პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ვაკის პარკში არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს დაცული არ იყო სამშენებლო ნორმები და წესები, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განმარტა, სასამართლომ დღეს თითოეული პირის მიმართ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, როგორც ფიზიკური პირების ანუ გიგა გიაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლომდარიძის მიმართ, ისე იურიდიული პირების მიმართ იმ წარდგენილ ბრალდებაში, რაც იყო გათვალისწინებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
„რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლო დაეყრდნო ჩვენს მიერ მოპოვებულ, წარდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ის იყო, რა თქმა უნდა, მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, რაც მათ ჩვენებების სახით დააფიქსირეს სასამართლო პროცესზე, ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები და ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის გაფორმებული მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებდნენ თითოეული პირის ბრალეულობას და რაც სასამართლომ გაიზიარა", - განაცხადა ყულჯანიშვილმა.
პროკურორმა ჟურნალისტებთან უპასუხა დაცვის მხარის პოზიციაზე დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ადვოკატები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. პროკურორის განმარტებით, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების ფარგლებში დადგენილი გარემოება, ასევე დადგენილია საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც პირდაპირ დადასტურებულია, რომ დაცული არ იყო სამშენებლო ნორმები და წესები სამუშაოების ჩატარების დროს.
„დაცული არ იყო სამშენებლო ნორმები და წესები ვაკის პარკში არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს, კერძოდ, საუბარია ცენტრალურ შადრევანზე და შესაბამისად, სათანადო ნორმების დაუცველობამ გამოიწვია ის შედეგი, რომელზეც ბრალდება დაობდა“, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.