ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა - გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება!

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია - რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რომ აღნიშნული მოვლენები „მეორე ფრონტის“ გადმოტანის მცდელობაა, კობახიძე ამბობს, რომ „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში „მეორე ფრონტი“ არ დაუშვას და ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება“.

„ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ასევე, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც და აქედან გამომდინარე გვაქვს საკუთარი დასკვნები, თუ ვის სურს საქართველოში „მეორე ფრონტი“. აქედან გამომდინარე გვქონდა საუბარი „გლობალურ ომის პარტიაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე. თვითონ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯია“, რომ როცა მოესურვება, შემოვა. [რუსეთი]. რატომ არ შემოდის რუსეთი? უნდა და ვერ შემოდის? თუ როგორ არის? ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი. თუ უნდა, მაშინ რას აკეთებს?“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 11 წლის განმავლობაში უმწვავესი, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება მოახერხა და მშვიდობას მე-12 წელსაც შეინარჩუნებს.

"გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი პოლიტიკით“ მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამდე და ათას უბედურამდე. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ. პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. კეთილი ინებონ და გვაცადონ“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ომი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდეს, კობახიძე ამბობს, რომ საკითხი უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება და დეტალებში არ შევა.

„მე შეგნებულად არ შევდივარ დეტალებში, ეს საკითხი უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება. გაქვთ გამოცდილება და ნდობაც უნდა გქონდეთ ხელისუფლების, რადგან 11 წლის განმავლობაში უმწვავესი, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო