ირაკლი კობახიძე - მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! - რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! - რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა.

„მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს“,- აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო სექტორი აპირებს, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიმართავს, მათი პოზიციები სუსტი იქნება.

„ბევრი რამ იყო შესწავლილი და ამის საფუძველზე შევიმუშავეთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდეა თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ მათი პოზიციები უსუსტესი იქნება. ჩვენ რაც შევიმუშავეთ, შევიმუშავეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. რაც შეეხება ამ კანონის ამოქმედებას, ბუნებრივია ვეტოსთან არის დაკავშირებული. კანონი ვერ ამოქმედდება, ძალაში ვერ შევა იქამდე, ვიდრე ხელი არ მოეწერება პრეზიდენტის მხრიდან. თუ ხელს არ მოაწერს, ბრუნდება უკან. დაახლოებით 2 კვირა შეუძლია გაწელოს პრეზიდენტმა ეს პროცედურა. თუ 2 კვირა არ მოაწერს უკან ბრუნდება და 1 თვეში შეეძლება პარლამენტს ვეტოს დაძლევა“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო