პრემიერი - 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებზე

10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა თემაზე - „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

პრემიერის შეფასებით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.

„ამ შედეგის ობიექტური საზომი არაერთი მონიტორინგის მექანიზმია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს ქვეყნის შიგნით პატიმართა უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს და მათ ღირსებას.

ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ პერიოდის მართვა, რა დროსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომია ეფექტიანი და ადეკვატური სარეაბილიტაციო პროგრამები, არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები. ყველა ის რეფორმა რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება