„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო გეგმები, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენდა. მათივე ცნობით, მხარეებმა, ასევე, რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე, ევროპარლამენტარებს - რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციაში, დეპუტატებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.