ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მას შემდეგ, რაც უნგრეთში, 12 აპრილს ჩატარებულ საპარლამნეტო არჩევნებში, ევროკავშირში პუტინის „ტროას ცხენად“ მიჩნეული ვიქტორ ორბანი დამარცხდა, საქართველოში არ ცხრება მსჯელობა და კამათი ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლებისათვის „უნგრულ გაკვეთილებზე.“

ალბათ, სწორადაც მოვიქცევით, თუ საუბარს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „უნგრულ გაკვეთილებზე“ მსჯელობით დავიწყებთ.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი სასწავლი ორბანის მემკვიდრეობისაგან არც არაფერი აქვს. ასეა, რადგან საარჩევნო სისტემა სრულადაა მორგებული მმართველ პარტიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მაჟორიტარული არჩევნები არ ტარდება, იმათთვის, ვინც მაჟორიტარულ ოლქებში იგებდა, მათთვის თითქმის ინსტიტუციურ დონეზე ყველანაირი პირობებია შექმნილი მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზაციისთვის.

ეგ კი არა, საარჩევნო კანონმდებლობაში იმგვარი ცვლილებებია შეტანილი, რომ დაკვირვებასაც კი აზრი აქვს დაკარგული. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ხელისუფლებას დაანონსებული აქვს იმ სამი პარტიის აკრძალვა, ვინც 2025 წლის არჩევნებში ბარიელი გადალახა, მეოთხე, გახარიას პარტიას ასევე აქვს პრობლემები, სურათი ოპოზიციისთვის სახარბიელო არ უნდა იყოს.

თუ ამას იმასაც დავამატებთ რომ ორბანის გუნდისა და „ქართული ოცნების“ სააგიტაციო პროპაგანდა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, ორივე კი სრულად იყო გაგრძელება კრემლის ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი თვალსაზრისით პრაქტიკული, ანუ საკანონმდებლო და შიდა პროცესების მართვის ტექნოლოგიაში გასაკეთებელი არც არაფერი აქვს.

თუ აქვს, ალბათ ის, რომ აქამდე არსებულ საარჩევნო მოდელებს, რომლებიც აქამდე „წარმატებით მუშაობდა,“ ხელი არ უნდა ახლოს და არც არაფერი შეცვალოს. არც ცესკო, არც ადგილებზე საარჩევნო უბნებში კომისიის დაკომპლექტების წესი და არჩევნებამდე ბევრად ადრე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება, ასევე საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, ასევე ის, რომ პარტიული ბლოკები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მხოლოდ რეგისტრირებულმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და კიდევ ბევრი რამ.

ამ ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ, მგონი საკმარისია იმისათვის რომ კითხვა დაისვას - მესმის რომ საარჩევნო სისტემებში შესაძლოა, ნაკლებად იყოთ ჩახედული, მაგრამ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გათვალისწინოს ორბანის პარტიის გამოცდილება?

- ორბანის გამოცდილება, ხედავთ, ორბანს არ გამოადგა და „ქართულ ოცნებას“ როგორ გამოადგება? მმართველმა გუნდმა კი შემდეგ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი.

უპირველეს ყოვლისა, უნგრეთის არჩევნებმა დაგვანახა ორი რეალობა: პირველი, ადამიანთა სოციალური ფსიქოლოგია ყველგან ერთნაირია, მნიშვნელოვანი ეროვნული თავისებურებების მიუხედავად.

და მეორე, ხალხს ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის მმართველობა ბეზრდება. ამბობენ, ვიქტორ ორბანი ევროპელ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტხანს იდგა ეროვნული ხელისუფლების სათავეში და ეს მართლაც ასეა, თუ მას „ჩავუთვალეთ“1998-2002 წლების პრემიერობა.

თორემ უწყვეტად იგი 16 წელი იყო უნგრეთის მთავრობის მეთაური, ზურტად იმდენ ხანს, როგორც, მაგალითად, ანგელა მერკელი გერმანიას ლიდერობდა. მაგრამ ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის ერთი ძირეული განსხვავებაა: ანგელა მერკელი თავისი ნებით ჩამოშორდა პოლიტიკას, დაუმარცხებელი წავიდა, ხოლო ორბანმა არჩევნები წააგო.

მეჩვენება, რომ სახელმწიოს ხანგრძლივი მეთაურობა ამახინჯებს ადამიანის სოციალურ ფსიქოლოგიას, მას დაუსჯელობის სინდრომი იპყრობს, რაც პირდაპირ კორუფციას უხსნის კარიბჭეს.

მეჩვენება, რომ სახელმწიოს ხანგრძლივი მეთაურობა ამახინჯებს ადამიანის სოციალურ ფსიქოლოგიას, მას დაუსჯელობის სინდრომი იპყრობს, რაც პირდაპირ კორუფციას უხსნის კარიბჭეს

გეცოდინებათ, ამ წუთებში რა ხდება უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - სრული პანიკაა და ნადგურდება მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მაგრამ მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა: არიან მოწმეები, არიან „თეთრი საყელოები“, რომლებიც თვითგადარჩენის იმედით ინფორმაციას დაუყოვნებლივ მადიარს უზიარებენ. ჩვეული ამბავია, ასეთი საქართველოშიც ბევრი გვინახავს.

აი, ამაზე უფრო უნდა იფიქრონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ვიდრე ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნებაზე.

- არჩევნების წინ ევროპელები პარტნიორები საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევას, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ფართე დიალოგს მოითხოვდნენ. გვახსოვს ამ მოწოდებებზე ხელისუფლების პასუხიც - „აგენტებსა და რადიკალურ ოპოზიციასთან დიალოგს არ გავმართავთ.“ დაახლოებით ასეთივე იყო მათი ოპონენტების პასუხიც - „რუსულ ოცნებასთან სასაუბრო არაფერი გვაქვს“.

შემდეგ, უფრო სწორად 2025 წლის არჩევნების ერთი წლის შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ქუჩის აქციები მეტ-ნაკლები აქტივობით გაგრძელდა, მიუხედავად იმისა რომ ასზე მეტი აქტივისტი ციხეშია, ათასობით მოქალაქე 5 ათასი ლარით დაჯარიმებული, ბევრი მხოლოდ ქუჩაში ტროტუარზე დგომისთვის იქნა გაშვებული ციხეში, თვალს ვადევნებდით ხელისუფლების მიერ ინიციირებულ დებატებს, რომელიც ბევრის შეფასებით, უფრო „დებატების იმიტაციას ჰგავდა,“ თან იმათთან, ვისთანაც ოპონირებას ხელისუფლება ჩათვლიდა მეტ-ნაკლებად აუცილებლად და საჭიროდ.

ამ მოვლენების ფონზე ადამიანის უფლებების დამცველი ბევრი ევროპელი ესტუმრა თბილისს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეპრესიული მანქანა კვლავ თუ შეიძლება ასე ითქვას, „წარმატებით მუშაობს“, მაგრამ არა ევროპული დემოკრატიისთვის, რასაც პროტესტანტები ითხოვდნენ.

ამის შემდეგ ვნახეთ რომ ევროპულმა სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედეს. ამ თემაზე, „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლელებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს“.

შემდეგ არჩევნებამდე საკაოდ დიდი დროა, არც ის ჩანს რომ შემდეგი თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს ვინმე, მაგრამ, მმართველი გუნდი, როგორც თქვენ ბრძანეთ „ტლუდ აგრძელებს თავის ხაზს“.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რომელშიც ვართ - ანუ, ევროპაში მომხდარი თვალსაჩინო ცვლილებების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან „თავისი ხაზის ტლუდ გაგრძელებას“?

- პოლიტიკური მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩემი წინა ინტერვიუდან სულ რაღაც ერთი თვეა გასული, თქვენ კი გინდათ, რომ მე დასკვნები გავაკეთო. ჩემი პროგნოზი გრძელვადიანია, რამდენად ის გამართლდება, წლის ბოლოს მკითხეთ.

ერთი რამ კი ნათელია. „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნების გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლებას ბევრი აქვს საფიქრალი და მიმაჩნია, რომ მას თავისი სტრატეგია, თავისი „პასუხი ჩემბერლენს“ ჯერ არ შეუმუშავებია. ამასთან, ძალიან ბევრი რამ აშშ-ს პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც საქართველოსთვის ვერ მოიცალა.

„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნების გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლებას ბევრი აქვს საფიქრალი და მიმაჩნია, რომ მას თავისი სტრატეგია, თავისი „პასუხი ჩემბერლენს“ ჯერ არ შეუმუშავებია. ამასთან, ძალიან ბევრი რამ აშშ-ს პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც საქართველოსთვის ვერ მოიცალა

- არადა, უნგრეთში ახლახან ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადადაც კი გვაჩვენა, რომ არა მარტო ჩვენში, ევროპაშიც არ გამართლდა ევროსკეპტიკოსების მოლოდინები იმაზე, რომ ევროკავშირი სადაცაა დაიშლება, რომ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის გარეშე ევროპა „რუსულ საფრთხეს“ ვერ გაუმკლავდება და ასე შემდეგ.

ევროპა თავისუფლების კონტინენტია, აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმი ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებში კონსერვატორებიც არიან ბლომად, ულტრამემარცხენეებიც და ულტრამემარჯვენეებიც, მაგრამ ევროპული ერთიანობისა და კეთილდღეობის იდეამ რომ უნგრეთში გაიმარჯვა, ფაქტია.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ორბანის დამარცხებაზე ჩვენი მმართველი გუნდის რეაქცია ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდა. ცხადია, პრემიერ ირაკლი კობახიძეს მადიარისთვის არჩევნებში გამარჯვება უნდა მიელოცა, მაგრამ სრულიად გაუგებარი იყო მმართველი გუნდის „მოლაპარაკე თავების“ მიერ გაკეთებული კომენტარები.

ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მათ დაავიწყდათ რომ ორბანის კონსერვატორების ყრილობაზე საქართველოს სახელით პრემიერის დელაგაცია იყო ჩასული. ასევე გაუგებარი იყო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებები რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს 2030 წელს ევროკავშირში შეიყვანს,“ ასევე მტკიცება რომ თურმე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ურთიერთობა და არა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებამ.

რჩება შთაბეჭდილება რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტიც შემთხვევით არ გამართულა, მითუმეტეს რომ 21 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების მორიგი მინისტერიალი უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ.

რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის უცნაური რეაქცია ორბანის დამარცხებაზე?

ვითარებაში როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებოს, რას შეიძლება ნიშნავდეს „ოცნების“ მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს?

- უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ საფრანგეთის ცნობილი სალიური კანონების ურყევი პრინციპი: „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“.

პოლიტიკაში პოზიციის შეცვლა პრაგმატული მიზეზებით მყისიერად ხდება თანაც ისე, რომ ამასწინდელი ნარატივი, ლოზუნგები, პოზიცია, ხელშეკრულებებიც კი სრულ დავიწყებას მიეცემა ხოლმე. პოლიტიკა - შესაძლებლობების ხელოვნებაა და არა პრინციპების.

გაიხსენეთ; ტრამპი ღიად ვიქტორ ორბანს უჭერდა მხარს, თანაც იმდენად, რომ მის დასკვნით წინასაარჩევნო მიტინგზე თავისი ვიცე-პრეზიდენტი მიავლინა. მაგრამ ამან სულაც არ შეუშალა ხელი და პეტერ მადიარს არჩევნების მოგება „გულწრფელად“ მიულოცა.

პოლიტიკაში პოზიციის შეცვლა პრაგმატული მიზეზებით მყისიერად ხდება თანაც ისე, რომ ამასწინდელი ნარატივი, ლოზუნგები, პოზიცია, ხელშეკრულებებიც კი სრულ დავიწყებას მიეცემა ხოლმე. პოლიტიკა - შესაძლებლობების ხელოვნებაა და არა პრინციპების

სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამაც“ უმალვე დაივიწყა ვიქტორ ორბანი და შექმნილ ვითერებაში თავის შესაძლებლობებს ეძებს, უფრო ზუსტად კი, ვთქვათ სიმართლე, ცდილობს რომ მას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვთვლი, რომ თავიანთი გადმოსახედიდან სწორად იქცევიან, რას მიაღწევენ, სხვა საკითხია.

ერთი რამ ცხადია. კობახიძის იმედები ევროკავშირის ნგრევის შესახებ, ნაადრევი აღმოჩნდა, ისევე, როგორც, მარკ ტვენის აზრით, ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ. ევროპა ეხლა ძლიერდება და დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული აღვირი გამოუდეგარია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

კობახიძის იმედები ევროკავშირის ნგრევის შესახებ, ნაადრევი აღმოჩნდა, ისევე, როგორც, მარკ ტვენის აზრით, ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ. ევროპა ეხლა ძლიერდება და დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული აღვირი გამოუდეგარია

- ახლა დროა 12 აპრილს ჩატარებული არჩევნების ქართული ოპოზიციისთვის „უნგრულ გაკვეთილების“ თემას შევეხოთ.

ვხედავთ, რომ უნგრულმა მაგალითმა ქართულ ოპოზიციაში ოპტიმისტური განწყობები გააღვივა, მაგრამ, ჯერ არ ჩანს მათი მხრიდან არც მოქმედების არც მკაფიო სტრატეგია და არც ტაქტიკა. თითქოს ერთიანობაზე ყველა საუბრობს, მაგრამ, უკვე, ჯერ ასე ჩანს, რომ შემდეგ არჩევნებზეც ოპოზიცია ერთიანი ფრონტით არ მიიღებს მონაწილოებას.

აქა იქ, მაგრამ მაინც გვესმის ხმები იმის შესახებ რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია. ვითარებაში, რომელშიც ვართ, ქუჩიდან რევოლუციის მოლოდინიც არარეალისტურად გამოიყურება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც ახლა უნგრეთში ორბანის დამარცხების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში ხდება?

- ბევრი წავიკითხე „უნგრეთის არჩევნების გაკვეთილების“ შესახებ, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი შეფასება ჯერ-ჯერობით არავის გაუკეთებია.

ოპოზიციამ არჩევნებში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიმარჯვოს, თუ იგი გაერთიანებულია. მმართველ ძალას არჩევნებში მხოლოდ ერთი ძლიერი პარტია უნდა დაუპირისპირდეს. მაშინ ამომრჩეველი მარტივ გადაწყვეტილებას იღებს - იგი მხარს ან ჩვეულ რუტინას ან ცვლილებეს უჭერს

მიმაჩნია, რომ ან ეს დასკვნები საერთოდ გაკეთებული არ არის, ან კიდევ მათზე, მლიქვნელურად, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ხუჭავენ თვალებს. დასკვნები კი ისეთივეა, რომლებსაც ანალიტიკოსი თუნდაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე გააკეთებდა. ძირითადი დასკვნები კი, ჩემი აზრით, შემდეგია:

  1. ნაკლებად კონკურენტუნარიან ვითარებეში, როცა არჩევნებში ჩართულია ადმინისტრაციული რესურსი, არჩევნებში მხოლოდ ახალ ქარიზმატიულ ლიდერს აქვს გამარჯვების შანსი. ძალიან ხშირად ეს ლიდერი გამოცდილებას მმართველი პარტიის სტრუქტურებში იღებს, შემდეგ კი ტოვებს მას და ახალ პარტიას ქმნის.
  2. ოპოზიციამ არჩევნებში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიმარჯვოს, თუ იგი გაერთიანებულია. მმართველ ძალას არჩევნებში მხოლოდ ერთი ძლიერი პარტია უნდა დაუპირისპირდეს. მაშინ ამომრჩეველი მარტივ გადაწყვეტილებას იღებს - იგი მხარს ან ჩვეულ რუტინას ან ცვლილებეს უჭერს.
  3. ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი. და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით. საუბედუროდ ამომრჩეველი პიროვნებას და არა პოლიტიკურ დოქტრინებს აძლევს ხმას.

კიდევ ბევრი, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს სამი დასკვნაც აჩვენებს, რომ საქართველოში არსებული ოპოზიცია არჩევნებისთვის მზად არ არის.

ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი. და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით. საუბედუროდ ამომრჩეველი პიროვნებას და არა პოლიტიკურ დოქტრინებს აძლევს ხმას

- ვხედავთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ითხოვს ქუჩის აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე რომ არ დანიშნავს, ცხადია.

რაც შეეხება ქუჩის აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას, ამაზე ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეებიც ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ, ამ ეტაპზე ამის მოლოდინიც არ არსებობს.

ამის დასტურია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა დაკავებულთათვის უშედეგოდ დასრულდა.

არადა, იურისტთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ საქმეზე და სხვა საქმეებზე დაკავებულებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში ისინი შესაძლოა პოლიტიკური ლიდერები გახდნენ, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ უახლოეს მომავალში შეძლოს ხელისუფლების მიმართ მთავარ მოთხოვნად აქციოს არა მხოლოდ დაკავებულების გათავისუფლება, შემდეგი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული და მნიშვნელოვნი ცვლილებების შეტანა?

- ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რა არის არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელი. მე აქცენტს ამაზე და არა კანონმდებლობის დახვეწაზე გადავიტანდი. ზვიად გამსახურდიამ არჩევნები საბჭოთა საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში მოიგო.

მეორეც. თუ რაიმე შედეგის მიღწევა გინდა, მოთხოვნები რიგ-რიგობით და არა ერთი ამორფული ტომარის სახით უნდა წამოაყენო. ჯერ დაკავებულების განთავისუფლება, შემდეგ კი სხვა მოთხოვნები. რაც მეტია მოთხოვნები, მით ნაკლებია თუნდაც ერთის დაკმაყოფილების შანსი.

- გასაგებია, რომ ახლა ქართული ოცნება“ ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებას ახალი, „უნგრული გამოცდილების“ გათვალისწინებით ცდილობს.

მაგრამ, ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა - რამდენად დიდი შეიძლება იყოს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საგარეო პოლიტიკის ფოკუსიც გაასწოროს და ევროპელებთან და ამერიკელებთან უთანხმოებების საკითხები დღის წესრიგიდან მოხსნას?

- არა მგონია, რომ ეს საკითხები დღის წესრიგიდან მალე მოიხსნას. ამისთვის აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში სრული სიცხადე იყოს. ამისთვის კი არც „ქართული ოცნება“ და, გაგიკვირდებათ, არც ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ მზად არ არიან.

აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში სრული სიცხადე იყოს. ამისთვის კი არც „ქართული ოცნება“ და, გაგიკვირდებათ, არც ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ მზად არ არიან

- რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი მარია ზახაროვამ საქართველოს მისამართით ვრცელი განცხადება გააკეთა.

ზახაროვას განცხადებით მოსკოვმა თბილისი კიდევ ერთხელ გააფრთხილა რომ საქართველოს ევროინტეგრაცია რუსეთისთვის მიუღებელია. თუ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება ომოძრავებს რუსეთი მას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რაც „მძიმე დარტყმა იქნება რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის“.

ზახაროვას ახალი არაფერი უთქვამს, უცნაური ისაა, რომ ჩვენ მოსკოვიდან ასეთი განცხადებები იმის ფონზე გვესმის, როცა რუსეთია თავად საკმაოდ რთულ დღეში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ვგულისხმობ მის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, ასევე რუსეთ-უკრაინის ფრონტზე უკრაინის სულ უფრო შესამჩნევ უპირატესობას სამხედრო-ტექნიკური ბალანსის თვალსაზრისით.

სავარუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს დრო და დრო, მაგრამ აშკარად თანმიმდევრულად მოსკოვური გზავნილები საქართველოსთვის?

- ეს გზავნილები პრიმიტიულად მარტივია: არ დაგავიწყდეთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს გარდა არსებობს რუსეთი, არ დაგავიწყდეთ ის, თორემ ინანებთ.

- გვერდს ვერ ავუვლით ირანში ამერიკა-ისრაელის მიერ დაწყებულ ოპერაციას, ორმუზის სრუტეში დღეისათვის შექმნილ ვითარებას. ამ თემაზე პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ამ თემაზე თქვენ ბრძანეთ - „ძალიან ვშიშობ, რომ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში გადაიზრდება“. ამის აცილებას ტრამპი ხან ცდილობს, ხანაც პირიქით.

ფაქტია, რომ ვითარება ირანის ირგვლის საკმაოდ რთულია. ფაქტია ისიც, რომ აშშ-მ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკმაოდ დიდი სამხედრო ძალები გადაისროლა. თუმცა, ჯერ არ ჩანს, რომ თეირანი სერიოზულ დათმობებზე წასვლას აპირებს.

სიტუაცია სწრაფად იცვლება, ამიტომ ფაქტების მოხმობას აღარ გავაგრძლებ და გკითხავთ - კვლავ რჩება იმის დიდი ალბათობა ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც აშშ-ის შესაძლოა, მეორე ვიეტნამი აღმოჩნდეს?

- აშშ-ირანის კონფლიქტის „ვიეტნამიზაციის“ ალბათობა ძალიან მაღალია. თეირანს ძალიან უნდა აშშ სახმელეთო ოპერაციებში ჩაითრიოს, რაც ტრამპის პოლიტიკის სრული კრახი იქნება.

მისი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, ტრამპმა ვერც ერთ თავის სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ირანში არც რეჟიმი შეცვლილა, მას არც დრონებისა თუ რაკეტების მარაგი ამოწურვია, არც შიმშილია.

აშშ-ირანის კონფლიქტის „ვიეტნამიზაციის“ ალბათობა ძალიან მაღალია. თეირანს ძალიან უნდა აშშ სახმელეთო ოპერაციებში ჩაითრიოს, რაც ტრამპის პოლიტიკის სრული კრახი იქნება

მეტიც, ირანული რიალი დასტაბილურდა. შეიძლება ასეც მოხდეს: ტრამპი თავის მხრიდან, ხოლო ირანი თავის მხრიდან გამოაცხადებენ, რომ ომი მოიგეს, კონფლიქტი ორ წელიწად ნახევრით ლატენტურ ფაზაში გადავა და მის მოგვარებას უკვე ახალი პრეზიდენტი შეეცდება.

სხვათა შორის, იგივეს თქმა რუსულ-უკრაინული კონფლიქტის შესახებაც შეიძლება: ტრამპის ყველა დანაპირები ფუჭი სიტყვები აღმოჩნდა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში