ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2023

საქართველოს “გადარჩენის ფორმულა” ახალ მსოფლიო რეალობაში

როგორ დალაგდება ოპოზიცია - იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები

შეძლებს თუ არა აშშ ერთდროულად ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების სრულფასოვნად გაგრძელებას

* * *

საქართველოს “გადარჩენის ფორმულა” ახალ მსოფლიო რეალობაში

“მსოფლიო ორი მასშტაბური ომის წინაშეა, რომელთა დასრულების თარიღებზე პროგნოზის გაკეთება სპეციალისტებს განსაკუთრებით უჭირთ, სულ ცოტა ხნის წინ კი კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ ერთი მძლავრი “აფეთქება” ვიხილეთ, რამაც სიტუაცია რეგიონში კარდინალურად შეცვალა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველომ “თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს”, თუმცა ეს უნდა მოხდეს დასავლურ ინსტიტუტებთან თანდათან დაახლოებით. ახალ-ახალი კონფლიქტები დროდადრო თავს იჩენს - 8 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა “ჰამასი” ისრაელს თავს დაესხა, თავდასხმას ისრაელმა მძლავრი სარაკეტო დარტყმებით უპასუხა, 9 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს, სანაპიროს ისრაელი აკონტროლებს. ამასთან, ისრაელის არმიამ ორ დღეში კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს “გადარჩენის ფორმულა” ახალ მსოფლიო რეალობაში.

“ისრაელსა და ჰამასს შორის ომში დიდი მსხვერპლია ორივე მხრიდან. ტერორისტების თავდასხმას დიდწილად მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. სამხედრო საქმის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ. ამის პარალელურად აშშ სამხედრო დახმარებას უკრაინასაც უწევს. სულ რამდენიმე დღის წინ სექტემბრის ბოლოსკენ შეწყდა ცეცხლი სომხეთ აზერბაიჯანს შორის, რა დროსაც აზერბაიჯანმა თითქმის მთლიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. რის შემდეგაც, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მამაპაპისეული საცხოვრებელი დატოვა და სომხეთში გადავიდა. თავად სომხეთშიც სიტუაცია რთულია, პერიოდულად საპროტესტო გამოსვლებია, აქციებს ორი ფრთა ატარებს, ერთნი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლას ითხოვენ, მეორენი კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას, თავად სომხეთის მთავრობას კი მოსკოვთან ურთიერთობა განსაკუთრებულად დაეძაბა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ ცხელ ფაზაშია, რუსეთი საჰაერო იერიშებს უკვე მეორე წელია არ წყვეტს და უკრაინაც საპასუხო ზომებს იღებს, რთული სიტუაციაა სახმელეთო ოპერაციების თვალსაზრისითაც და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მისი დასრულების კონტურები ჯერჯერობით არ იკვეთება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველომ, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშაა თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს ახალ მსოფლიო წყობამდე. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმების გატარებით დასავლეთის მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, მხოლოდ ასეთ შემთხვეაში შეძლებს ახალ რეალობაში თავის დამკვიდრებას”, - დასძენს გამოცემა.

“საზოგადოებაში ეს კითხვები ტრიალებს, რომ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ვითარებაში? დავითვალოთ რა ვარიანტები გვაქვს - ან სიფრხთილით თავი უნდა გაიტანო, თუ ძლიერი სახელწიფო ხარ, მაშინ ან უნდა იომო, ან ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადო. 2008 წელს ომი ხუთი დღე გაგრძელდა და ახლა გაცილებით დიდი ძალით დგანან. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში იყო მოსაზრება, რომ საერთო მტერი გვყავს. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩვენ პრინციპულად არ ვერთვებოდით და ამან შედეგი მოიტანა, რომ მხარეები საქართველოს იმ ადგილად თვლიან, სადაც შესაძლოა მშვიდობიანი დიალოგი გაიმართოს. ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტთან ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. სიახლოვე გვაქვს ებრაელებთან, თუმცა მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად არ სჭირდებათ. ისრაელში ისეთი პროცესები მიდის, რომ საქართველომ რომ რაიმე თქვას და რაიმე მხარეს ჩადგეს, ღიმილის მომგვრელი იქნება, რადგან ერთმანეთს უზარმაზარი ძალები უპირისპირდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ძალიან სახიფათო სიტუაციაში კი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ე.წ. სტიქიური უბედურებები გარშემო ხდება და ჩვენი მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს გარდა იმისა, რომ სტიქიას თავი ავარიდოთ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის სტრატეგია დაცდა-დალოდება იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წყობა, რადგან როგორც აღმოსავლური ანდაზები ამბობენ, სპილოების ომის დროს, ჭიანჭველები იმ ადგილს უნდა გაეროდნენ, ჩვენ ამ შემთხვევაში ჭიანჭველების ზომისა ვართ”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“ისეთი ტიპის მშვიდობას, რომელზეც დღეს “ოცნება” საუბრობს, ალბათ არ უნდა ვესწრაფოდეთ, რადგან ამ “მშვიდობის” პირობებში რუსეთი საქართველოს ორ ისტორიული რეგონის შემდგომ ანექსიას აგრძელებს. პუტინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა. ასევე, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ფლოტის გახსნას გეგმავს. ეს არ მოხდებოდა ანაკლიის პროექტის ფუნქციონირება რომ გაგრძელებულიყო, დასავლეთის ინტერესებში განსაკუთრებით იქნებოდა, რომ ანაკლიის ნავსადგურის უსაფრთხოება დაეცვა. სანამ ახალი მსოფლიო წყობა ჩამოყალიბდება, საქართველოს გადარჩენის ფორმულა ესაა- პირველ რიგში ჩვენ დასავლეთის მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საჭიროა, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალა, ან ძალები არსებობდეს, რომელიც საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოახდენს, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და ამისთვის საჭიროა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეს “ოცნების” პირობებში შეუძლებელია. ამით დასავლეთის ინტერესი გაიზრდება ჩვენი მისამართით. დღეს დემოკრატიული უკუსვლა გავქვს და მათგან მხარდაჭერა ნაკლებია. დემოკრატიის განვითარების შემთხვევაში, საქართველო დასავლეთისთვის საყრდენი იქნება კავკასიაში”, - განაგრძობს ჩიტაძე.

“ამასთან, ეკონომიკური თვასაზრისითაც უნდა ვიმუშაოთ და უნდა ვფიქროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო როლის ზრდაზე, საუბარია ბაქო-თილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხელშეწყობაზე, რომლის მეშვეობით ჩინეთსა და ევროპას შორის უნდა მოხდეს კავშირი, ამის შემდეგ ევროპას და დასავლეთს საქართველოს მისამართით უფრო მეტი ინტერესი ექნებათ. პლიუს ენერგეტიკული და სატრანსპორტო და ანაკლიის პეროექტები უნდა განვითარდეს. თუ საქართველოს სატრანზიტო როლი გაიზარდა და დემოკრატიულად გაძლიერდა, რუსეთს ნაკლები ბერკეტი ეიქნება, რომ საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, შეგვიძლია, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში თავი დავიმკვიდროთ”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

როგორ დალაგდება ოპოზიცია - იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები

“ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის - ანალიტიკოსთა მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში რადიკალური ცვლილებები მოხდება, თუმცა, როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, ან როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, პროგნოზის გაკეთება უჭირთ. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიციაში მწვავე კრიზისია და ვაარუდობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ორად გაიყოფა, რისი ალბათობა უკვე რეალურია. ანუ, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების თაობაზე მიიღებს. ხაბეიშვილის გუნდში კი კვლავ დაბნეულობაა, რადგან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი მენეჯმენტი პარტიის დამფინანსებელთან დავით კეზერაშვილთან კვიპროსში შესახვედრად, სავარაუდოდ, სწორედ იმ საკითხზე სასაუბროდ წავიდა, რომ ხაბეიშვილი ნიკა გვარამიათი შეიცვალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დალაგდება ოპოზიცია - იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

“გვარამიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით კი განსხვავებული ვერსიები ვრცელდება, გვარამია-მელიას ალიანსზე, ან გვარამია-ლომჯარიას შესაძლო დუეტზე. სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, გახარიას პარტია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ აპირებს. “ლელო” კი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებისთვის მზად არის, “ვინც არც “ოცნებასთანაა” ასოცირებული და არც “ნაციონალებთან”. შეძლებს თუ არა “ლელო” მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ისეთი ამომრჩევლის მოზიდვას, ვისაც არც წინა ხელისუფლება უნდა და არც მოქმედი, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ამის პოტენციალი “ლელოს” არ აქვს. მივიღებთ თუ არა განსხვავებულ პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩევნებისთვის “ოცნებაში” დარწმუნებული არ არიან, პირიქით, აცხადებენ, რომ ოპოზიციაში, კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობაში” ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს, დაყოფა და შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბიარძე არ გამორცხავს, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გადაადგილებები დაიწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობა” ალბათ უნდა გაიყოს და მელიამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან არანაირი პირობა აღარ არსებობს რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩეს, ამ ორგანიზაციაში მის ყოფნას აზრი არ აქვს. თუ დარჩება, გამოდის, რომ კაპიტულაცია გამოაცხადა. მელიას თუ უნდა შექმნას ახალი ძალა, უნდა დატოვოს პარტია. “ნაციონალური მოძრაობა” დარჩება იმ შემადგენლობით, რაც დღეს აქვს, მათ უკან იქნებიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ “ნაცმოძრაობას” სალაპარაკო რესურსიც არ აქვს, ისინი ვერ ილაპარაკებენ ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე. ერთადერთი რაც შეუძლია თქვას - “ქართული ოცნება” არის პრორუსული, თვითონ კი პროდასავლური. ამ პიარით ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერ მოიზიდავს. გვარამია-ლომჯარიას დუეტთან დაკავშირებით, არ ვფიქრობ, რომ მათ შექმნან ისეთი ძალა, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. “ოცნებამ” მოახერხა ლომჯარიას სახელი შეელახა - ის “ნაცმოძრაობის” ობმუდსმენი იყოო...”, - აცხადებს გამიცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გახარია ცალკე გამოვა, მაგრამ მესამე ძალად ვერ გადაიქცევა. თეორიული ვარიანტი შეიძლება იყოს, “ლელო” და ნიკა მელია გაერთიანდეს, თუმცა, მეეჭვება, რადგან “ლელოს” პოლიტიკური ბირთვი ძალიან ამბიციურია, ისეთი ხალხი ჰყავთ, ყველას უნდა პარლამენტის სიაში მოხვდეს. იგივე მელიასთანაც, ანუ ორივეს გენერლები მეტი ჰყავთ ვიდრე ჯარისკაცები; ამ “ოქროს სიაში” ამდენ გენერალს როგორ ჩაატევენ, არ ვიცი. კვიპროსიდან დაბრუნებულები რას მოიმოქმდებენ, ძნელი სათქმელია. საერთოდ არ ვიცი რა ხდება “ნაცმოძრაობის” შიგნით, რა დამოკიდებულებები აქვთ. მაგრამ, გადაადგილებაც რომ მოხდეს, ძალთა გადანაწილების თვალსაზრისით არაფერს შეცვლის” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე კი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს იქნება მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეობა. “ნაცმოძრაობა” “ფაჩიკოს გარმონივით” დაშლილია, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია ყველანი ერთნი არიან. ალბათ კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყება ცვლილებები, რადგან კეზერაშვილი ითხოვს პასუხს რა გააკეთეს, შეიძლება ხაბეიშვილი გვარამიათი შეცვალოს. ლომჯარია -გვარამიას დუეტი საოცრება იქნება, ვინ უნდა გაჰყვეს მათ ერთობას, საზოაგადოება, თუ სხვა პარტიები, ორივე დისკრედიტირებულია. ლომჯარია არის ნული, გვარმია შეწყალებული კაცია, არავის გაუთავისუფლებია, თუ მართალია, რატომ არ ასაჩივრებს სტრასბურგში... - ამბობს “რეზონანსთან” ედიშერ გვენეტაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

შეძლებს თუ არა აშშ ერთდროულად ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების სრულფასოვნად გაგრძელებას

“აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ - ვაშინგტონიდან ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა. ამის პარალელურად კი, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ მწვავეა, რაც სამხედრო სპეციალისტების აზრით, დამატებით სამხედრო დახმარებას საჭიროებს. შეფერხდება თუ არა აშშ-დან ისრაელ-პალესტინის ომის გამო უკაინის სამხედრო დახმარება - აღნიშნულ საკითხზე სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეიქმნას, თუმცა, შეიარაღების ის სახეობები, რომლებსაც ვაშინგტონიდან ორ ქვეყანას აწვდიან, განსხვავებულია. ამასთან, ამბობენ, რომ აშშ-ს ისრაელთან ოთხი ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების ვალდებულება აქვს, თუმცა, ამ მოცემულობით უკრაინის დახმარებაც არ შეფერხდება. მათივე შეფასებით, დღეის მოცემულობით არ ჩანს, რომ ისრაელ-ჰამასის ომი უახლოეს დღეებში დასრულდება და თუ ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, იმის რისკიცაა, რომ მასში სხვა ძალები ჩაერთვნენ, რაც ომს უფრო ხანგრძლივს გახდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა აშშ ერთდროულად ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების სრულფასოვნად გაგრძელებას.

“ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია. ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, - განაცხადა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები “ჰამასის” ტყვეობაში იმყოფებიან. ბაიდენმა თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად... ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ბაიდენმა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება გადაჰქონდა, სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე დაეშვა. იარაღი კი განკუთვნილია “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის”. ქვეყნის თავდაცვის ძალები ვაშინგტონს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შდეგად დაღპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია. ამ დროისთვის, “ჰამასის” სულ მცირე 1500 მებრძოლია მოკლული. ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა. ისრაელმა 11 ოქტომბრის დილით, ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით მოიერიშე თვითმფრინავით 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, ქვეყნის თავდაცვის ძალების თქმით, ეს არის ტერიტორია, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით თავდასხმა ხორციელდება. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ აშშ დიდი ფინანსებისა და გავლენების მქონე ქვეყანაა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გარკვეული შეფერხებები მაინც იყოს ორი ქვეყნის დახმარებასთან დაკავშირებით”, - დასძენს გამოცემა.

“ისრაელ-პალესტინის მორიგი დაპირისპირება გეგმებში არ შედიოდა და არ აწყობდა არც უკრაინას, არც დასავლეთს და არც ნატოს. რადგან რუსეთ-უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს ყურადღების გადატანა ხდება, ეს გასაგებია, რომ უფრო რუსეთის ინტერესებშია. აშშ ძალიან ძლიერი ზესახელმწიფოა, დიდი ფინანსებისა და პოლიტიკური გავლენების მქონეა, მას ყველაფერი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები აუცილებლად წარმოიშვება. ჯერ ერთი იმიტომაც, რომ აშშ-ის ბიუჯეტის დამტკიცებაზეც შიდა პრობლემებია, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის შექმნილი ვითარების გამო, რამაც უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უკვე შექმნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“ამას ახლა ეს სიტუაციაც დაემატა და რა თქმა უნდა, დამატებით გარკვეული პრობლემები შეიქმნება, თუმცა, შეიარაღების იმ სახეობებში, რომელსაც უკრაინას და ისრაელს აწვდიან 100%-იანი დამთხვევა შესაძლოა არაა, რადგან ისრაელს ცოტა სხვა რამე სჭირდება, ვიდრე უკრაინას. ახლა ისრაელმა თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ამაში მესამე მხარე ჩაერთო - ჩრდილოეთიდან “ჰეზბოლა”, ან იგივე სირიიდან გარკვეული ძალები, მაშინ რა თქმა უნდა ვითარება შეიცვლება. ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია რა და როგორ იქნება. დასავლეთი თავისი ბიუროკრატიის გამო, ძალიან ამუხრუჭებს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ნელი ტემპებით ზრდის. 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკრაინამ გაუძლო, უკვე ნათელი გახდა, რომ ეს ომი გაჭიანურდებოდა. დასავლეთი მიხვდა, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე საბრძოლო მასალა საოცარი სისწრაფით იხარჯებოდა, რუსეთმა ჭურვებისა და რაკეტების წარმოების გაზრდა დაიწყო და დასავლეთი ამ მხრივ საკმაოდ პასიურობს და წარმოებას ნელი ტემპებით ზრდის”, - დაასკვნის ალადაშვილი.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აშშ-ს ისრაელთან რამდენიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების ვალდებულება აქვს, თუმცა, ამ მოცემულობით უკრაინის დახმარებაც არ შეფერხდება. “ისრაელს აშშ-სთან ოთხი ხელშეკრულება აქვს, რომელიც ვაშინგტონს ავალდებულებს, რომ პირდაპირი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ისრაელს არა ნატოს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი აქვს. ისრაელის მიმართ გამოწვდილი სამხედრო დახმარება ეს აუცილებელია, ამ ხელშეკრულებებიდან ერთი ძირითადია, რომელიც 1952 წელსაა ხელმოწერილი, ურთიერთდახმარების თვალსაზრისით. „რაც შეეხება უკრაინას, აშშ-ს ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ აქ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ბლოკირების საფრთხეა, რასაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადაყენება მოჰყვა. ალბათ, თავად ბაიდენი თანხების გამოყოფას სტრატეგიული რეზერვებიდან განახორციელებს. ამასთან, ევროკავშირმაც გამოუყო დახმარება და ამ ეტაპზე უკრაინის საკითხი ამ მხრივ მოგვარდა. ამ ეტაპზე შეფერხებებს ადგილი არ ექნება და იმედია ასე გაგრძელდება”, - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება ნაკლებსავარაუდოა რამდენიმე დღეში დასრულდეს. “იქიდან გამომდინარე, რაც ისრაელს გაუკეთეს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. მსოფლიო დონეზე მისი საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან სერიოზულად დაეცა და თავად ებრაელებიც თავის ხელისუფლებისგან შურისძიების სისხლს მოითხოვენ. იმ სამდღიანი დაბომბვებზე, რაც ისრაელის მისამართით “ჰამასის” ტერორისტულმა დაჯგუფებამ განახორციელა, მოსახლეობა სამაგიერო შურისძიებას მოითხოვს. ისრაელი მეხუთე დღეა ღაზის სექტორს განუწყვეტლივ ბომბავს და სიტყვის სრული მნიშვნელობით მიწასთან ასწორებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სახმელეთო ოპერაცია მაინც დაიწყება, ანუ უშუალოდ ღაზის სექტორის დასახლებულ პუნქტებში შესვლა, “ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურის, ან საერთოდ მისი ფიზიკურად გასანადგურებლად. ეს კი, რა თქმა უნდა, ქალაქის ბრძოლების გათვალისწინებით იქნება და არა მგონია, რომ ეს ოპერაცია დღეების განმავლობაში მორჩეს. შესაძლოა დროში გაიწელოს, პლუს თუ სხვა ძალებიც ჩაერთვნენ, იგივე “ჰეზბოლა”, იგივე სირიიდან და ა.შ. ჯერ ნათელი არაა რა მოხდება და მოვლენები როგორ განვითარდება”, - ამბობს ალადაშვილი, რომლის აზრით, “სამზადისი უფრო უარესობისკენაა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ვახტანგ მაისაიას პროგნოზითაც ისრაელ-ჰამასის ომი მალე ვერ დასრულდება. “ამ ომის დასრულების კონტურები ჯერ არ იკვეთება, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს დაწყებაც არაა. საკმაოდ სერიზული დაპირისპირება დაიწყება და შესაძლოა ხანგრძლივი აღმოჩდეს. ღაზის სექტორის აღება ადვილი არ იქნება, მაშინ სტრატეგიული დონის სახმელეთო ოპერაცია უნდა დაიწყონ. საჰაერო დარტყმებით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს, ამით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რაც კვლავ “ჰამასის” სასარგებლოდ მოქმედებს. “ჰამასი” როგორც ჩანს კარგად მოემზადა საჰაერო დარტყმებისთვის, მაგრამ, სახმელეთო ოპერაცია უკვე პრობლემებს შეუქმნის”, ამბობს მაიასა, რომლის თქმით, “აშშ ხმელთაშუა ზღვაში უკვე მეორე ავიამზიდს აგზავნის და ეს ომი უკვე იღებს გრძელვადიანი პერსექტივის კონტურებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა