გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ხოლო კონკურსის ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა, რომელსაც საპატიო პრიზი პირადად მინისტრმა გადასცა.

„თავდაპირველად, მსურს, ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს დიდი პატივისცემით მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს გამოვავლენთ.

მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებ ახალ ინიციატივებზე მუშაობას ჩემს გუნდთან ერთად.

მოხარული ვარ, რომ გლობალური კამპანიის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიების გამართვა. მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას ჩვენს გმირ მასწავლებლებს აცნობს, მათ შრომას და იმ უდიდეს წვლილს, რაც პედაგოგებს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეაქვთ.

მადლობა მინდა, გადავუხადო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანსა თუ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს მონაწილეობისთვის. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც მონაწილეობაც უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ დღეს მართლაც ღირსეულთა შორის ერთი განსაკუთრებული ადამიანი გამოვლინდება, თუმცა, მადლობას ყველა პედაგოგი იმსახურებს.

პირადად მე, არა ერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის უმთავრესია საზოგადოებაში პედაგოგების როლის მნიშვნელობის ხაზგასმა და მათი შრომის დაფასების ხელშეწყობა. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, მასწავლებლების ჯგუფებთან პერმანენტული შეხვედრები დავიწყე, რათა პედაგოგთა მოსაზრებები მოვისმინო და თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესები.

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შემუშავებაზე ზრუნვა და მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დავაწესეთ.

მინდა, გაცნობოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია -სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო მასწავლებლებს - მათ, ვინც ყოველდღიური რეჟიმით დიდი შრომის ფასად, ახალგაზრდებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე ზრუნავს, ეს დღე იქნება თქვენი, რადგან ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და თქვენს შრომაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი და ორგანიზატორია „განათლება ყველასათვის - საქართველო“.

აღნიშნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოალიციას „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო