საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორის ეკა აბაშიძის ეპიზოდზე შსს-ს 3000 ლარი დააკისრა

20 ივნისის საქმეზე დაზარალებული ერთ-ერთი ჟურნალისტის, „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორის ეკა აბაშიძის ეპიზოდზე სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, მის ინტერესებს სასამართლოში „საია“ იცავდა და ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის ოდენობით ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ შსს-ს მხოლოდ 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„იმ პერიოდში საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი ვიყავი. ამ შემთხვევაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ჩემს საქმეზე მე და “საია”, რომელიც ჩემს უფლებებს იცავდა, 25 000 ლარს ვითხოვდით (დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის).

4 წლის განმავლობაში, თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს თვეები მიჰქონდა, დაზარალებულადაც შემთხვევიდან დაახლოებით, 2 წელიწადში მაღიარეს (მადლობა ტელეკომპანია "იმედსაც" ამ კადრის გადაღებისთვის). სასამართლო პროცესი შსს-ს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, როგორც იქნა, ფინალში გავედით.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილი მაქვს, ამ “თანხის” აღებაზე უარი არ ვთქვა. ბოლო-ბოლო, იმას მაინც მივაღწიეთ, რომ “რაღაცის” აღიარება მოხდა.

ამ სიტუაციაში ახლა ღიმილისმომგვრელად ის მეჩვენება, რომ უდიდესი შანსია, ეს გადაწყვეტილება კვლავ თავად შსს-მ გაასაჩივროს ისევ აღსრულების გაწელვისთვის. ახსნა-განმარტების დროს სასამართლოზე ვთქვი და აქაც ვიტყვი, ბევრჯერ მიფიქრია, რომ კიდევ გადავრჩი და მერე დამიფიქსირებია, რომ ეს პარადოქსია. არა, არ "გადავრჩენილვარ", უბრალოდ, სხვებთან შედარებით ასე გამოიყურება.

დაზარალებული ჟურნალისტების, ისევე, როგორც მოქალაქეების საქმეზე კვლავ ველით გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოდან“, - აცხადებს აბაშიძე.

ცნობისთვის, 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას მასმედიის არაერთი ჟურნალისტი დაზარალდა. მათი საქმეების წარმოება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო