„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი დახურულ ფორმატში შეხვედრას მართავს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი სასტუმრო “ბილტმორში” შეხვედრას მართავს.

აღნიშნულ შეხვედრას ძირითადად ესწრებიან პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან, ასევე პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, მირტად ქამადაძე, გიორგი კირთაძე, მურთაზ ზოდელავა და თავად, ნიკა მელია.

შეხვედრაზე არ მისულა პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეკრებაზე იმსჯელებენ, როგორ გაგრძელდება სამომავლო ბრძოლის პოლიტიკური გზა, ეს რა ფორმატშია შესაძლებელი - ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში”, თუ ახალი პლატფორმიდან.

„ეს არის პირველი შეხვედრა, ამ მასშტაბის, მას შემდეგ რაც პარტიაში მოხდა. შესაბამისად, ცალკეული ადამიანების პოზიცია ისედაც ცნობილია. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, ვინ, როგორ ფიქრობს ბრძოლის გაგრძელებას იმიტომ, რომ წინ ურთულესი გზა გველოდება. შესაბამისად, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ ისევ ამ ადამიანების მეშვეობით, რადგანაც ეს ის ხალხია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში წინა ხაზზე იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს ახალი მენეჯმენტის მხრიდან, მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ჩათვლიან, რომ აქ მოვიდნენ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ესაუბრონ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში არიან. ეს ის ხალხია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში წინა ხაზზე იყო. კარგი იქნება [მოვიდნენ]. თუმცა, გადაწყვეტილება მათი მისაღებია. კომუნიკაცია მე არ მქონია, ვთქვი, რომ კარი არის ღია. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ემსახურება იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ხვალინდელი ბრძოლის გაგრძელება ვისთან ერთად, რა ფორმატშია შესაძლებელი, ეს ისევ იმ პარტიაში, თუ ახალი პლატფორმიდან, ყველა საკითხი იქნება განხილული. ამას ემსახურება შეხვედრა, ეს იქნება ცოცხალი ინტერაქცია. აქ არ არის დაგეგმილი რაღაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ამ საზოგადოებას დავახვედრებთ იმიტომ, რომ ელემენტარულად გვაქვს ჩვენ პატივისცემა ამ ხალხის, ჯერ ვისმენთ აზრს და მერე გამოგვაქვს დასკვნა. შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული”, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

დღევანდელ შეკრებას ესწრება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილო წევრი, ხატია დეკანოიძეც.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს