ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026

ვახტანგ ძაბირაძე - “კობახიძის თურქული ვოიაჟი ალიევის მიერ მომზადებული ნიადაგის გაგრძელება იყო”

დაძაბული სტარტი არჩევნებამდე - სომხეთში ფაშინიანი პრორუსულ ოპოზიციას დაერია

ვახტანგ კაპანაძე - პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?!

უფასო სწავლა, შემცირებული კვოტები და სასკოლო ფორმები - დიდი ცვლილებები განათლების სისტემაში

დავით ზურაბიშვილი - “ამ ოპოზიციამ რაც არ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, უკვე აზრი აღარ აქვს... ველოდები “ქართველ მადიარს”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “კობახიძის თურქული ვოიაჟი ალიევის მიერ მომზადებული ნიადაგის გაგრძელება იყო”

“ისიც კი არ აპატიეს ხელისუფლებას, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში შესვლის თეორიულ შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ეს რუსეთში აღიქვეს როგორც პოლიტიკური საფრთხე და ზახაროვას რეაქციამაც არ დააყოვნა. არადა წლების განმავლობაში რუსეთი მართლაც ამტკიცებდა, რომ ნატო იყო მათი მთავარი წითელი ხაზი, ხოლო ევროკავშირთან თითქოს პრობლემა არ ჰქონდათ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრი იყო დასავლეთის დასაყოფად. რეალურად დასავლეთის ნებისმიერი აქტივობა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისთვის საფრთხეა, რადგან კრემლი მიიჩნევს, რომ ჩვენ მისი გავლენის სფერო ვართ. უკრაინაში ომიც ამის ნათელი დასტურია. პუტინი ცდილობს აღადგინოს რუსული იმპერია პოსტსაბჭოთა ფარგლებში. მას სურს იყოს ერთადერთი მთავარი ფიგურანტი ამ რეგიონში, რათა მოწინააღმდეგე აღარავინ დარჩეს. ამიტომ დასავლეთის ნებისმიერი შემოსვლა ამ სივრცეში რუსული იმპერიალიზმისთვის საფრთხეა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ალიევის პირისპირ შეხვედრა ივანიშვილთან უფრო ღრმა შინაარსის იყო, ვიდრე უბრალოდ “მეგობრული ვახშამი”.

“მადიარის პარტია იყო ახალი და მას წარსულის ცოდვები არ ამძიმებდა. დღევანდელ ქართულ ოპოზიციას სწორედ ეს პრობლემა აქვს, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობას” და მის განაყოფ პარტიებს, რასაც “ოცნება” მე-16 წელია წარმატებით იყენებს. როდესაც ახალ სახეებზე ვსაუბრობთ, ჰგონიათ, რომ ეს პოლიტიკაში სრულიად ახალ ანუ უცნობ პირებს ნიშნავს. სინამდვილეში, ახალი სახე პოლიტიკაში ნიშნავს ახალ იდეოლოგიას, ახალ სტრატეგიას და ტაქტიკას. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ ახერხებს ელექტორატის მობილიზებას, რაც მოახერხა მადიარმა... ჩვენთან ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: თუ ამომრჩევლის წინაშე არჩევანი ისევ დადგება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, ბევრი ისევ “ოცნებისკენ” გადაიხრება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ ელექტორატი გაყოფილია და მისი გაერთიანების გარეშე “ოცნების” დამარცხება კიდევ კარგა ხანს იქნება პრობლემა. თავის მხრივ, დიდი პრობლემები აქვს “ქართულ ოცნებასაც”. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების 70% კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მის ალტერნატივასაც ვერ ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“პირდაპირ ვთქვათ: გარემო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, თავისი არსითა და შინაარსით დიდად არ განსხვავდება იმ მანკიერი სისტემისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მის შემდგომ წლებში არსებობდა. ჩვენ ვსაუბრობთ მუდმივ, სისტემურ კორუფციაზე, რომელმაც დღეს უკვე წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ასეთი მაღალი ეშელონების კორუფცია მე მხოლოდ ერთხელ მახსენდება - პერიოდი, როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ და აქ სოლიკო ხაბეიშვილი დააპატიმრეს. მაშინაც სწორედ ასეთი უმაღლესი დონის კორუფციულ სკანდალებთან გვქონდა საქმე. მეორე და კიდევ უფრო მტკივნეული საკითხი ოპოზიციის როლია. როდესაც გამოდიხარ და ებრძვი კორუფციას, მინიმალური მოთხოვნაა, რომ თავად იყო სუფთა ამ თვალსაზრისით. ხალხი ყველაფერს ხედავს. როდესაც ოპოზიციურ გუნდში ფიგურირებენ დავით კეზერაშვილი და სხვა მსგავსი რეპუტაციის პირები, კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგი ფასს კარგავს. თქვენ ვერ იქნებით დამაჯერებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა თქვენს გვერდით ისეთი პირები დგანან, რომლებთანაც საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიდრე ოპოზიცია ამ ყველაფერს კომპლექსურად არ გაივლის და არ მოძებნის გამოსავალს, “ქართული ოცნების” დამარცხება ძალიან გაჭირდება. კორუფცია დღეს ხელისუფლებისთვის არის არა მხოლოდ გამდიდრების საშუალება, არამედ მართვის ბერკეტიც - ლოიალურობის ყიდვისა და სისტემის შენარჩუნების ინსტრუმენტი. თუ ოპოზიცია არ შესთავაზებს ხალხს აბსოლუტურად ახალ, მორალურად სუფთა პლატფორმას, საზოგადოების ის 70%, რომელიც დღეს ოპოზიციურადაა განწყობილი, შესაძლოა არჩევნებზე საერთოდ არ მივიდეს ან ისევ ნაცნობ “სტაბილურ კორუფციას” მისცეს ხმა, რადგან ვერ ხედავს რეალურ, სუფთა ალტერნატივას. ამ პრობლემებს იმიტომ კი არ ჩამოვთვლი, რომ ხელისუფლების წისქვილზე დავასხა წყალი - პირიქით, ეს არის მწარე რეალობა, რომლის გააზრების გარეშეც ქვეყანა მუდმივად წრეზე იტრიალებს. მოკლედ, ოპოზიციამ თუ კომპლექსურად არ გადახედა საკუთარ სტრატეგიას, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ გარე ფაქტორების იმედად დარჩება და ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჩემი ღრმა რწმენით, კობახიძის თურქული ვოიაჟი ალიევის მიერ მომზადებული ნიადაგის გაგრძელება იყო. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი ხიდის გადებას და იმ იზოლაციიდან გამოსვლას, რომელშიც დღეს მმართველი გუნდია. უნდა გვესმოდეს იერარქია: ილჰამ ალიევი ნამდვილად არის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში საჭირო და ანგარიშგასაწევი ფიგურა დასავლეთისთვის, მაგრამ ერდოღანი სულ სხვა წონითი კატეგორიაა. ის ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერია, ჰყავს რეგიონში უძლიერესი არმია და მისი გავლენა ვაშინგტონზე ბევრად აღემატება უნგრეთისას ან აზერბაიჯანისას. თუ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად სჭირდება ძლიერი შუამავალი, თურქეთი ამისთვის ბევრად უფრო ეფექტიანი და წონიანი კანდიდატია. ალიევის ვიზიტი საქართველოში და მისი პირისპირ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, უფრო ღრმა შინაარსის იყო, ვიდრე უბრალოდ “მეგობრული ვახშამი”. საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ მოსალოდნელ სანქციებს და ფინანსურ უსაფრთხოებას, არამედ ფუნდამენტურ საკითხს: რამდენად სანდო პარტნიორია დღეს საქართველოს ხელისუფლება? ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ბოლო წლებში განიცადა უდიდესი დანაკარგი - ეს არის ნდობის ფაქტორის სრული განულება საერთაშორისო ასპარეზზე”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩემი აზრით, ალიევი ამ შეხვედრაზე ერთგვარად “დაზვერვის” ფუნქციას ასრულებდა - ის სინჯავდა ნიადაგს, რათა გაეგო, რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს დასავლეთს ივანიშვილთან და, რაც მთავარია, რამდენად შეიძლება ივანიშვილის სიტყვის ან პირობის დაჯერება. დღეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში მთავარი ბარიერი სწორედ ნდობის დეფიციტია. როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორებს პირობას აძლევ და შემდეგ მას საჯაროდ აუქმებ, ნებისმიერი შუამავალი, იქნება ალიევი თუ ერდოღანი, უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ ახლა ცდილობენ სწორედ რეგიონული ლიდერების მეშვეობით მოხდეს გარკვეული გარანტიების მიცემა დასავლეთისთვის, რათა “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური გადარჩენის შანსი შეინარჩუნოს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ირანმა ორმუზის სრუტე გახსნა...” - პასუხობს:

“რეალურ მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია. ირანის დიქტატორულ რეჟიმს მანევრირების უნარი არ გააჩნია - როგორც კი ირანის ხელისუფლება დათმობაზე წავა ურანის საკითხზე, მოსახლეობა ამას სისუსტედ ჩაუთვლის და ეს იქნება ბიძგი რეჟიმის შესაცვლელად, ტრამპის განცხადებები კი ხშირად ფუჭია. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკას ორი რადიკალურად განსხვავებული ლიდერი ჰყავდა: რეიგანი, რომელმაც დასავლეთი გააერთიანა, და ტრამპი, რომელიც ყველას უპირისპირდება. პუტინსა და ტრამპს შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება აღარ არის. დღეს მთავარი კითხვაა: გაუძლებს თუ არა ამერიკული დემოკრატიული სისტემა ტრამპის ამბიციებს? საიმედო ისაა, რომ ევროპა იღვიძებს. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ალიანსი ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ევროპა ხდება დამოუკიდებელი და რეალური მოთამაშე. დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება... შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება და საქართველო ამ პროცესებში საკუთარ ადგილს უნდა ეძებდეს, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძალიან რთულად მეჩვენება”.

დაძაბული სტარტი არჩევნებამდე - სომხეთში ფაშინიანი პრორუსულ ოპოზიციას დაერია

“სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება, თუმცა წინასაარჩევნო გარემო უკვე მკვეთრად იძაბება - ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრორუსულ ოპოზიციასთან დაკავშირებული 14 პირი დააკავეს, რაც წინასაარჩევნოდ ბევრ კითხვას აჩენს. ორიოდე დღით ადრე კიდევ ორი წევრი დააკავეს, რომლებსაც ბრალი არჩევნების პერიოდში საქველმოქმედო საქმიანობის აკრძალვის დარღვევაში დასდეს. “ანტიკორუფციულმა ორგანომ ოპოზიციური “ძლიერი სომხეთის” სხვადასხვა ოფისში ჩხრეკები ჩაატრა და 14 ადამიანი დააკავა. ვცდილობთ დავადგინოთ, სად გადაიყვანეს ეს პირები, რა გარემოებებში და რის საფუძველზე”, - განაცხადა პარტიის ადვოკატმა იურა დილანიანმა. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. ამერიკული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თებერვლის გამოკითხვით, ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთი”, მმართველი “სამოქალაქო კონტრაქტის” შემდეგ, რეიტინგით მეორე ადგილს იკავებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაძაბული სტარტი არჩევნებამდე - სომხეთში ფაშინიანი პრორუსულ ოპოზიციას დაერია / ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის” ლიდერი სამველ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში რჩება.

“სამოქალაქო კონტრაქტი”, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, აქტიურად ცდილობს საგარეო კურსის დასავლეთისკენ გადახრას - ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ინსტიტუტებზე და ამყარებს კავშირებს როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან - წერს ბრიტანული სააგენტო “როიტერსი”. ამ ფონზე, პრორუსული ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მოსყიდვის ბრალდებებით დაწყებული საქმე წინასაარჩევნო დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ახლა მთავარი კითხვაა - რამდენად წარმოადგენს ეს პროცესი რეალურ ანტიკორუფციულ ქმედებას და რამდენად შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ ივნისის არჩევნების შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თვითონ სომხეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ოპოზიციურ “ძლიერი სომხეთის” ლიდერი მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მას ბრალად ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებები ედება. კარაპეტიანი გასული წლის ივნისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამას “თავისებურად” შეაჩერებდა, - აღნიშნავს გამოცემა.

“კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. პოლიტოლოგი ნუკრი შოშიაშვილი სომხეთში წინასაარჩევნო პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ ფაშინიანი კონკურენტების თავიდანვე მოშორებას ცდილობს. “ფაშინიანი პრინციპში ეს ის პროექტია, რა პროექტიც ჩვენთან იყო სააკაშვილი. ფაშინიანი იკეთებს იმას, რაც მოხდა რუმინეთში, კონკრეტულად კი შესაძლო კონკურენტს თავიდანვე ანეიტრალებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ხდება ევრობიუროკრატიის მთავარი დასაყრდენი რეგიონში ისე, რომ გარკვეულწილად ცვლილებების პერსპექტივა არ ჩანს. მეორე მხრივ, თვითონ ოპოზიციის პრობლემაც არსებობს - ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები არც ისე პოპულარულია თვითონ სომხეთში. ერთი მხრივ უნდა ველოდოთ უხეშ ჩარევას არჩევნებში, მეორე მხრივ ბუნებრივადაც ოპოზიცია არ არის ისეთი ძლიერი, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს და სათავისოდ გადაზარდოს მნიშვნელოვან პროტესტზე, - თვლის შოშიაშვილი, რომლის აზრით, შესაძლოა ევროპელებმა სომხეთს ევროინტეგრაციის პროცესში უფრო მეტი მისცენ, ვიდრე საქართველოს აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს რეგიონის საერთო სურათზე აისახება იმით, რომ სომხეთი ცდილობს, გარკვეულწილად გადატვირთოს პოლიტიკა თურქეთთან, მეორე მხრივ კი უნდა, იყოს დასავლეთის პლაცდარმი, თუნდაც ირანთან მიმართებაში, მაგრამ ამისთვის სომხეთს აკლია ერთი მნიშვნელოვანი რამ, ლოჯისტიკურ საკითხი - მას უშუალო კავშირი დასავლეთთან არ აქვს, მით უმეტეს, არც ზღვაზე გასავლელი აქვს. გარკვეულწილად ევროინტეგრაციის პროცესში ალბათ ჩვენზე წინ იქნება და სავარაუდოდ, უფრო მეტს მისცემენ ევროპელები, ვიდრე საქართველოს აქვს, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი შოშიაშვილი

ვახტანგ კაპანაძე - პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?!

“ირანში ომმა ცოტა ჩრდილში მოაქცია უკრაინის ამბები, ბოლო მომენტამდე რუსების აქტიურობა შენელებული იყო, რაც დაკავშირებულია ამინდთან. რუსები ემზადებოდნენ საზაფხულო კამპანიისთვის და შესაბამისად გადაადგილდებოდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ ამ პერიოდისთვის უკრაინელებმა რუსებთან შედარებით 30%-ით მეტი დრონი გამოიყენეს (სამჯერ მეტი). მათ შექმნეს კონცეფცია - სიკვდილის ზონის 25-30-კმ-მდე, საფრონტო სიღრმეზე გაზრდა. მეორე ზონა 250-300კმ-ზე იყო (“მიდლ სტრაიკი”), სადაც მათ დრონების ზემოქმედება გაზარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სადღაც 35კმ-მდეა ე.წ. სადივიზიო ზურგი, სადაც ძირითადად მოძრაობს სატრანსპორტო საშუალებები პროდუქტით, საწვავითა და საბრძოლო მასალით 3-5 დღე-ღამის გათვლით. 60კმ-მდე სიღრმე ითვლება, რომ არის საკორპუსე ზურგი, სადაც 10-12 დღე-ღამისთვის ინახება ის პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, ხოლო 100-150კმ-მდე არის საარმიო ზურგი, სადაც საწვავთან, პროდუქტსა და საბრძოლო მასალასთან ერთად საინჟინრო მასალა და საბრძოლო ტექნიკა ინახება”, - აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?!

“ჩამოთვლილ სიღრმეებზე არის როგორც საველე განთავსების ადგილები, ასევე საწყობები. 300კმ სიღრმემდე ე.წ. კომუნიკაციის ზონაა, სადაც სტაციონარული განთავსების საწყობებია. წარმოიდგინეთ, როდესაც რუსები შეტევაზე გადასვლას ცდილობდნენ, თუნდაც თავდაცვის ორგანიზების შემთხვევაში მათ სასურველ პოზიციებამდე სადღაც 15-20კმ-ს გადალახვა უწევდათ და სანამ პოზიციებამდე მივიდოდნენ, ანუ ბრძოლის დაწყებამდე დაახლოებით 80%-ს კარგავდნენ. რუსებმა, უბრალოდ, გაზარდეს ხალხის რაოდენობა და ამ პირობებში უკრაინელებმა უკვე განავითარეს კონცეფცია “მიდლ სტრაიკი” ანუ საშუალო სიღრმის ტაქტიკურ-ოპერატიული სიღრმის დარტყმები მიაყენეს. ჩათვალეთ, რომ ისინი 300კმ-მდე, კომუნიკაციის ზონამდე სწვდებიან და რუსებს არ აძლევენ მომარაგების და კონცენტრირების საშუალებას. ის, რომ რუსები ქალაქებს ბომბავენ, ეს მათი ხელწერაა. საინტერესოა, რომ მათ დონეცკის რაიონს იმ ადგილას დაარტყეს, სადაც “შაჰიდების” საწყობია. გაზაფხულზე რუსების გააქტიურება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ამინდი გამოვიდა, ნიადაგი გაშრა, რაც ტექნიკის მასობრივად გამოყენების საშუალებას იძლევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ახლა ძალაშია სამი ძირითადი მიმართულება: 1. სუმის ოლქი, რომელიც ესაზღვრება კურსკის ოლქს რუსეთში. ამ მიმართულებაზე რუსები პუტინის დავალებით ცდილობენ ბუფერული ზონის შექმნას. მათ აქ პატარა წარმატება აქვთ, ხუტორებს იღებენ, მაგრამ დაკავებული ტერიტორიების სიღრმე სუმის ოლქში 10 კმ-ს არ აღემატება საზღვრის გაყოლებით, კრასნოპოლიემდეც კი არ არიან მისული. ამ მიმართულებით რუსებს აქტიურობა იმისთვის სჭირდებათ, რომ უკრაინელების ძალები გაფანტონ, გადაანაწილონ ამ გრძელ ფრონტზე (1200-დან 1500კმ-მდეა გადაჭიმული); 2. მთავარი დარტყმის მიმართულებად რჩება კრამატორსკი-სლოვიანსკის თავდაცვის რაიონი. ვნახოთ, რას შეძლებენ, ვინაიდან დიდი წინსვლა რუსებს არც აქ გააჩნდათ - უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს (დაახლოებით 400კვ.კმ), ვიდრე რუსებმა დაიკავეს; 3. ზაპოროჟიეს მიმართულება, სადაც აფეთქების შემდეგ რუსებმა სცადეს კახოვკის წყალსაცავის გაყოლებაზე შეეტიათ. 2025 წლის შემოდგომაზე ისინი შეაჩერეს - უკრაინელებმა ლუკიანოვკიდან და პავლოვკიდან დაიწყეს კონტრშეტევები და გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლეს. რუსებს ისევ დაკავებული აქვთ მხოლოდ სტეფნაგორსკი და პრიმორსკოე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ფაქტია, რომ ჯერ ამ ე.წ. მცირე ჰაერში უკრაინელებს დიდი უპირატესობა აქვთ დრონების გამოყენებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამაში, რა თქმა უნდა, დასავლეთის დამსახურება დიდია. მაგალითად, ბრიტანეთში ძალიან ბევრი ტიპის დრონი ეწყობა უკრაინისთვის, ასევე, “სტარლინკი” და მაღალტექნოლოგიური კავშირების საშუალებები, რომლებიც უკრაინულ უპილოტოებს აქვთ (რუსებს კი არა აქვთ და მათი ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით უჭირთ). თუკი იყო იმის შიში, რომ აშშ-ის ჩართვა ირანთან ომში უკრაინისთვის პრობლემებს გამოიწვევდა, აღმოჩნდა, რომ არანაკლები (მეტი თუ არა) პრობლემები შეექმნა რუსეთს, ვინაიდან ირანი იქით დასახმარებელი გახდა. ამ პერიოდში დასავლეთი არ ამცირებს უკრაინის დახმარებას, სულ ახლახან, თუ არ ვცდები, 2024 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი გაიმართა გერმანიაში, სადაც 10 პროგრამაზე მოაწერეს ხელი და გერმანიამ უკრაინას გრძელვადიანი პროექტებისთვის 4 მილიარდი დოლარი გამოუყო... ყველაზე მტკივნეული საკითხი რუსებისთვის არის ნიკოლაევი-ოდესის მიმართულება (და მერე სახმელეთო დერეფნის გაკეთება დნესტრისპირეთამდე), რასაც დღევანდელი მოცემულობით ვერ ეღირსება. ამიტომაცაა, რომ პუტინი გამწარებული ბომბავს ოდესას”, - მიიჩნევს გენერალ-მაიორი.

“პუტინის მიზანია უკრაინას მოსწყვიტოს შავი ზღვა, დონბასი კი დარჩება ამოცანად, მას რუსეთი ვერ აუვლის გვერდს. სხვათა შორის, რუსეთს დონბასის 80% აქვს დაკავებული და დიდი ეჭვი მაქვს, ამ წელიწადს ნამდვილად მოახერხებს დანარჩნის აღებას. რუსებს დღეს ბრძოლის ველზე სამი რამ დარჩათ გამოუყენებელი: 1. ბელარუსის იძულება, ჩაერთოს ომში; 2. საყოველთაო მობილიზაცია (მას გაწვევები არ შეუწყვეტია, ე.წ. მცოცავი, პერმანენტული მობილიზაცია მიმდინარეობს, ძირითადი ნაწილი კონტრაქტითაა. პუტინი საყოველთაო მობილიზაციას ვერ განახორციელებს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ომი აქვს გამოცხადებული. საყოველთაო მობილიზაცია შიგნიდან როგორ აუფეთქდება, ეს კიდევ სხვა თემაა) და 3. ბირთვული იარაღი, რომელიც საეჭვოა პუტინმა გამოიყენოს. რუსებს აქვთ რესურსი, ომი 2 წელსაც გაწელონ. ჩემი აზრით, რუსების მდგომარეობა იქამდე მივა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდებიან (მაგრამ ომი არ დასრულდება) და შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი ვითარება, როგორიც ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორისაა. შემდეგ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გეოპოლიტიკური მოვლენები განვითარდება მსოფლიოში, ასევე, თავად რუსეთშიც.”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

უფასო სწავლა, შემცირებული კვოტები და სასკოლო ფორმები - დიდი ცვლილებები განათლების სისტემაში

“2025-2026 წლები საქართველოს განათლების სისტემისთვის გარდამტეხ ეტაპად ყალიბდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, თუმცა პარალელურად მცირდება მისაღები ადგილების რაოდენობა, იცვლება დიპლომების სტატუსი, 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება. რეფორმების პაკეტი, რომელიც სკოლიდან უმაღლეს განათლებამდე ვრცელდება, ერთდროულად აჩენს როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე ბევრ კითხვასაც. 2025-2026 წელი განათლების სისტემაში დიდი რეფორმებისა დაცვლილებების წელი აღმოჩნდა, ამ წელს სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლას უფასოდ შეძლებენ, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა კვოტებისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობა. სამაგისტრო და ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, სექტემბერში ჩარიცხული სტუდენტები კი ახალი რეფორმის ფარგლებში პირველი ნაკადი იქნება. გარდა ამისა, 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შეიძლება მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უფასო სწავლა, შემცირებული კვოტები და სასკოლო ფორმები - დიდი ცვლილებები განათლების სისტემაში.

“განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს მოქმედი კანონით, 2010 წლის სექტემბრამდე 4-წლიანი პროგრამების დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ. დაუსწრებელი) ერთსაფეხურიანი პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება, კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს ქმნის უთანასწორო მდგომარეობას, რაც ცვლილებების მიღების შემთხვევაში გამოსწორდება. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება. კანონპროექტი ასევე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 2010 წლის სექტემბრამდე სწავლა დაასრულეს ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც დაკარგეს ან ვერ გაიარეს აკრედიტაცია. ცვლილებების მიხედვით, მათი განათლების აღიარება სასამართლოს ჩარევის გარეშე გახდება შესაძლებელი. კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჩაირიცხნენ და სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის დაკარგვის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ - კვირის, თვის ან წლის განმავლობაში), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე”, - წერია კანონპროექტში... საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება. კანონში დეკემბერში შეტანილი ცვლილებით ახლებურად არის განისაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. ეს შეეხება როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს. როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.

“კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები. სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან. რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა - პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად მოკლებულია საფუძველს”, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2026 წლიდან სახელმწიფო სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების ტარებაც სავალდებულო ხდება”, - დასძენს სამინისტრო.

“პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია. 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა” ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამტკიცებს, სასკოლო ფორმები ბევრად უფრო იაფი იქნება, „ვიდრე მშობელს დღეს მისი სასკოლო აღჭურვა უხდება” და ფორმის ღირებულება, ალბათ, “ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება”.

“ვერ დაგეთანხმებით “ძვირადღირებულობასთან” დაკავშირებით. ამის მოკვლევა ჩატარებული გვაქვს, რა თქმა უნდა. სასკოლო ფორმები დაახლოებით იქნება 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება მისი სასკოლო აღჭურვა. სოციალურად დაუცველ პირებზე მინისტრმა განაცხადა, რომ 60 000 ქულაზე ნაკლებ მოსწავლეებზე სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და თვითონ უზრუნველყოფს აღნიშნული ტიპის დაფინანსებას. არის მშობელთა დიდი ნაწილი, რომელთაც აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - “ამ ოპოზიციამ რაც არ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, უკვე აზრი აღარ აქვს... ველოდები “ქართველ მადიარს”

“ ის, რაც მადიარმა უნგრეთში გააკეთა, 180 გრადუსით საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ჩვენი ოპოზიცია სთავაზობს ამომრჩეველს. თავდაპირველ სიხარულს, რომ ორბანის რეჟიმი დამარცხდა, მალევე მოჰყვა დაფიქრება, გამოდის, ის გზა, რომლითაც მივდივართ, არასწორიაო. შემდეგ დაიწყო მცდელობა, თავი ემართლებინათ. ზოგი ამბობდა, ჩვენთან ბევრად უარესი რეჟიმია, ზოგი კი სააკაშვილსა და მადიარს შორის ცდილობდა პარალელების გავლებას. ოპოზიციის დიდი ნაწილი ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებაში არ გამჯდარიყო აზრი, რომ მადიარმა პრინციპულად სხვა გზა აირჩია. თუმცა ერთი კარგი ტენდენცია მაინც გამოიკვეთა - ე.წ. ლიბერალურ ბაბლში, რომელსაც ოპოზიციაზე დიდი გავლენა აქვს, უკვე გაჩნდა კითხვები არსებული ტაქტიკის სისწორეზე...” - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ველოდები “ქართველ მადიარს“.

“რეალურად ივანიშვილისა და ორბანის პოლიტიკა იდენტურია - ორივე ეწევა ოპოზიციის სრულ დემონიზაციას, აცხადებს მათ უსამშობლოებად, უცხო ქვეყნის აგენტებად და ომის მომხრეებად. ჩვენთან ყველაფერზე რუსეთს ახსენებენ, მაშინ როცა ორბანის მეთოდები ერთი ერთში მეორდება საქართველოში. იმასაც კი ამბობენ, რომ პიარის საკითხებში “ოცნებას” საარჩევნოდ სწორედ ორბანის მრჩეველი ეხმარებოდა. უნგრეთშიც ოპოზიცია ჭრელი იყო და იქაც წამყვან როლს ყოფილი, ხალხში არაპოპულარული ხელისუფლება ასრულებდა. წინა არჩევნებზე მათ ბლოკში გაერთიანება სცადეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ. მათ წინააღმდეგ ორბანიც ზუსტად მსგავს მეთოდებს იყენებდა - დაშინებას, მოსყიდვასა და სოციალურ პროგრამებს. მართალია, ჩვენთან რაღაცაში უფრო მძიმე მდგომარეობაა, თუმცა უნგრეთის საარჩევნო კანონი ჩვენსაზე ბევრად უარესია. ამ პირობებში მადიარმა აირჩია არაკონფრონტაციული გზა და არ დაუწყია ორბანთან პოლემიკა “რუსეთისა და ევროპის” თემებზე. მისი ტაქტიკა ადგილობრივ, განსაკუთრებით კი რეგიონულ პრობლემებზე ორიენტირებას გულისხმობდა. ჩადიოდა ყველგან და ხალხს აჩვენებდა, რას აკეთებდა ხელისუფლება ცუდად და რას გააკეთებს თვითონ. გარდა ამისა, არ უარყოფდა ხელისუფლების ზოგიერთ პოპულარულ ნაბიჯს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად, ეთანხმებოდა ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და ამტკიცებდა, რომ უნგრეთის ბედი გადაწყდება არა ბრიუსელში, ვაშინგტონში ან მოსკოვში, არამედ თავად უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მადიარმა სრულიად ახალი ხალხი წამოსწია წინ და ძველი ოპოზიციიდან არავინ გაიკარა. ის თავად იყო ახალი სახე პოლიტიკაში. მართალია, პარალელებს გახარიასთან ან სააკაშვილთან ავლებენ, მაგრამ ის არ ყოფილა რეჟიმის სახე - ის მხოლოდ საჯარო მოხელე იყო და ცუდ ქმედებებთან არ ასოცირდებოდა. მან ხალხში ცვლილებების იმედი გააღვიძა, მათ შორის ორბანის მომხრეებშიც. მსგავსი ელექტორალური ავტორიტარიზმის დამარცხება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხალხი დაიჯერებს, რომ ხელისუფლების ცვლილება რეალურია, მომავალი - უკეთესი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როდესაც საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად იცვლება, ხდება ის, რასაც მე “მასობრივ გადაგდებას” ვუწოდებ - ადამიანები იღებენ ფულს ან სარგებელს, მაგრამ ხმას მაინც ოპოზიციას აძლევენ. ასე მოხდა საქართველოში 2012 წელს, როდესაც “ნაცმოძრაობისთვის” საკუთარი ამომრჩევლის ნაწილისგან მიღებული მარცხი გამანადგურებელი აღმოჩნდა. დღეს ოპოზიციას ჰყავს მოძველებული ლიდერშიფი, რომელიც არჩევნებზე პრინციპულ უარს ამბობს და მხოლოდ არაღიარების ხაზს მიჰყვება. მათი მთავარი გზავნილია, რომ დასავლეთი დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს სანქციებს, რაც რეალურად ხელისუფლებას პროპაგანდისთვის დამატებით საბაბს აძლევს, რათა ოპოზიცია უცხო ქვეყნის აგენტებად წარმოაჩინოს. ოპოზიცია თავადაც იმავე მაპოლარიზებელ მეთოდებსა და დეჰუმანიზაციას მიმართავს, რასაც ხელისუფლება. ოპოზიცია არ ასხივებს მშვიდობასა და სტაბილურობას, პირიქით, მისგან აგრესია მოდის. როდესაც ბრძოლა მხოლოდ აგრესიაზეა დამყარებული, ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც მეტი ძალა, პოლიცია და ჯარი ჰყავს”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი

“თუ არჩევნების ნაცვლად ძალისმიერ გზას ირჩევ, მაშინ რევოლუციური ბელადები გჭირდება, სხვაგვარად რეჟიმს ძალით ვერ შეცვლი. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გზაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგეს. უნდა ეცადო, შეცვალო საარჩევნო კოდექსი და ხელისუფლება დათმობებზე გამოიწვიო, მაგრამ უმთავრესია ხალხში იმედის გაჩენა. ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში ნელ-ნელა მიდის იმის გაცნობიერება, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი დიდი შეცდომა იყო. გაუგებარია, რატომ შერაცხეს ეს არჩევნები “რუსულ სპეცოპერაციად” და რატომ აჰყვა ამ სიგიჟეს ბევრი ჭკვიანი ადამიანი. ამას მოჰყვა უწყვეტი პროტესტი, რაც ხელისუფლებას მხოლოდ ნერვებს უშლის, მაგრამ სერიოზულ პრობლემას ვერ უქმნის და რეალურად ვერაფერს ცვლის... დღეს ხშირად გვატყუებენ, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებით შევცვლით ხელისუფლებასო, თუმცა არჩევნების წინ სულ სხვა პოზიცია ჰქონდა. ასევე, ვხედავთ “ახალ ალიანსს”, სადაც ბოკერია, ვაშაძე, წერეთელი და ჯაფარიძე ამბობენ, რომ “ნაცები” არ არიან, თუმცა ხალხისთვის ისინი მაინც ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდებიან”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

“ხელისუფლება ყოველთვის ისარგებლებს “ნაცმოძრაობის” უარყოფითი იმიჯით. ამას ემატება სააკაშვილი, რომელიც ციხიდან სოცქსელებით გამუდმებით ამწვავებს კონფრონტაციას და აღიზიანებს ანტიმიშისტურ ელექტორატს. ის შეცდომებს არ აღიარებს, რაც ხელისუფლებას ოპოზიციის დეჰუმანიზაციისა და საზოგადოების გათიშვისთვის სჭირდება. ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ლაპარაკი, თუ რა საშინელი ტიპია ივანიშვილი, და აქცენტი იმაზე გადაიტანოს, თავად რისი გამკეთებლები არიან.... ჩემი აზრით, ამ ოპოზიციამ რაც არ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, უკვე აზრი აღარ აქვს. შესაბამისად, თავად სიტუაცია მოიტანს იმას, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი ლიდერი გამოჩნდება. მე არჩევნების წინ სწორედ “ქართველი მადიარის” მსგავსი ახალი ფიგურის გამოჩენას ველოდები. თავის დროზე სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ივანიშვილის სახით ახალი “მესია” მოეყვანა, ახლა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს ისეთი ახალი ტიპის ლიდერის გამოსაჩენად, რომელიც ერთბაშად მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა, ამიტომ წელს შესაძლოა ამას არ ველოდოთ, თუმცა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, უკვე შესაძლებელია სერიოზული სიახლეები გამოჩნდეს”, - დასძენს ზურაბიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ