პროკურორი საბადრაგო ჯგუფის უფროსზე - ამ ეტაპზე ვედავებით იმ ნაწილში, თუ რა არ შეასრულა იქამდე, ვიდრე მსჯავრდებულები გაიქცეოდნენ - დევნა განახორციელა რამდენიმე მეტრზე, შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა ხელმძღვანელობას

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორის ლაშა ამირანაშვილის ინფორმაციით, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატრიაშვილმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში დეტალურად აღწერა, თუ რა ზომები უნდა მიეღო ბრალდებულ ნატრიაშვილს იმისთვის, რომ პატიმრებს გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.

უფრო კონკრეტულად პროკურორის თქმით, საბადრაგო სამსახურის უფროსს მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული პატიმართა მოსათავსებელი საკნის კარი უნდა დაეკეტა არა მხოლოდ ურდულით, არამედ გასაღებით, გარდა ამისა. მისივე თქმით, სპეციალურად მოსათავსებელი საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, რომელიც იყო ცარიელი და ავტომანქანის კარიც არ იყო ჩაკეტილი.

„ეს ბადრაგი ერთი არ იყო, იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც დაუკავშირდა და რომლებიც მალევე ჩავიდნენ ტერიტორიაზე, საიდანაც გაიქცნენ მსჯავრდებულები.

იმ შემთხვევაში თუ სათანადოდ იქნებოდა ჩაკეტილი მათი მოთავსების ადგილი და თუკი ადგილზე იქნებოდა ჯგუფის უფროსი, იმ მომენტში შესაძლოა არ გამხდარიყო სხვების იქ ყოფნა აუცილებელი, აუცილებელი გარემოება ამისთვის არ შექმნილიყო.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა განეხორციელებინა, უნდა განეხორციელებინა, პირველ რიგში, ის, რომ სპეციალურ ავტომანქანაში არსებული პატიმართა მოსათავსებელი საკნის კარი უნდა დაეკეტა არა მხოლოდ ურდულით, არამედ გასაღებით, გარდა ამისა, ამ სპეციალურად მოსათავსებელი სივრცის წინ არის კიდევ ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს სივრცეც იყო ცარიელი. ავტომანქანის კარიც იყო ღია ანუ არ იყო ჩაკეტილ მდგომარეობაში და თვითონ ბრალდებული იჯდა ავტომანქანის წინა სალონში და აბსოლუტური მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები.

ჩვენ ამ ეტაპზე ვედავებით იმ ნაწილში თუ რა არ შეასრულა იქამდე, ვიდრე მოხდებოდა მსჯავრდებულთა გაქცევა. მას შემდეგ, შესაძლოა სუბიექტური შეფასებაც იყოს ამ ეტაპზე, ცოტა მეტ მანძილზე მაინც შეეძლო განეხორციელებინა დევნა. დევნა განახორციელა რამდენიმე მეტრზე მას შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას“,- განაცხადა პროკურორმა.

ლაშა ამირანაშვილმა ისიც განმარტა, რატომ დააყენა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.

„ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თავად შეატყობინა მომხდარი ფაქტის თაობაზე იმას, ვისთვისაც უნდა შეეტყობინებინა. შეიქმნა იმგვარი მოცემულობა, რომ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები გაიქცნენ. ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა განახორციელა ძალიან მცირე მანძილზე, გარდა აღნიშნულისა, რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლებს, იყო როგორც მიმალვის, ასევე საკმაოდ მაღალი ინტენსივობით იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. ყველა საფრთხე სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. წინასწარ არავინ იცის თუ რას მოიქმედებს ბრალდებული - ჩვენ ვსაუბრობთ საფრთხეებზე, შესაძლებლობებსა და დასაშვებობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლის განმავლობაში ის მუშაობდა ამ სამსახურში, იცნობს და მეგობრობს ძალიან ბევრ პირთან, სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ მან მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს კი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს