საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია „ინდორამას" დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს - შრი პრაკაშ ლოჰიას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ინდორამას" შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი იმ გეგმებს შეეხო, რომლებიც „ინდორამას" რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმოსთან დაკავშირებით აქვს. კომპანიამ „რუსთავის აზოტში" 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. „ინდორამას" რუსთავის ქარხნის მოდერნიზების გრძელვადიანი გეგმა აქვს. აღინიშნა, რომ კომპანია ახალი საწარმოო ხაზების დამატებაზე მუშაობს.
„ასევე განიხილეს ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრმა შრი პრაკაშ ლოჰიას საქართველოს მთავრობის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.
ქიმიური წარმოების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას 160 ქარხანა აქვს 38 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 45 000-ზე მეტი ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კორპორაცია „ინდორამას" ვიცე-თავმჯდომარე - ამიტ ლოჰია; კორპორაცია „ინდორამას" დირექტორი - პრაკაშ კეჯრივალი; „ინდორამა კოკანდის სასუქები და ქიმიკატების" (უზბეკეთი) ევრაზიის აღმასრულებელი დირექტორი - რაჰულ სინგი; „ექსელუს ჰოლდინგსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ეფრემ ურუმაშვილი; „რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორი - ლევან ბურდილაძე; „რუსთავის აზოტის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ და ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.