„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - გენდერული თანასწორობის საბჭოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე სუსტია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე სუსტია, მთავრობა დადგენილ ვადაში საბჭოს ანგარიშებს არ წარუდგენს და ამასთან, ანგარიშების მოსმენის შემდეგ, საბჭო რეკომენდაციებს არ გასცემს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუცილებელია, რომ დეპუტატები საბჭოს სხდომებს ესწრებოდნენ, კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებდნენ. ამასთან, ანგარიშვალდებული პირები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას და საბჭოს დროულად წარუდგენდნენ ანგარიშებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, შესრულებული კვლევა გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდეგში - საბჭო) საქმიანობას მოიცავს X მოწვევის პარლამენტში, 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში (შემდეგში - საანგარიშო პერიოდი).

კვლევის ფარგლებში შესწავლილი და შეფასებულია საბჭოს საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით: კანონმდებლობის გენდერული ანალიზი; საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა; ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით; რეაგირება გახმაურებულ ფაქტებსა და მოვლენებზე; განხილული და მიღებული განცხადებები.

კვლევა ეფუძნება პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, ასევე პარლამენტის ვებგვერდზე არსებულ მონაცემებსა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

ძირითადი მიგნებები: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეეხება. მე-9 რეკომენდაციის თანახმად, გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს. რეკომენდაციის შესასრულებლად გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. გენდერული თანასწორის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან” (სტამბოლის კონვენცია). საბჭომ მისი უფლებამოსილებები სრულფასოვნად უნდა შეასრულოს, როგორც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საზედამხედველო ფუნქციის შესრულების მიმართულებით.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით პარლამენტის საქმიანობისას შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:

პარლამენტმა გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) საკითხის ინსტიტუციონალიზაცია განახორციელა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული უნდა იყოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენა.

კვოტირების წესი გახანგრძლივდა − საარჩევნო კოდექსში ცვლილებით „გენდერული კვოტირების“ ვადა 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. კვოტირების წესის თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი 3 კანდიდატიდან 1 მაინც უნდა იყოს ქალი. იმ შემთხვევაში თუ, ქალ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა, მას პარტიული სიის მომდევნო ქალი წევრი ჩაანაცვლებს;

პარლამენტმა დაამტკიცა „გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია“ და „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია”.

გამოწვევები გენდერული თანასწორობის მიმართულებით: საბჭოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე სუსტია. მთავრობა დადგენილ ვადაში არ წარუდგენს საბჭოს ანგარიშებს. ანგარიშების მოსმენის შემდეგ, საბჭო არ გასცემს რეკომენდაციებს;

საბჭოს კოორდინაციით შემუშავებული და დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია; წევრები ხშირად არ ესწრებიან საბჭოს სხდომებს; საბჭოს სამოქმედო გეგმა დროში ეფექტურად განსახორციელებელ ამბიციურ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას;

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში აქტივობებისთვის გათვალისწინებული ინდიკატორები და შესრულების ვადები ზოგადი ხასიათისაა; საბჭო დროულად და ეფექტურად არ ახორციელებს მის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;

საბჭოს არ აქვს შექმნილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რაც საბჭოს საქმიანობაში ექსპერტების ინტენსიურ ჩართულობას უზრუნველყოფდა; საბჭოს საქმიანობის პროცესში კვლავ არასაკმარისია ადამიანური რესურსი.

კანონშემოქმედებითი პროცესი: უნდა გაგრძელდეს განხილვა და მხარდაჭერილი იყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, დაინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის, არასრულწლოვანების მიმართ სქესობრივი დანაშაულების შესახებ ცვლილებები; აუცილებელია, რომ სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდეს სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების დეფინიცია;

მნიშვნელოვანია, დროულად შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდს სპეციალური ნორმით დაარეგულირებს;

მნიშვნელოვან ინიციატივებზე კომიტეტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი;

ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად უნდა ხორციელდებოდეს.

რეკომენდაციები საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით: საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, დაიბაროს უფლებამოსილი პირები სხდომებზე, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება;

დეპუტატები საბჭოს სხდომებს უნდა ესწრებოდნენ და კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს უნდა ახორციელებდნენ;

ანგარიშვალდებული პირები პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას და საბჭოს დროულად წარუდგენდნენ ანგარიშებს;

საბჭო ეფექტურად და პერიოდულად უნდა აკონტროლებდეს თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას;

რეკომენდაციები:

გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით უნდა განისაზღვროს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა მონაწილეობდეს საბჭოს სხდომებში, წარუდგენდეს მას წინადადებებს/რეკომენდაციებს და ეხმარებოდეს უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაში;

საბჭოს განცხადებები უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე; მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსით გაძლიერება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება და კომიტეტებთან ერთად, კანონპროექტების გენდერული ანალიზის შემუშავების პროცესში ჩართვა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო