მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა, ჯეიმს ულინმა ქართული მხარის მიერ ამერიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებული და ინტერპოლის მიერ ძებნილი პირის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძებნილი პირის დაკავება 2 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ძებნილი პირის დაკავება 2 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფედერალური გამოძიების ბიუროს, აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაქცეული პირი წითელი ცირკულარით აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის იძებნებოდა. მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან გაგვაჩნია, რომლებიც აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული,“ - განაცხადა ჯეიმს ულინმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მანამდე გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავეთ. დადგინდა, რომ ბრალდებულმა მანამდე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვიდრე მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად აღნიშნული ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება მოხდა,“ - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.