მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.

“მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესს. დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ არ გადადგება, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არც უნდა გადადგეს.

“რა თქმა უნდა, არ უნდა გადამდგარიყო და არც უნდა გადაადგეს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ ქვეყანას დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესში”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ის განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა რცხვენოდეთ.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ რასაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდა, ემსახურებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას. “ოცნებამ” რა პროცესიც წამოიწყო, ეს იყო ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის მცდელობა და რაც სასამართლომ გააკეთა, "ოცნების" ინტერესებით მოქმედებაა.

თუ ეს მოსამართლეები თავს დაბულინგებულად გრძნობენ, მათი პრობლემაა. დღეს სასამართლო გადაქცეულია “ოცნების” ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტად”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გული ეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში აღარაფერი უკვირს. მისი თქმით, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, “ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს”.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, იმპიჩმენტის განხილვისას პარლამენტში მივა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება