სამოქალაქო არეულობის შესაძლო გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის თანამშრომლის ანა წურწუმია-ზურაბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

სამოქალაქო არეულობის შესაძლო გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის თანამშრომლის ანა წურწუმია-ზურაბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა განაცხადა, ის გამოკითხვაზე ტრენინგებთან დაკავშირებით დაიბარებს, რომელიც, მისი თქმით, „არის სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივისტებისთვის არაძალადობრივი კამპანიების შესახებ“.

„დამიბარეს გამოკითხვაზე ტრენინგებთან დაკავშირებით. მოვედი რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. USAID-მა, ამერიკის საელჩომ და “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა” გაავრცელეს განცხადებები, სადაც მოცემულია ორგანიზაციული პოზიციები. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენი, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის საქმიანობა ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა. მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას“,- განაცხადა ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა და "მტკიცებულებების ნაწილი" გაასაჯაროვა. სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს. სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით