მსოფლიო ბანკი - ეკონომიკური საქმიანობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უმჯობესდება, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებულ დონეს ჩამორჩება

მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წელს აიწია და 2.4%-მდე დაკორექტირდა.

მათივე ცნობით, ზრდის დაჩქარება გაუმჯობესებულ პროგნოზებს ასახავს ომით დაზარალებული უკრაინისთვის და ცენტრალური აზიისთვის, ისევე, როგორც სამომხმარებლო მოთხოვნის მდგრადობას თურქეთში და მოსალოდნელზე უკეთეს ზრდას რუსეთში მთავრობის სამხედრო ხარჯებისა და სოციალური ტრანსფერების მატების გამო.

რუსეთისა და უკრაინის გამოკლებით, 2023 წელს რეგიონში პროდუქციის გამოშვება სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებულ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება. მთლიანობაში, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ნახევარში, სავარაუდოდ, ზრდა შენელდება ან უმნიშვნელო ცვლილება იქნება.

2024-25 წლების განმავლობაში, მოსალოდნელია 2.6%-იანი საშუალო წლიური ზრდა რეგიონის უდიდესი სავაჭრო პარტნიორის - ევროკავშირში სუსტი ზრდის, მაღალი ინფლაციის, გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეფექტის ფონზე.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ურთიერთგადამფარავი შოკები, ინფლაცია და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები უზარმაზარ გამოწვევებს ქმნის რეგიონში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.

მისივე თქმით, „აუცილებელი იქნება ახალი მიდგომა ქვეყნებისთვის პროდუქტიულობის ზრდის აღსადგენად, უკეთესი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად, მედეგობის ასამაღლებლად და ეკონომიკის დეკარბონიზაციის ძალისხმევის დასაჩქარებლად“.

ეკონომიკური ზრდის გაუარესების რისკებმა შეიძლება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის პერსპექტივა დაჩრდილოს. მაღალი ინფლაცია შესაძლოა მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მომატებული ცვალებადობისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის გამო შენარჩუნდეს. გლობალური ფინანსური ბაზრები გამკაცრებულ ფინანსურ პირობებში, შეიძლება გაცილებით არასტაბილური და შეზღუდული გახდეს. გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020-2024 წლებისთვის შედარებით სუსტია, ვიდრე ნებისმიერი ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში 1990 წლის შემდეგ და შესაძლოა კიდევ უფრო შესუსტდეს.

„ფისკალური დეფიციტი წელს, ზოგადად, უცვლელია მთავრობების ადრინდელი გეგმების მიუხედავად, დანერგონ ფისკალური კონსოლიდაცია COVID-ისა და ინფლაციის კრიზისის გამო ხარჯების ფართომასშტაბიანი ზრდის შემდეგ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯები, საპროცენტო გადახდების მატება, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისთვის და მის მიმართ ადაპტაციისთვის საჭირო ინვესტიციები და სხვა ურთიერთგადამფარავი კრიზისების მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტებზე ზეწოლის შენარჩუნებას იწვევს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

უკრაინის ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, წელს 29.1%-იანი ვარდნის შემდეგ 3.5% იქნება, რაც 2022 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა, ძირითადად სტაბილური ელექტრომომარაგების, გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების, დონორთა მიმდინარე დახმარების, უკეთესი მოსავლისა და ქვეყნის დასავლეთ საზღვრებიდან ზოგიერთი საქონლის ექსპორტის მიმართულების შეცვლის ხარჯზე.

წელს თურქეთში მოსალოდნელია 4.2%-იანი ზრდა, რაც პოლიტიკის თვალსაზრისით შემცირებულ გაურკვევლობას და მდგრად სამომხმარებლო მოთხოვნას ასახავს. თუმცა, ზრდა 2024-2025 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 3.5%-ამდე შენელდება, რამდენადაც ადგილობრივი მოთხოვნა იკლებს მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ეტაპობრივი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე. რუსეთში მზარდი სახელმწიფო და მდგრადი სამომხმარებლო ხარჯები 2023 წლის პროგნოზის მიხედვით, შედეგად 1.6%-იან ზრდას გამოიწვევს, რომელიც 2024 წელს 1.3%-ამდე, ხოლო 2025 წელს 0.9%-ამდე შესუსტდება საწარმოო სიმძლავრეების შეზღუდვისა და სამომხმარებლო მოთხოვნის კლების გამო.

ცენტრალურ აზიაში წელს ეკონომიკური ზრდის გაძლიერება 4.8%-მდეა მოსალოდნელი და 2024-2025 წლებში საშუალოდ 4.7%-ამდე ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის დაშვების პირობებში.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში წელს, სავარაუდოდ, 2.5%-ამდე შემცირდება, 2024-2025 წლებში 3.3%-ამდე პროგნოზირებული მატებით, რაც ინფლაციის წნეხის ზომიერ დონემდე შერბილებას, ექსპორტის თანდათანობით აღდგენასა და დონორთა მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მზარდ სახელმწიფო ხარჯებს ასახავს. 2023 წელს სამომხმარებლო ხარჯები სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა ალბანეთში, კოსოვოსა და მონტენეგროში, რასაც ტურიზმის აღდგენამ შეუწყო ხელი, თუმცა, შემცირდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და სერბეთში ევროკავშირიდან ექსპორტზე შესუსტებული მოთხოვნის გამო.

უფრო ინტენსიური ვაჭრობა და ასევე ფულადი სახსრებისა და ადამიანების ფართო შემოდინება, კვლავაც განაგრძობს ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთი, საქართველო და ტაჯიკეთი ზედიზედ უკვე მეორე წელია ინარჩუნებენ წამყვან ადგილს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მიხედვით“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო