საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს
მათივე ცნობით, მემორანდუმს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.
„გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები უწყებაში სასწავლო პრაქტიკას გაივლიან, რაც მათ ცოდნის გაღრმავებაში და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებთან მსგავსი სახის თანამშრომლობა. მისი თქმით, ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას „საქსტატის“ საქმიანობაში, ხოლო მეორეს მხრივ, უწყებას საშუალება ეძლევა გამორჩეულ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივა შეუქმნას.
მემორანდუმის მიზანია მხარეების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყოს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ - ჩვევების გამომუშავებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.