მოკლული, მაგრამ უნდა ამტკიცოს სხვა რამე - რომ ან არ მოუკლავს, ან კი მოკლა, მაგრამ სხვა მოტივი ჰქონდა. ადვოკატი როცა ხარ, ეს არის გასაგები. მაგრამ, როდესაც შენს თავმოყვარეობას დებ სასწორზე (ვგულისხმობ ადამიანებს, რომელთაგან ზოგს პროფესორი ჰქვია) ასეთ პირობებში, როდესაც ადვოკატი არ ხარ და ასეთ პროცესში შედიხარ, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება დააყენო ასეთი დარტყმის ქვეშ საკუთარი რეპუტაცია. საზოგადოება ხედავს, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ პოზიციას ეწინააღმდეგება და მინიმუმ ამიტომ იყო საჭირო პრეზიდენტის სხდომაზე აქ ყოფნა.
„რამდენჯერმე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გაცხადებულ პოზიციებს. პრეზიდენტი ამბობს ერთს - მისი წარმომადგენლები ამბობენ მეორეს. მინიმუმ ამიტომ იყო საჭირო პრეზიდენტის [აქ ყოფნა]“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.