განათლების მინისტრი - იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა დირექტორების პოზიციაზე ასარჩევად კონკურსი ტარდება, სკოლების 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი

იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა დირექტორების პოზიციაზე ასარჩევად კონკურსი ტარდება, სკოლების 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვინაიდან სკოლებში ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, „სამინისტროს არავითარი სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ამა თუ იმ სკოლისთვის, ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინა“.

„წინა კვირას გამოქვეყნდა ბრძანება, რომ იმ სკოლებში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებს დირექტორების პოზიციაზე ასარჩევად კანდიდატები წარვუდგინეთ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ პროცესის რაიმე ნიშნით პოლიტიზება ან ჩირქის მოცხება. პროცესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ღიად, საჯაროდ, ტრანსპარანტულად და ინკლუზიურად მიმდინარეობს. კომისიაში როგორც სამინისტროს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები არიან. არავის, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, არავის არც ერთ კანდიდატს, არც ერთ ორგანიზაციას თუ არც ერთ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებული, სუბიექტური ან არასამართლიანია. ბუნებრივია, ყველაფერი კომისიაზე იყო დაფუძნებული, ერთი მხრივ, სერტიფიცირების პროცესი, მეორე მხრივ, მეორე ეტაპი, როდესაც გასაუბრებაზე უნდა განისაზღვროს, თუ რომელი კანდიდატი რომელ სკოლას წარედგინება. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან ისმის მსგავსი ტიპის ბრალდებები, რატომ არის თითო კანდიდატი წარდგენილი ბევრ სკოლაში. ეს სამინისტროს გადაწყვეტილება არ არის და მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც ამ კრიტიკას აჟღერებს, აბსოლუტურად არასამართლიანს და საკითხში ჩაუხედავს - იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა კონკურსი ტარდება, სკოლების 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი. შესაბამისად, ბუნებრივია, სამინისტროს არავითარი სხვა შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, სურვილის შემთხვევაში, რომ ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინათ ამა თუ იმ სკოლაში, ვინაიდან ერთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საკითხი, რომ დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ. ამიტომ, ისევ სასკოლო საზოგადოების ხელშია, რომელი კანდიდატია მათთვის მისაღები თუ მიუღებელი. ჩვენთვის კომისიის გადაწყვეტილება საინტერესო იყო, ვინაიდან ეს იყო ინკლუზიური, სამართლიანი, ღია კონკურსი. ამიტომაც მივიღეთ ის გადაწყვეტილება. სხვა დანარჩენ სკოლებში, რა თქმა უნდა, არის ორი კანდიდატიც წარდგენილი. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, სკოლის ლიდერია, ანუ დირექტორი, შესაბამისად, მათი უფლებების და როლის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. ამიტომ, აქ ვცდილობთ, შევარჩიოთ ის ძლიერი კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ, კიდევ უფრო გააძლიერონ სკოლა. ეს არის ობიექტური რეალობა, ყველა სხვა კრიტიკოსს მოვუწოდებთ, რომ ჯერ საკითხში გაერკვნენ და შემდგომ გააკეთონ განცხადებები“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა