„ლიკანის რეზიდენცია“ - ინფორმაცია, თითქოს რომანოვების სასახლიდან ნივთების ნაწილი მოპარულია სრული სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ლიკანის რეზიდენცია“ რამდენიმე მედიასაშუალებაში „რომანოვების სასახლის“ შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფორმაცია, თითქოს სასახლეში არსებული ნივთების ნაწილი მოპარულია და სასახლე ნადგურდება, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

„ვეხმაურებით „რომანოვების სასახლისა“ და ლიკანის ისტორიულ კომპლექსთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ უპასუხისმგებლო და მცდარ განცხადებებს. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. 2016 წელს ლიკანის ისტორიული პარკის ტერიტორიის ნაწილი და მასზე განთავსებული ნაგებობები, მათ შორის - „რომანოვების სასახლე“, 25 წლის ვადით სსიპ - „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან“ გადაეცა სს „საპარტნიორო ფონდს“. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან სასახლე გადაკეთდა საპრეზიდენტო რეზიდენციად და ჩატარდა არა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არამედ ე.წ. ევრორემონტი (დამონტაჟდა ჯაკუზები, მოეწყო თანამედროვე ტიპის საძინებლები და ა.შ), რომლის პროცესშიც მოხდა ამ მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის არქიტექტურაში უხეში ჩარევა. ამ ყოველივემ კი, ძირეულად დააზიანა როგორც შენობის ფასადი, ისე მისი ინტერიერი. შედეგად, ისტორიული კომპლექსი იქცა იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი სტუმრების საყოფაცხოვრებო სივრცედ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ფონდმა ის ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა. ამიტომაც გადმოცემის პირველივე დღიდან მოხდა სასახლის, როგორც საყოფაცხოვრებო სივრცის დახურვა, და მყისიერად გაფორმდა ხელშეკრულება შსს სსიპ - „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ ობიექტის დაცვასთან დაკავშირებით.

ასევე, გადაცემის პირველივე დღიდან სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიწყო სტრატეგიული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში სააგენტოს ეთხოვა, მოეხდინა იმ არქიტექტურული ორგანიზაციების იდენტიფიცირება, რომელთაც ჰქონდათ ამ ტიპის ისტორიული მნიშვნელობის კომპლექსების პროექტირების დიდი გამოცდილება. ერთობლივი კონსულტაციებისა და შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ ობიექტის დააპროექტებდა სამი საპროექტო კომპანია: სასახლე და ორანჟერეა - ა(ა)იპ „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირი“ (საქართველოს „ICOMOS“-ის კავშირი); სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკი და სასახლის მუზეოგრაფია - შპს „არქიტექტორები.ჯი2“, კომპლექსის გენგეგმა, ვიზიტორთა ცენტრი და დენდროლოგიური გეგმა - ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობა“.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, კულტურის სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ლიკანის პარკს და მასზე არსებულ ნაგებობებს მიენიჭა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი, რაც სრულად გამორიცხავს ისტორიული მნიშვნელობის პარკსა და მასში განლაგებულ შენობებში თვითნებურ და შეუთანხმებელ სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

2017 წელს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები ამ კონტრაქტორ კომპანიებთან და დაიწყო საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირების პროცესი. შედეგად უნდა მომხდარიყო რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება, აგრეთვე შეძლებისამებრ - რთული ინფრასტრუქტურული თუ კომუნიკაციური ამოცანების გადაწყვეტა, მომზადებულიყო მუზეოგრაფია მაღალი დონის სპეციალისტების მონაწილეობით. სს „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით, 2017 წლის ბოლოს დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების სამუშაო ვიზიტი სანკტ-პეტერბურგის ფედერალურ არქივში, სადაც მოძიებული და დამუშავებულ იქნა ლიკანის კომპლექსთან დაკავშირებული ისტორიული მასალა.

იდენტიფიცირებული უნიკალური დოკუმენტაცია გადაყვანილ იქნა ციფრულ ფორმატში და გამოიგზავნა საქართველოში. ამ მასალის გამოყენება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტირების მსვლელობისას, რომლის თითოეული ეტაპი თანხმდებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ კომისიასთან.

პროექტირების დასრულებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ პროექტი სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადასცა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. პროექტის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მასშტაბისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბოლოო დასკვნის მომზადებას დასჭირდა გეგმით გათვალისწინებულზე მეტი დრო და საბოლოო ექსპერტული შეფასება მომზადდა 2020 წლის მაისში.

სსიპ - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ შპს „ლიკანის რეზიდენციაზე“ გაცემულია სანებართვო მოწმობები ლიკანის პარკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების, პარკის ორანჟერეის და სასახლეში დაცული კოლექციის (მოძრავი ძეგლები) რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე.

აღსანიშნავია, რომ არსებული შეთანხმებების ფორმატში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწარმოებს ძეგლის მდგომარეობის და ასევე სასახლის სივრცეში დაცული კოლექციის (მოძრავი ძეგლი) მონიტორინგს. ჩატარებულია თითოეული ნივთის დეტალური ინვენტარიზაცია.

სს „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო განეხორციელებინა პროექტი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით უმაღლესი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციების სრულფასოვანი მონაწილეობა, პროექტირების დასრულებისთანავე შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში უწყების ჩართულობის თაობაზე. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (მგფ) თხოვნით, შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ მგფ-ს მიაწოდა იმ დროისთვის არსებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა. ამ ეტაპამდე ფონდს არ მიუღია დავალება პროექტის განხორციელების თაობაზე, დღემდე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამინისტროებთან, რათა დროულად გადაწყდეს საკითხი და მომზადებული პროექტის მიხედვით დაიწყოს ლიკანის ისტორიული კომპლექსისა და პარკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუ რომელი უწყება განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

ამჟამად შპს „ლიკანის რეზიდენცია“ დაკავებულია კომპლექსის მოვლა-პატრონობით, ობიექტს კვლავ იცავს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ის დახურულია ვიზიტორებისა და გარეშე პირებისთვის, რათა არ დაზიანდეს ძეგლის გარე ფასადი და სასახლეში დაცული ნივთები (მოძრავი ძეგლები)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024