რა გეგმები აქვს ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის, აღმზრდელების განვითარების და გამოწვევების დაძლევის მიმართულებით? - ინტერვიუ სააგენტოს ხელმძღვანელთან

2024 წელს ბაგა-ბაღების ავტორიზაცია იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ვადა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს 2030 წლამდე აქვთ, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ მას ბაგა-ბაღები 2027 წლამდე გაივლიან. რა მდგომარეობა დახვდა სააგენტოსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში, რა გამოწვევები და გეგმები აქვს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ინფრასტრუქტურისა და აღმზრდელ-პედაგოგების განვითარების მიმართულებით, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს გოგი ჩიქოვანს ესაუბრა:

- ბატონო გოგი, 6 თვეა, რაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობთ. ამ სტატუსით ეს თქვენი პირველი ინტერვიუა. რა მდგომარეობა დაგხვდათ 6 თვის წინ სააგენტოში და ზოგადად, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში და რა მდგომარეობაა ახლა?

- როგორც მოგეხსენებათ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. თბილისში, დღეს 188 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. ვემსახურებით 60 ათასამდე აღსაზრდელს და საბავშვო ბაგა-ბაღებში 12 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია: უსაფრთხოება, ბავშვის განვითარება, მხარდაჭერა. უსაფრთხოების კუთხით, რა გამოწვევებიც არსებობდა, მისი მოგვარება სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლით დავიწყეთ. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტია დანერგილი, რაც საიმედოდ იცავს საკვები პროდუქტის მომზადებისა და მიწოდების პროცესს. ძალიან მოკლე დროში, ამ პროცესში ჩვენ კოლოსალური სამუშაო განვახორციელეთ. ზაფხულის განმავლობაში, 150-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩავატარეთ სარემონტო - კეთილმოწყობის სამუშაოები სამზარეულოს ბლოკებსა და სანიტარულ ჰიგიენურ კვანძებში. გარდა ამისა, სრულად გადამზადდა პერსონალი, ბაღები სრულად აღვჭურვეთ სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. ყველა ამ ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ამ მიმართულებით, უმაღლესი სტანდარტი გვაქვს, რომელსაც აღიარებს აშშ, ევროკავშირი და ჩვენი შიდა კანონმდებლობა. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ასევე კავშირშია უსაფრთხოებასთან და სფეროს განვითარებასთან, ეს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები. ჩვენ ავარიული საბავშვო ბაღების დემონტაჟი განვახორციელეთ და მათ ნაცვლად ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 13 საბავშვო ბაღი კონკრეტული გამოწვევებით, სადაც ნაწილზე დემონტაჟი განხორციელდა და ნაწილზე შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ყველა მათგანზე დავიწყეთ. მიმდინარე წელს 4 პროექტს ვგეგმავთ, მომავალ წელს კი დამატებით 6 პროექტის მშენებლობა დაიწყება. ეს კონკრეტული გამოწვევა, რაც ავარიული ბაღების დემონტაჟსა და მათ ნაცვლად ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას უკავშირდებოდა, 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დაძლეული. ასევე, დღეს გვაქვს გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საბავშვო ბაღში თანაბარი სტანდარტი შევქმნათ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საბავშვო ბაღების განახლების პროგრამა, რაც ყველა უბანში თანამედროვე ბაღს გულისხმობს. სადაც კონკრეტული გამოწვევები გვქონდა ინფრასტრუქტურის კუთხით, ეზოები, ფასადი, შიდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, ყველა ეს პროცესი დაწყებულია. ხელმისაწვდომობის ნაწილი იყო კიდევ ერთი, რაც დამხვდა. ამ მიმართულებითაც გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენი პირობა რაც იყო, არცერთი ბავშვი, ვისაც სჭირდება და ასაკის შესაბამისად ეკუთვნის საბავშვო ბაღი, არ დარჩა ბაღის გარეშე, შესრულებულია. როცა ეს სერვისი მშობლისთვისაც ხელმისაწვდომია, ის სოციალურ-ეკონომიკურად აძლიერებს ოჯახს.

- თქვენ თქვით, რომ არცერთი 2-დან -6 წლამდე ბავშვი, ვინც მოგმართათ, არ დარჩენილა ან/და არ დარჩება ბაღს მიღმა. ხომ არ ქმნის ეს ბაღების გადატვირთულობის პრობლემას? თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, წლებია აღსაზრდელების მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ამას ბაღების რესურსი უზრუნველყოფს. წლებია, აღსაზრდელთა მშობლები ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხშირად ერთ ჯგუფში 48, 50 ბავშვიც კი ირიცხება. რატომ ფიქრობთ, რომ ბაღს შეუძლია მიიღოს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს?

- აქ არ არის საუბარი აღსაზრდელების უსასრულოდ მიღებაზე. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბავშვო ბაღები უსასრულოდ იღებენ ბავშვებს. იქ, სადაც პერსონალი და ინფრასტრუქტურა გვაძლევს შესაძლებლობას, აღსაზრდელების დამატება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსასრულოდ ხდება მიღება. აქ საუბარია მოთხოვნის თანაბრად და ეტაპობრივად გადანაწილებაზე. ამაში ვგულისხმობ, თუნდაც რეგისტრაციის წესის ცვლილებას და თუნდაც იმ ნაწილს, რაც უკვე აღვნიშნე - თანაბარი სტანდარტის შექმნა და მაღალი მოთხოვნის თანაბრად განაწილების შესაძლებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მაგალითები, როცა მშობელს აუცილებლად უნდა კონკრეტულ უბანში, მაგრამ როცა ვთავაზობთ ალტერნატივას 300-500 მეტრში, უარს ამბობენ. მიზეზების ნაწილი შეიძლება ობიექტურიც იყოს, მაგრამ ბევრი სუბიექტური ფაქტორიც მოქმედებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მშობელთან, არცერთი მიმართვა და განცხადება, რომელიც დაიწერა საბავშვო ბაღში, არ დარჩენილა უყურადღებოდ. ყველასთან შედგა შესაბამისი კომუნიკაცია. ჩვენ უნდა შევქმნათ ურთიერთობის ჯანსაღი გარემო, მშობელს, სააგენტოსა და საბავშვო ბაღს შორის. ჩვენ ვუხსნით მშობელს, რომ ყველა ბაღში არის იგივე პირობები, შიდა გარემო, კვება, პერსონალი, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული გამოწვევები და ამ მიმართულებით ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს.

- როგორია დადგენილი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის, პერსონალისა და აღსაზრდელების თანაფარდობა ბაღში?

- 1:15-ზე ანუ 15 ბავშვის შემთხვევაში, მინიმუმ ერთი თანამშრომელი, ეს შეიძლება იყოს აღმზრდელი, ან აღმზრდელის თანაშემწე. დადგენილი სტანდარტია, რომლის მიღმაც არსებობს 30%-ის დამატების შესაძლებლობა, იქ, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პერსონალი ამის საშუალებას გვაძლევს. სადაც მაღალი მომართვა იყო, პერსონალიც დავამატეთ. სადაც 30 ბავშვია, თავისუფლად შეგვიძლია ჯგუფში 40 ბავშვი მივიღოთ. მეტიც შეგვიძლია მივიღოთ, თუ იმ კონკრეტულ ბაღში ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თანაფარდობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად ამ მიმართულებით გამოწვევა არ გვაქვს. შეიძლება იყოს ცალკეული საკითხები, მაგრამ გამოწვევა გვაქვს მაღალი მომართვიანობის და ამ მომართვიანობის თანაბრად განაწილების კუთხით. ჯგუფზე, მინიმუმ, ორი თანამშრომელი უნდა იყოს, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესშია ჩართული - აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე. რაც უფრო მაღალია ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, იქ შესაძლებლობა გვაქვს დავამატოთ. დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ბავშვზე 5 მ2-ია განკუთვნილი, ასე უნდა იყოს. ამ 5 მ2-ში შედის ეზოც და ძირითადი სივრცეებიც. ყველა ჯგუფში ეს ნორმა დაცული გვაქვს. ბავშვთა რაოდენობების კუთხით იყო ცალკეული გამოწვევები და ამ კუთხით ვმუშაობთ.

- ის ოთახი, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, 48 ბავშვის ერთდროულად ყოფნა რამდენად მისაღებია?

- 48-50 ბავშვი ჩვენ ერთ სივრცეში არ გვყავს. ხარისხის სტანდარტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ ჯგუფი გაიყოს. ჯგუფის ნაწილი სხვა სივრცეში იყოს, ნაწილი სხვაში. კურიკულუმით შეიძლება დაიგეგმოს ჯგუფის აქტივობები ისე, რომ ჯგუფის ნაწილი იყოს ეზოში, მუსიკალურ დარბაზში, სპორტ დარბაზში, სასწავლო სააღმზრდელო სივრცეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 50 ბავშვი ერთ სივრცეში, 20 კვადრატში არის. თბილისში, შესაძლოა, მაქსიმუმ, 10 ბაღი იყოს, სადაც 40 -45 ბავშვი ირიცხება. სტანდარტში პირდაპირ წერია, თუ ინფრასტრუქტურა, პერსონალი და გარემო გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მართო ეს პროცესი, შეგიძლია მიიღო უფრო მეტი ბავშვიც. ეს 50 ბავშვიც არ ქმნის პრობლემას, თუმცა ბაღები, რომლის მშენებლობაც სრულდება, ამ ნაწილის ინტერპრეტაციისგანაც ყველანაირად დაგვაზღვევს. ეს კითხვის ნიშანიც მოიხსნება ამ ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ სტანდარტი თავისუფლად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ვმართოთ ეს პროცესი ისე, სტანდარტის შესაბამისი იყოს.

- ანუ ავტორიზაციის პროცესი, რომელზეც ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ, ბაგა-ბაღებში ბავშვთა ზედა ზღვრულ ოდენობას ჩაკეტავს?

- ჩაკეტვით ვერ ჩაკეტავს ავტორიზაცია. ავტორიზაცია გეუბნება, რომ შენ გაქვს ინფრასტრუქტურა, გყავს პერსონალი და ამ ინფრასტრუქტურისა და ამ პერსონალის შესაბამისად, ამ ბაღში ბავშვების კონკრეტული რაოდენობა შეგიძლია გყავდეს, თუ იქნება მოთხოვნა. დღესაც ეს სტანდარტი მოცემულია, დღესაც დადგენილია.

- რაც შეეხება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმას, რას გულისხმობს ეს რეფორმა და რა მთავარ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს საბავშვო ბაგა-ბაღები? როდის დაიწყება ავტორიზაციის პროცესი? როგორც ცნობილია, რეფორმის პირველი ეტაპი, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდა, შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2027 დაწესებულება - 1704 საჯარო და 323 კერძო დარეგისტრირდა, რა არის შემდეგი ეტაპი?

- ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველა კომპონენტს გულისხმობს: ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროგრამები, შიდა მექანიზმები, უსაფრთხოების კომპონენტები. ყველა ეს ნაწილი ავტორიზაციის სტანდარტშია გაერთიანებული. დღეს არსებობს ავტორიზაციის დროებითი სტანდარტი და კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტები, რომელსაც ავტორიზაცია ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ ავტორიზაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიწყო. პირველი ეტაპი იყო ერთიან ბაზაში ელექტრონული რეგისტრაცია. ახლა მეორე ეტაპი, საბავშვო ბაგა-ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასება მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი 1-ელ იანვრამდე დასრულდება და თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს ექნება თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც სპეციალურ პლატფორმაზე იტვირთება. 2024 წელს კი ამის საფუძველზე მოხდება კონკრეტული გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება რომელი ბაღი როდის გაივლის ავტორიზაციას. ავტორიზაციაზე პასუხისმგებელი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრია, ჩვენ მათთან თანამშრომლობით ვმართავთ აღნიშნულ პროცესს. გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენივე პერსონალიდან შეიქმნა.

- როგორი მდგომარეობაა დღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში? აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ავტორიზაციით დადგენილ სტანდარტებს? რას ელით ამ პროცესისგან? ავტორიზაციის პროცესში ხომ არ დგას რომელიმე დაწესებულება დახურვის ან/და საქმიანობის დროებით შეჩერების საფრთხის წინაშე? როგორ ემზადებიან ამ პროცესისთვის ბაგა-ბაღები?

- საიდან მოვედით აქამდე უნდა გავიხსენოთ. ჩვენ ავტორიზაციისთვის ვადა 2030 წლამდე გვაქვს, ამ დრომდე ყველა ბაღმა ავტორიზაცია უნდა დაასრულოს. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2027 წლამდე თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღი სრულად ავტორიზებული იქნება. მანამდეც შეგვიძლია გავაკეთოთ, ბევრად ადრე გვექნება სტანდარტების სრულად შესაბამისი ბაღები, მაგრამ პროცესი ასეთია, გეგმა იწერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ან ახლა არ გვაქვს ან უახლოეს პერიოდი არ გვექნება. ყველა მიმართულება რაც ჩამოვთვალე, ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროგრამები, უსაფრთხოების სტანდარტები, როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მხარდაჭერის მექანიზმები, ყველა მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები და პროგრესი გვაქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის გვექნება ნამდვილად თანამედროვე, ევროპული სტანდარტის საბავშვო ბაღები. დღეს გამოწვევა გაქვს ცალკეულ შემთხვევები ინფრასტრუქტურის ნაწილში. მიმდინარე პროცესშია ეს უკვე, რომელსაც სრულად დავძლევთ. ჩვენ პერსონალის კუთხითაც გვექნება კონკრეტული მხარდამჭერი მექანიზმები.

- 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100-ლარიანი ზრდა. ცხადია, ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვერსია და დამტკიცებამდე, შესაძლოა, დაკორექტირდეს. ამასთან, ბაღის თანამშრომელთა მხარდამჭერ მექანიზმებზე საუბრობდით, თანამშრომელთათვის, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხელფასების ზრდის მიღმა, კიდევ რა წამახალისებელი მექანიზმის დანერგვას გეგმავთ?

- დღეს აღმზრდელის ხელფასი, დარიცხული, 990 ლარს შეადგენს, აღმზრდელის თანაშემწის 825 ლარს. ხელფასების ბიუჯეტით გათვალისწინებული ზრდა ყველა თანამშრომელს შეეხება. თუმცა ჩვენ სხვა დამხმარე მექანიზმებზეც ვმუშაობთ. აღვნიშნავ, რომ არაა ეს მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კონკრეტულ ინფორმაციას მხარდამჭერ მექანიზმებთან დაკავშირებით. ანაზღაურების ნაწილს არ გულისხმობს, ბევრი სხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმი იქნება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია აღმზრდელი პედაგოგებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვექნება.

- გასულ წლებში, აღსაზრდელთა მშობლებისა სურვილი და შეიძლება ითქვას, დაკვეთაც იყო საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ -კვირის სერვისები ამოქმედებულიყო, კვირის დღეებში კი სააღმზრდელო პროცესი, საღამოს 18:00 საათის შემდეგაც გახანგრძლივებულიყო. თუ ფიქრობს სააგენტო ამ საკითხის გააქტიურებასა და მშობელთა სურვილის გაზიარებას?

- ეს საკითხი ნამდვილად იდგა დღის წესრიგში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ საკითხზე საუბარი. გარკვეული მონახაზები არსებობს, თუმცა ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით. წელს ამ საკითხზე საუბარი ნაადრევი მგონია, იმიტომ, რომ ბევრად სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხები გვაქვს, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნაწილი განიხილება. ეს საკითხი მშობლებმა დააყენეს, ვიცით, რომ მათთვის, დატვირთული რეჟიმის გამო, ან საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ამაზე დავიწყეთ მუშაობა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გვინდა შევარჩიოთ ისეთი ვერსია, რომელიც მშობელს შეუწყობს ხელს და არც ბავშვის ინტერესები უნდა დაზარალდეს. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს, არ შეიძლება ბავშვი სრულად იყოს საბავშვო ბაღში. რეკომენდაცია არსებობს, რომ ბავშვი კონკრეტულ დროს ოჯახში უნდა ატარებდეს. ოქროს შუალედი ისე უნდა მოიძებნოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შორის, სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ იქნება ცალსახად მხოლოდ მშობლების მოთხოვნაზე გამოხმაურება. იდეალურობა რთულია, მაგრამ იდეალურობისკენ მივდივართ.

- რაც შეეხება ბაღების ვიდეოკამერებით აღჭურვას, ახალ სააღმზრდელო წელს რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით?

- ყველა საბავშვო ბაღში უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმ სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, რაც დაკავშირებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან არამარტო ჯგუფებში. ახალ ბაღებში გვაქვს და არსებულ ბაღებშიც მიმდინარეობს პროცესი, რათა სამზარეულოს ბლოკებშიც გვქონდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამ სისტემების საშუალებით მშობელს შეუძლია დააკვირდეს საკვების მომზადების პროცესს. ეს მონიტორები ახლა 30-მდე ბაღის ფოიეში გვაქვს და ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ყველა ბაღში იქნება სამზარეულოს ბლოკის მონიტორი. ვიდეოკამერები გაქვს ყველგან, ძირითად სივრცეებში: გარე პერიმეტრი, შიდა პერიმეტრი, ჯგუფებში, დარბაზებში, ყველგანაა. მასზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს როგორც პერსონალს, ასევე მშობლებს მომართვის შემთხვევაში. ხაზს ვუსვამ, სამზარეულოს ბლოკებში გვაქვს კამერაც და მონიტორიც, რომლის საშუალებითაც ფოიეში მშობელს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს. ასევე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველა საბავშვო ბაღში გვყავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედის ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეცპედაგოგი, მეთოდისტი და გარდა ამისა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ჩვენ ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს, საჭიროების შესაბამისად, ვუნიშნავთ პერსონალურ ასისტენტს. დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 1700-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი და 400-მდე პერსონალური ასისტენტი გვყავს. ჩვენ ამ ბავშვების უსაფრთხოების გარდა, მათ ფუნქციურ გაუმჯობესებაზეც ვზრუნავთ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო