ე.წ. დავით გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, 200 000-იანი მასშტაბის რუკა ივერი მელაშვილს საკუთარ კაბინეტში ჰქონდა, თუმცა ის შესაბამისი საბჭოსთვის არ მიუწოდებია

ე.წ. დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, 200 000-იანი მასშტაბის რუკა ერთ-ერთ ბრალდებულს, ივერი მელაშვილს საკუთარ კაბინეტში ჰქონდა, თუმცა, ის შესაბამისი საბჭოსთვის არ მიუწოდებია. აღნიშნულის შესახებ სადრაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სადრაძემ, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზეც ისაუბრა, რომელიც იმ პერიოდში კრიზისების საბჭოს მდივანი იყო.

პროკურორის განმარტებით, 200 000-იანი მასშტაბის რუკა ივერი მელაშვილს 1999 წელს რუსეთთან კონკრეტულ მონაკვეთზე საქართველოს პოზიციის დასადასტურებლად ჰქონდა გამოყენებული.

„დღევანდელ სხდომაზე მოწმე მინდია ჯანელიძე დაიკითხა, რომელიც 2014-2015 წლებში კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო, ეს საბჭო დაინტერესდა კომისიის საქმიანობით, რადგან გარკვეული ხარვეზები დადგინდა. მოწმის ჩვენების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ყველაზე რელევანტური მასალა, 200 000-იანი მასშტაბის რუკა ბრალდებულების ფაქტობრივ მფლობელობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ საბჭოს მიერ საკითხის შესწავლის ფარგლებში არაერთხელ იყო ეს რუკა მოთხოვნილი, მათ არ მიუწოდებიათ ეს რუკა. ამ რუკის ასლის მოპოვება სულ სხვა პირის და სხვა წყაროს მიერ მოხდა, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ კონტექსტში ამ საკითხის განხილვის მომენტში ბრალდებულები მიზანმიმართულად მალავდნენ რელევანტურ რუკას, მათ არ ჰქონდათ არც ერთ ეტაპზე არანაირი რაციონალური არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო ეს რუკა, მაშინ როცა 1999 წელს, ივერი მელაშვილს ეს რუკა რუსეთთან კონკრეტულ მონაკვეთთან საქართველოს პოზიციის დამადასტურებლად აქვს გამოყენებული. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაზეც მოწმემ ისაუბრა, რაც მათ შორის, მთლიანად კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მოძიების პროცესს ეხება. მოწმემ დაადასტურა, რომ პირებს, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, მათაც უჭირდათ სრულყოფილად ინფორმაციის მოპოვება და მოძიება, ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ გამოძიების პროცესში ცალსახად დადასტურდა, რომ ზოგადად, ყველა რელევანტურ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა ასე მარტივი არ იყო, კომისიის წევრებსაც კი არ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებით მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება.

ძალიან მარტივი მოცემულობაა, ეს რუკა მნიშვნელოვანი რომ იყო და მისი საჭიროება რომ არსებობდა, არაერთხელ იყო ხაზგასმული კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუკა ბრალდებულის სამუშაო კაბინეტში ინახებოდა, მას არც კომისიის წევრებისთვის, არც დაინტერესებული პირებისთვის, არც საბჭოს უფლებამოსილი პირისათვის არ მიუწოდებია. ამ რუკის მოპოვება სხვა პირის მიერ, სხვა ფორმით მოხდა. საბჭოში როცა ეს საკითხები განიხილებოდა, მათ შორის ის, რომ ამ რუკის მოპოვება და მოძიება ვერც ერთ არქივში ვერ ხდებოდა, ამ ყველაფერს ბრალდებულები ისმენდნენ, ერთ-ერთ ბრალდებულს ეს რუკა საკუთარ კაბინეტში ჰქონდა, მაგრამ ის შესაბამისი საბჭოსთვის და უფლებამოსილი პირისთვის არ მიუწოდებია“, - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა