თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში

საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, სწორედ, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში, - ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზირებაზე შესაბამისი რეაქციაც არ ჰქონია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია საკმარისი იყოს, თუ ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით საქართველოს მთავრობის რეაქციას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ის ამჟამად იმყოფება, რომ რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯის შესახებ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის მიემართა.

„ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერგეი ლავროვმა, მარგარიტა სიმონიანმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილი „მისაღები ქცევისთვის“ შეაქეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შემდეგ, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს აფხაზეთის ანექსიის შესახებ. არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია რაიმე ტიპის განცხადება. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფოს უწყებების მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ოკუპირებული ტერიტორიების განახლებულ მილიტარიზაციის საფრთხეს, რადგან დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და საქართველოს პარტნიორებზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე თავდასხმით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიაც უმოქმედო გახდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

პოლიტიკოსმა ასევე შეაფასა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მისივე თქმით, „პასიური პოზიციაა”.

„განცხადება გაავრცელა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც არაა მოწოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს რუსეთის ეს ნაბიჯი. ქართული დიპლომატიის ასეთი პასიური პოზიცია აშკარაა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, უარი თქვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების აქტიური პოლიტიკის წარმოებაზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ღარიბაშვილის სიჩუმეც ამ სახიფათო პოზიციის ნაწილია. საქართველოში მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ესაა მისი სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს საქართველოს სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს ევროპაში“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისივე განცხადებით, „საქართველო ასე დაშორებული ევროპისგან არასდროს ყოფილა“.

„ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობა არის ძალიან დაბალი - 31%, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაზე უარის თქმაა. საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს. სწორედ, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში. საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მომავლის მყარ და სტაბილურ გარანტიას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით შექმნის. ესაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაც და გარანტიაც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო