ლევან ბეჟაშვილი კეზერაშვილთან შეხვედრაზე - ჩვენ კონსულტაციებს ვმართავდით იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც  საქართველოში ოპერირებენ - მაქსიმალური კონსოლიდაცია, რესურსების და ძალების მობილიზება გვჭირდება, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ

ჩვენ კონსულტაციებს ვმართავდით იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, როდესაც კვიპროსში, დავით კეზერაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების შეხვედრის შესახებ კითხვას უპასუხა.

ამასთან, კეზერაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების შეხვედრის თაობაზე ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თემას ვერ განავრცობს, თუმცა აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, არა მხოლოდ პარტიულ, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია, რესურსებისა და საერთო ძალების მობილიზება, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ეს კონსულტაციები იყო არა მარტო პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო და „ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვან პროცესში შედის, არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტი, ისე შედის და ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია, ჩვენი რესურსების და საერთო ძალების შემუშავება იმისთვის, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. დღევანდელ პოლიტიკურ ველზე, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა პარტიები იბრძოლებენ რამდენიმე პროცენტის ასაღებდა, რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ის, რაც დღეს, ქვეყანაში ხდება, რომ რუსული ოლიგარქიული მმართველობაა და ქვეყანა რუსულ ორბიტაზეა გადასული, ეს დავასრულოთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ გატარებული პერიოდია.

„დღეს, ქვეყანა მოიაზრება რუსულ ორბიტაზე, ამიტომ, როდესაც ჩვენ კონსულტაციებს ვმართავდით, მათ შორის ვმართავდით იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც დღეს, საქართველოში ოპერირებენ, მაგრამ რეალურად ხედავენ, რომ ქვეყანა უფსკრულის წინაშეა. სხვათა შორის, მათაც სურთ, საქართველო ევროპაში და არა, ის რუსული ორბიტა, რომელსაც დღეს, „ქართული ოცნება“ თავისი მმართველობის სახით ყოველდღიურად გვთავაზობს.

ასევე შევხვდით უცხოელ კონსულტანტებს, ჩვენ პარტნიორებს, საქართველოს მეგობრებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საბოლოოდ არ აღმოჩნდეს რუსულ ორბიტაზე. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებოდით მეგობრებს, კონსულტანტებს იმისათვის, რომ საერთო სტრატეგია შემუშავდეს, როგორ ჩამოვაშოროთ რუსული ოცნება ხელისუფლებას და საქართველო ევროპულ ორბიტაზე დავაბრუნოთ. ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია არის ერთი. ამ პროცესში მთავარი გამწევი ძალა, ელმავალი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი კამპანიის წარმართვა, როცა არჩევნების დღემდე გადავწყვეტთ არჩევნების ბედს და უბრალოდ არჩევნები იქნება ამ გამარჯვების გაფორმება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე