არმაზ ახვლედიანი - პარტიას შეგიძლია ემსახურო მანამ, ვიდრე მისი ინტერესი არ ეწინააღმდეგება საქვეყნო პოლიტიკას, როგორც კი ეს წინააღმდეგობა ჩნდება, უნდა აქციო ზურგი - მე, ამ მხრივ, მოვიწონებ ყველა პოლიტიკოსის გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის

იქ, იმ დღეს გაწყდა საქართველოს ნორმალური განვითარების ხაზი, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა. როცა მე-20 საუკუნეში, გამოგვინათდა, გაგვიჩნდა შანსი, დავბრუნებულიყავით ნორმალური განვითარების გზაზე, კვლავ ეს ბოროტი რუსული ჩექმა. ჩემთვის დღევანდელი თემაც ამ კონტექსტში განიხილება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევაა კონსტიტუციის სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, პრეზიდენტის თითოეული ნაბიჯი კი მის სასარგებლოდაა გადადგმული.

„ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, გამოგვრჩეს, რომ არსებობს ერთი დიდი ისტორიული ხაზი საქართველოსთვის, რომლის ნაწილია დღევანდელი საქართველო. ამ ისტორიულ ხაზს ჰქონდა არაერთი ზიგზაგი, შეფერხება. რა ბედუკუღმართობა, რა ბედისწერაა ჩვენი ქვეყნისა, რომ იქ გაწყდა საქართველოს ნორმალური განვითარების ხაზი იმ დღეს, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა საქართველოში. თორემ დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, სხვა განვითარება, სხვაგან ვიქნებოდით. ასევე ტრაგიკული კვანძია, როცა მე-20 საუკუნეში, ჩვენ გამოგვინათდა, გაგვიჩნდა შანსი, დავბრუნებულიყავით ნორმალური განვითარების გზაზე, ვინ გვაცადა, კვლავ ეს ბოროტი რუსული ჩექმა. ჩემთვის დღევანდელი თემაც ამ კონტექსტში განიხილება. რაც გვაახლოებს საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რაც გვაახლოებს ჩვენს იდენტობასთან, ანუ ევროპელობასთან, ყველაფერი უნდა იყოს მისასალმებელი. რაც გვაშორებს, თუნდაც შეფარულად, ყველაფერს თავად უნდა ვაქციოთ ზურგი.

დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა გვაშორებს თუ გვაახლოებს ამ პერსპექტივას? ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ უმრავლესობიდან გულწრფელად ვერ მიპასუხებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გულწრფელად კი იცით, გვაახლოებს თუ გვაშორებს ეს პროცედურა. სულაც არ არის საჭირო იყო იურისტი, მიხვდე, რომ კონსტიტუციის დარღვევაა კონსტიტუციის სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სულისკვეთება კი ასეთია - საქართველო უნდა იყოს დალხენილი, წარმატებული, განვითარებული, ევროპული სახელმწიფო. პრეზიდენტის თითოეული ნაბიჯი ამის სასარგებლოდაა გადადგმული. რამ შეგვაწუხა? რატომ ავტეხეთ ეს აყალმაყალი?

პარტიას შეგიძლია ემსახურო მანამ, ვიდრე მისი ზრახვა, ინტერესი არ ეწინააღმდეგება საქვეყნო პოლიტიკას. როგორც კი ეს წინააღმდეგობა ჩნდება, უნდა აქციო ზურგი. მე, ამ მხრივ, მოვიწონებ ყველა პოლიტიკოსის გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც, შესაძლოა, გვიან, მაგრამ კარგად გაერკვა ვითარებაში და ზუსტად მიხვდა რა არის თანამედროვე საქართველოსთვის პრიორიტეტული. რომ პრიორიტეტულია ბრძოლა საქართველოში ევროპულობის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მანდატით თუ მის გარეშე, იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე 2024 წლის არჩევნებში“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე