დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) წევრი, პირველად მასპინძლობს ასოციაციის ფარგლებში ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონულ კონფერენციას, რომელიც თბილისში, 5-6 ოქტომბერს იმართება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენცია გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული სემინარის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა. მისი თქმით, ეს იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობის აქტიური წევრია.

„დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, როგორც ზედამხედველი ორგანოს მნიშვნელობასა და მის ფუნქცია-მოვალეობებზე.

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დამდგენ ორგანოს, რომელშიც გაწევრიანებულია 158 ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველი და რეგულატორი და რომლის სტანდარტებთან ეტაპობრივად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემა და კანონმდებლობა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობს 20 ქვეყნის 37 წარმომადგენელი, მათ შორის: ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის 10 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყების წარმომადგენელი (ალბანეთის, სომხეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის რესპუბლიკები, უკრაინა და მონტენეგრო); ასოციაციის წევრობის ფარგლებში, რეგიონის მიღმა, 7 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყებების წარმომადგენელი (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, იორდანიის ჰაშემიტური სამეფო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მალაიზია და ტაილანდის სამეფო); ასევე ინდუსტრიისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მოწვეული სტუმრები (ავსტრიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთის რესპუბლიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია).

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრება დაზღვევის ზედამხედველი უწყების ხელმძღვანელი 7 პირი და დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი. კონფერენციის მთავარი მიზანია, რეგიონის წევრებს და მონაწილე ქვეყნებს შორის მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG - Environmental, social, and governance) საკითხებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების მიმოხილვა; განხილული იქნება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა გადახდისუნარიანობა 2-ს სტანდარტის (SOLVENCY II) დანერგვის თავისებურებები; ასევე სექტორში დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები; დაზღვევის დისტრიბუციასთან დაკავშირებული ევროდირექტივის (IDD Directive) და მისი დანერგვის სტრატეგიის განხილვა და სხვა პრიორიტეტები რეგიონულ ჭრილში.

რეგიონული კომიტეტის ფარგლებში ჩატარებული ყოველწლიური შეხვედრები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება და მიზნად ისახავს რეგიონულ ფარგლებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაზიარებას მის წევრებს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება