"საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი ახალი მენეჯმენტის გეგმებზე საუბრობს და განმარტავს, როდის დაიწყება ახალი პროექტების დაფინანსება

"საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი ახალი მენეჯმენტის გეგმებზე საუბრობს და განმარტავს, როდის დაიწყება ახალი პროექტების დაფინანსება.

ამასთან, "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა რამ განაპირობა შემოსავლების და მოგების რეკორდული ზრდა.

მისი ინფორმაციით, მოგება "საქართველოს განვითარების ფონდის" პორტფელში შემავალი კომპანიების წარმატებული საქმიანობის შედეგად იყო განპირობებული.

"საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") წმინდა მოგება 2022 წელს 87 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის რისკის რეიტინგი საშუალოდან დაბალ რისკამდე გაუმჯობესდა.

„რაც შეეხება წინა პერიოდებს, მოგეხსენებათ, რომ იყო პანდემიური პერიოდი, აბსოლუტურად ყველა ბიზნესს ჰქონდა გარკვეული პრობლემები, შესაბამისად, ეს გამოიხატა მათ შედეგებში. "საქართველოს განვითარების ფონდი" თანამშრომლობს დიდი ოთხეულის ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიასთან, ნოემბრის ბოლოსთვის ველოდებით მათ მიერ ანგარიშის მომზადებას და პირდაპირ შემიძლია გითხართ, რომ წინასწარი მონაცემებით, მათ მიერ დაფიქსირებული ციფრი ძალიან ახლოს იქნება 87 მილიონ ლართან, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა “ , - აცხადებს ბუგიანიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ახალი მენეჯმენტის საინვესტიციო პოლიტიკის გეგმები და რა მიმართულებებზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი, ბუგიანიშვილი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა სამართლებრივი კუთხით.

„აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ფონდის წინა მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელიც ნაკარნახევი იყო იმ აუცილებლობით, რომ ფონდი გამხადარიყო თანამედროვე ფორმატის ფინანსური ინსტიტუტი. შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია, რომ წინა მენეჯმენტი აქტიურ კონსულტაციებში იყო საქართველოს მთავრობასთან, მოხდა პოზიციების შეჯერება და დღეისათვის გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც ფონდს შეუძლია უკვე პოზიციონირება როგორც თანამედროვე ფორმატის,საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მქონე ორგანიზაციას“, - განაცხადა ბუგიანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, პირველი საჭირო ცვლილება რაც მოხდა, არის სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი აქტივები სახელწმიფოს უკან დაუბრუნდა, რაც ფონდს აძლევს საშუალებას, რომ იყოს უფრო ეფექტური,საინვესტიციო მიმართულებით პროაქტიური ორგანიზაცია.

ამასთან ერთად, ფონდს ჰყავს სრულად დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო (წინა ფორმატის სამეთვალყურეო საბჭო აერთიანებდა 4 მინისტრს,ბორდს თავმჯდომარეობდა პრემიერ-მინისტრი, რაც თანამედროვე, მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა ეფექტურ, მმართველობით ინსტრუმენტს), რომელიც დაკომპლექტებულია არასაჯარო პირებისგან. როგორც ბუგიანიშვილი აცხადებს, ესენი არიან მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ადამიანები.

მისივე განმარტებით, დღეს დირექტორთა საბჭო აქტიურ კონსულტაციებში იმყოფება სამეთვალყურეო საბჭოსთან, მიდის მუშაობა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, იგეგმება ე.წ მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ამოცანები, შესაბამისად, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ეფექტური და მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმით წარდგენა.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც "საქართველოს განვითარების ფონდი" იმუშავებს და როდიდან დაიწყება ახალი პროექტების დაფინანსება, ბუგიანიშვილი განმარტავს,რომ განსაზღვრულია პრიორიტეტული სექტორები, რომელშიც ფონდი ისურვებს და მზადყოფნას გამოთქვას მონაწილეობა მიიღოს.

საუბარია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ინოვაციურ და ეკოლოგიურად სუფთა პროექტებზე. ამ მიმართულებებში, ასევე, მოიაზრება საექსპორტო პოტენციალის მქონე საქმიანობები. ამ მიმართულებით ფონდის მიზანი იქნება ის, რომ მოახდინოს იმ პროექტების იდენტიფიცირება, რომლებსაც შეუძლაით შეამცირონ საქართველოს იმპორტდამოკიდებულება.

„ფონდის გუნდი, რომელიც მე დამხვდა დაკომპლექტებულია საუკეთესო პროფესიონალებით. ერთობლივი კოორდინაციით ვცდილობთ, რომ ეფექტური, პრაქტიკული გეგმა განვახორციელოთ სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით“, - აცხადებს ბუგიანიშვილი.

ინფორმაციისთვის, "საპარტნიორო ფონდი" ახალი სახელწოდებით (საქართველოს განვითარების ფონდი) სტრუქტურითა და განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც ასრულებს.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ - ავთანდილ სილაგაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე (აუდიტის კომიტეტის წევრი) ვაზილ ჰუდაკი, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. მათ შორის, 2016-2019 წლებში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი.

საბჭოს წევრია (აუდიტის კომიტეტისწევრი) ნანა ადეიშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის, კერძო სექტორის განვითარების, კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო კლიმატის კვლევისა და ინოვაციური პოლიტიკის შემუშავების, ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით ევროპისა და აზიის 13 განვითარებად ქვეყანაში როგორც მენეჯერის, ისე ექსპერტისა და კონსულტანტის რანგში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით