ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი, ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მან ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ხშირი ვიზიტების ორგანიზებას. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. მე მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის და მე ძალიან მადლიერი ვარ. ალბათ, მომდევნო ვიზიტი განხორციელდება ჩემს მიერ რამდენიმე თვეში.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ილჰამ ალიევთან, ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ილჰამ ალიევის ღვაწლი ძალიან დიდია მეგობრობის და ძმობის განმტკიცების საქმეში.
ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებზე, თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ლოჯისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ტოპ 5-ეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით, ასევე, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში. ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე, შუა კორიდორის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზებას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზებას. ამ მხრივ აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები, ასევე ჩვენც დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომლებიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
ჩვენ ასევე ძალიან მალე ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე, დასრულდება მალე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობას ახლა. ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი, ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობების განმტკიცების საქმეში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის როლს და ილჰამ ალიევს, მამის იუბილე მიულოცა. „მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ მინდა ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ილჰამ ალიევს და მთელ აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევის, მამათქვენის იუბილე“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
ცნობისთვის, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, დღეს ეწვია.