საკონსტიტუციო სასამართლო - საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის გამო თანამდებობიდან გადაყენებას

საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მისი როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის გამო თანამდებობიდან გადაყენებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოდ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლების დადგენის დროს, კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დასკვნის გაცემისას, სასამართლოს მიზანია, დაადგინოს, დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა თანამდებობის პირმა, საჯარო ხელისუფლების განხორციელებისას, თავისი ქმედებით (მოქმედებით ან უმოქმედობით) კონსტიტუციური დანაწესი, რომელიც შეეხება მის კონსტიტუციურ სტატუსს, უფლებამოსილებას, ვალდებულებას თუ პასუხისმგებლობას, ანდა, ჩაიდინა თუ არა ქმედება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მისი როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის (კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის) გამო თანამდებობიდან გადაყენებას, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შემოიფარგლება საქართველოს პარლამენტისთვის დასკვნის წარდგენით, რომელშიც დადგენილია ან უარყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნულ პირთა ქმედების კონსტიტუციურობა ან/და მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა. შესაბამისად, განსახილველი წარდგინების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა წარდგინებაში მითითებული კონსტიტუციის ნორმის დანაწესი და არსებობს თუ არა იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძველი“,- ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან, აღნიშნული საქმე პირველი პრეცედენტია, სასამართლო ამ შემთხვევას გამოიყენებს იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმების განმარტებისთვის.

„ვინაიდან წინამდებარე საქმე წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ქართულ პრაქტიკაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პირველ პრეცედენტს, სასამართლო ამ შემთხვევას გამოიყენებს იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმების განმარტებისთვის, მათ შორის, ჩამოაყალიბებს საერთო პრინციპებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების ყოველი შემთხვევა საფუძვლიანი და გამართლებული იყოს და, საზოგადოდ, იმპიჩმენტის მიზნებს შეესატყვისებოდეს“,- ნათქვამია დასკვნაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე