სასამართლომ პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პროკურატურამ პროცესზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის თქმით, დაკავებულმა საბადრაგო ჯგუფის წევრმა პატიმრები უმეთვალყურეოდ დატოვა და ამასთან, სპეციალური სივრცე გასაღებით არ ჩაკეტა.
„აღნიშნულმა პირმა უმეთვალყურეოდ დატოვა მსჯავრდებულები. გარდა ამისა, სპეციალური სივრცე არ ჩაკეტა გასაღებით და აღნიშნული გასაღები არ გადასცა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, რასაც შედეგად მოჰყვა მსჯავრდებულების გაქცევა.
მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას, რაც ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,“ - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ჯამში კიდევ სამი პირი. საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.