SKILLWILL-ს და USAID-ის პროგრამას „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პარტნიორობა დაიწყო

Skillwill-ი და USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობა დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს Skillwill-ის დამფუძნებელმა, ვახტანგ თურნავამ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა, დევიდ ბლოდმა.

ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ICT მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

„ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლების მიღება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობების შექმნაში ამერიკელი ხალხის დახმარება განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ USAID-ის მხარდაჭერით, შევძლებთ გავაძლიეროთ ქართული ICT სექტორი და ეკონომიკა“, - აცხადებს „სქილვილის“ დამფუძნებელი, ვახტანგ თურნავა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრებით ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს, რომელიც პროცესების გაციფრულებას სდევს თან, აუცილებელია, ბიზნესიც გადაერთოს შესაბამის პრიორიტეტებზე. ის კურსები კი, რომელსაც მსურველები პროგრამის ფარგლებში გაივლიან, სწორედ, პროფესიონალი კადრებით, ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ICT სექტორისთვის ისეთი სამუშაო ძალის განვითარებას, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.

„მოხარული ვარ, რომ „სქილვილთან“ თანამშრომლობას მოვაწერეთ ხელი, რომლის ფარგლებშიც მხარს დავუჭერთ აიტი და ციფრული მიმართულებებით პროგრამების განვითარებას. საქართველოში ICT სწრაფად მზარდი სექტორია, თუმცა საჭიროებს უფრო მეტ შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალს. სწორედ, ეს პარტნიორობა დაეხმარება ინდუსტრიას და კერძო სექტორს, პროფესიონალი კადრების დეფიციტის შევსებაში“, - განაცხადა USAID-ის პროგრამის დირექტორმა, დევიდ ბლოდმა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საჯარო და კერძო სექტორებიდან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე