თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილი მიზოგინიზმში, პაპუაშვილმა კი ოპოზიციონერი კოლეგა - სექსიზმსა და კაცების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიზოგინიზმში, პაპუაშვილმა კი ოპოზიციონერი კოლეგა - სექსიზმსა და კაცების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ბიუროს სხდომაზე, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებისას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ბოკუჩავამ მმართველი გუნდი პროექტის დაჩქარებული წესით ინიცირების და ასევე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის იგნორირების გამო გააკრიტიკა.

“ვერ ვხვდები ბიუროს სხდომაზე, რა განწყობით ხართ მოსული. გვითხარით, თუ ცუდ ხასიათზე ხართ“, - ასე მიმართა ბოკუჩავას შალვა პაპუაშვილმა.

პასუხად ბოკუჩავამ პაპუაშვილს ქალების შეურაცხყოფისათვის თავის დანებებისკენ მოუწოდა.

“რას ნიშნავს, ცუდ ხასიათზე ხართ?! თქვენ შეგითანხმებთ ვინმე განწყობას... ეს არის პერსონალური თავდასხმები და ქალებისადმი შეურაცხყოფა - უკვე ყველამ მშვენივრად გაიგო თქვენი მიზოგინური დამოკიდებულება!“ - განაცხადა ბოკუჩავამ პაპუაშვილის მისამართით.

პაპუაშვილმა ბოკუჩავას პასუხად დაუბრუნა, რომ “თვითვიქტიმიზაცია სადაც გასდის, იქ გაიტანოს“ და აღნიშნა ისიც, რომ “ბოკუჩავას ბიუროზე გარკვეული რიტუალი აქვს“.

“აბსოლუტური მიზოგინიზმი და სექსიზმი არის თქვენი მხრიდან. განსაკუთრებული აგრესია მამაკაცების მიმართ გაქვთ! არ ვიცი, რა წესია კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა, რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ “ასეთი განცხადება ფიზიკურად მოძალადე პაპუაშვილისგან განსაკუთრებით ცინიკური იყო“.

ბოკუჩავას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც მიმართა შემდეგი რეპლიკით: - “წადით რა, მიშას ბოტასებს ებარებოდეთ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება