გერმანიის ელჩი საქართველოში - საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ „დიახ“

„ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს. მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ „დიახ“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

გერმანიის ელჩის შეფასებით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და როგორი მოლოდინები აქვთ ბერლინში ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ამ და სხვა თემებზე, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

- ნება მომეცით, ინტერვიუ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით დავიწყოთ. ევროკომისიმ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაცია გასცა. ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არაერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ამასთან, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორ შეაფასებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას?

- ეს იყო ისტორიული დღე და მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციაში. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის ევროპის საბჭოს ორიენტაციისთვის. ევროპის საბჭო შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისაგან. ასე რომ, გერმანიის სახელით კანცლერი შოლცი, საფრანგეთის სახელით პრეზიდენტი მაკრონი და ა.შ. დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ თუ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, ეს ძალიან კარგი ნიშანია.

მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ „დიახ“. ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინის და სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ ძალადობას ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ვხედავთ უამრავ დიდ გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ გამოწვევებს ჩვენი ცხოვრების წესის მიმართ, რაც არის თავისუფლება, სადაც მოქალაქეებს აქვთ თავისუფლების უფლება, სადაც ჩვენ ვსარგებლობთ დემოკრატიით, სადაც ვცხოვრობთ კანონის და არა ძალის უზენაესობით. ევროკავშირი გვიცავს ამ ყველაფრისგან. რაც უფრო მეტი ქვეყანაა ჩვენთან ერთად, მით უფრო უკეთესია ეს დაცვა.

ამავდროულად ეს დაცვა ექნება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც შეუერთდებიან ევროკავშირს. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ასე რომ, ეს ისტორიული დღეა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ დეკემბერში იქნება მიღებული. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კომისიამ ასევე დაასახელა ცხრა სფერო, რომლებშიც საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მუშაობა და დეკემბრამდე სხვა სახის სიგნალები არ გამოგვიგზავნოს.

სიგნალი უნდა იყოს, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სიგნალი არ უნდა იყოს უკუსვლა რომელიმე ხსენებულ ცხრა სფეროში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირი არის ჩვენი დაცვა, ასევე ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. და რადგან ეს ჩვენი დაცვაა, და რადგან არსებობს გამოწვევა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მოდის მსოფლიოდან, რიგი სახელმწიფოებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთესია ზემოდან მმართველობა (ძალაუფლებით მართვა?), უბრალოდ ბრძანების გაცემა და ხალხის დამორჩილება, ვიდრე ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება და უთხრას მთავრობას თუ რა არის გასაკეთებელი - ამიტომ ჩვენ არ მივცემთ შეღავათს არცერთ პოტენციურ ახალ წევრს, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია. დეკემბერში გვექნება გადაწყვეტილება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდა, რომ პასუხი დადებითი იყოს. გერმანიას სურს, რომ პასუხი დადებითი იყოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. შემდეგ გვაქვს 220 000-გვერდიანი იურიდიული ტექსტი, ე.წ. ევროპული კანონმდებლობისა და სტანდარტების სრული ნაწილი, რომელიც ახალმა წევრებმა უნდა მიიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატია და კანონის უზენაესობაა. ასე რომ, ეს ძალიან ფუნდამენტური პუნქტია და ამის გაძლიერება ნამდვილად ღირს.

- რა რჩევებს მისცემდით საქართველოს ხელისუფლებას, რა არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც მათ უნდა გააძლიერონ მუშაობა? ასევე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რას ურჩევდით საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს?

- ჩემი რჩევა არ არის მხოლოდ ჩემი რჩევა. ეს წერილობითი რჩევაა. როგორ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი, საიდუმლო არ არის. ყველაფერი ხელმისაწვდომია შავით თეთრზე დაწერილი და შეგიძლიათ წაიკითხოთ. შეიძლება არ წაიკითხო სრული 220 000 გვერდი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, წაიკითხონ კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ეს არის სამი მოკლე აბზაცი და წასაკითხად, დაახლოებით ერთი გვერდია და ასევე წაიკითხონ ის, რაც კომისიამ თქვა. რაც მათ თქვეს არის ის, რომ ჩვენ ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს წინსვლას. ამიტომ იყო რეკომენდაცია დადებითი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით. მე მკაფიოდ მსურს ვთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და არ უნდა არსებობდეს ეჭვის საფუძველი. ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს.

ევროკომისიის რეკომენდაცია 9 პუნქტშია თავმოყრილი. გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, როგორიცაა მაგალითად ანტიკორუფციული სამსახური, საარჩევნო კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, მონაცემთა დაცვის სამსახური, ყველა ეს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური დემოკრატიისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ თქვენი მუშაობა დეოლიგარქიზაციაზე, არის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კომენტარები. განაგრძეთ ეს სამუშაო. ეს ასევე რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვას მიმართ.

თქვენ მკითხეთ, თუ რა რჩევა მექნებოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის და გიპასუხებთ, რომ ყველაფრის ქვაკუთხედი არის უკვე კარგად ნაცნობი დეპოლარიზაცია. ევროკავშირის სტილის დემოკრატიაში, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ ერთად იმუშაონ კონსტრუქციულად. პირველი ნაბიჯი არის მეორე მხარის ლეგიტიმურად მიღება. თუ პოლიტიკური დისკურსი ამოიწურება იმის თქმით, რომ არ ხარ ლეგიტიმური, უნდა გაქრე, მაშინ კონსტრუქციული დისკუსია შეუძლებელი ხდება და მე დემოკრატიის შესახებ შემდეგი გამონათქვამი ძალიან მომწონს - დემოკრატიაში არ არის რთული, რომ იყო მართალი, არამედ რთულია კომპრომისზე წასვლა. იმიტომ, რომ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული იდეები და დემოკრატიის ხელოვნებაა (უმთავრესი) კომპრომისის პოვნა უმრავლესობის შესაქმნელად და უმრავლესობით ხმების საფუძველზე ისეთი კანონების მიღება, რომელიც დააკმაყოფილებს ხალხს და დაიცავს უმცირესობებს. ასე რომ, დეპოლარიზაცია საქართველოსთვის გამოწვევად რჩება. თუმცა, როგორც ითქვა, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა და საქართველომ მიიღო დადებითი რეკომენდაცია.

- ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ დეკემბრის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. გარდა ამისა, ევროკავშირი მუშაობს საქართველოსთან, მუშაობს კანდიდატ ქვეყნებთან, ასპირანტ ქვეყნებთან, რათა ერთად მივაღწიოთ ყველა ამ მიზანს. ასე რომ, მოდით ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე.

- 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორია თქვენი მოლოდინი და, გეკითხებით როგორც გერმანიის წარმომადგენელს, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს?

- ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს მიმართულებას აძლევს. გერმანიას სურს თქვას „დიახ“, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში. ასე რომ, თუ საქართველო, როგორც მე ველოდები, გააგრძელებს რეფორმების გზას, გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გაძლიერებას, მაშინ მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური საქართველოს სასარგებლოდ მისცემს ხმას და გერმანია მათ შორისაა. კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას.

- რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომი უკრაინაში კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ, მკაცრი სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად რუსეთი კვლავ ახერხებს უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გაგრძელებას. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ევროპული ქვეყანა არ არის მზად, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები მტკიცე, საერთო პოზიციის შენარჩუნებას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება და არის თუ არა ევროკავშირი მზად ასეთი გამოწვევებისთვის?

- დიახ, მე ასე ვფიქრობ. გერმანია ამ გადაწყვეტილების ერთგულია. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა ამის ერთგულია. ჩვენ უარვყოფთ უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, თუ როგორ წარმოგვიდგენია საერთაშორისო თანაცხოვრება. საერთაშორისო ურთიერთობების პირველი წესია აგრესიული ომების და საზღვრების ძალით შეცვლის უარყოფა. რატომ არსებობს ევროკავშირი? იმიტომ, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში და მანამდეც გვქონდა ევროპაში ომებისა და ძალადობის ისტორია. ასე რომ, ევროკავშირის პირველი პრინციპი არის მშვიდობიანი, თანაარსებობა და საერთაშორისო საზღვრებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რა არის საუკეთესო გზა? არსებობს რუსეთთან ურთიერთობის განსხვავებული ისტორია და ტრადიციები და ეს ნორმალურია ისეთ დემოკრატიულ ორგანიზაციაში, როგორიც ევროკავშირია, მაგრამ ვიმეორებ, რომ დიდი უმრავლესობა ძალიან მტკიცეა და ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს დიდი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვართ სხვა ფორმატებშიც, როგორიცაა “დიდი შვიდეული“, სადაც ასევე არის დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ვცდილობთ შევზღუდოთ ეს ომი, არ გავაფართოოთ, გვსურს მშვიდობა დამკვიდრდეს უკრაინაში, შენარჩუნდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც ამ შემთხვევაში უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს.

- 2024 წელი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება, რადგან ევროპარლამენტის არჩევნები მომავალი წლის ივნისში გაიმართება. როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ ვითარებას ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც პოპულისტი მემარჯვენე და ევროსკეპტიკოს პოლიტიკური პარტიების პოპულარობა იზრდება? ხედავთ თუ არა რაიმე საფრთხეს არჩევნების შემდეგ ევროკავშირის საგარეო, საშინაო თუ მიგრაციული პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით?

- კარგი შეკითხვაა. ეს, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტური კითხვაა. ჩვენ არ ვიცით, მიიღებენ თუ არა მეტ ხმებს. იმედი მაქვს, რომ ისინი დამატებით ვერ გაძლიერდებიან. ჩვენ, გერმანელებს, გვაქვს ულტრამემარჯვენეობის ისტორია. ჩვენ ნაცისტები გვმართავდნენ. ჩვენ იმ დროისთვის ყველაზე საშინელი დანაშაული ჩავიდინეთ და ჩვენ ნამდვილად, უკეთ ვიცით, რომ შეუწყნარებლობის გზა არ არის სწორი გზა, ეს მცდარი გზაა და შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა.

სამწუხაროდ, პოპულიზმი ძლიერდება ბევრ ქვეყანაში. ჩემი აზრით, პოპულისტური პოლიტიკური ძალები გპირდებიან მარტივ გადაწყვეტილებებს. ამბობენ, ხმა მოგვეცით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე რეცეპტი ყველაფრის მოსაგვარებლად. ჩვეულებრივ, გერმანიაში უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტები განვითარება ტალღის მსგავსად ხდება. ისინი ძლიერდებიან და როდესაც პარლამენტში შედიან, ხალხი ხვდება, რომ მათი რეცეპტები არ მუშაობს და მათ მიმართ მხარდაჭერა კვლავ ეცემა. ვიმედოვნებ, რომ იგივე მოხდება. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი გამოწვევისა და რისკის ეპოქაში, გვაქვს მეტი ომი, გვაქვს მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევები, ჩვენ გვაქვს გლობალიზაცია, სადაც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია - ეს ყველაფერი გამოწვევის წინაშე აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული იყვნენ თავიანთ ადგილას, თავის რეგიონში, თავიანთი ტრადიციისა და რელიგიის მიხედვით, და ა.შ. ცხოვრებას.

უეცრად მათ უცხო ადამიანებთან უწევთ ცხოვრება. ბუნებრივია, რომ მათ ზოგჯერ უჭირთ ამ საკითხებთან გამკლავება. ჩვენ ასევე გვაქვს ეს ნარატივი, რომ დემოკრატია ძალიან რთულია და რომ უკეთესია, თუ ზემოდან გვმართავენ, ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად დემოკრატიული მიდგომით, ძველი და კარგი წესრიგის თანახმად. მაგრამ მე პირადად არ მგონია ეს გამოსავალი იყოს. ვფიქრობ, ყოველთვის უკეთეს გამოსავალს ვიპოვით, თუ ვიქნებით თავისუფლები, თავისუფლები საკუთარი აზრის გამოთქმასა თუ საკუთარი თავის ორგანიზებაში. ჩვენ ვმუშაობთ დემოკრატიული გზით სხვებთან ერთად, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირად კომპრომისზე უნდა იყოს დაფუძნებული. იმედი მაქვს, რომ ულტრამემარჯვენეები უფრო მეტად ვერ გაძლიერდებიან.

- ახლა საერთაშორისო მედიის ყურადღებ ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, სადაც ისრაელსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარებს, რომელმაც უკვე 12 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, მხარს უჭერენ ისრაელს, გაეროს ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ღაზა "ბავშვთა სასაფლაო" ხდება. როგორც გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ ისრაელის სამხედრო აქტივობას ღაზას სექტორში, რომელმაც „ჰამასის“ განადგურება გადაწყვიტა და არ გეგმავს ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება?

- გერმანია მხარს უჭერს ისრაელს, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. 7 ოქტომბერს ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი, გერმანიის დაახლოებით 10 000 მოქალაქეს უდრის, თუ შეფარდებას მოსახლეობის მიხედვით გავაკეთებთ. ახლა წარმოიდგინეთ ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის გაცხადებული პროგრამა ებრაელების მოკვლა და ისრაელის განადგურებაა. წარმოიდგინეთ, გერმანიაში რომ მოვიდეს ტერორისტული ორგანიზაცია და მათი პროგრამა იყოს გერმანელების მოკვლა და გერმანიის განადგურება და მათ მოკლან 10 000 ადამიანი. ასე რომ, ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა დაიცვას თავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ასპექტი და ამაში ისრაელს გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის ომის მდგომარეობა. ეს არის ომი არა სახელმწიფო მტრის წინააღმდეგ, სადაც ორი ჯარი იბრძვის, სადაც მეომრები იბრძვიან, რომლებიც მოქმედებენ ომის წესების მიხედვით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ისრაელმა უნდა დაიცვას ომის წესი და ჰუმანიტარული კანონი. ჩვენ გვჯერა, რომ ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის, თუმცა, ის ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ამას არ აკეთებს. ამაზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ტერორისტულ ორგანიზაციას სურს ებრაელების მოკვლა, სურს ისრაელის განადგურება და არ ზრუნავს პალესტინელ ხალხზე. ფაქტობრივად, ის ბოროტად იყენებს საკუთარ ხალხს.

თუ თქვენ ცხოვრობთ ღაზაში და ეწინააღმდეგებით „ჰამასს“, სავარაუდოდ, მოგკლავენ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება. გერმანია ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად ყველაფერს აკეთებს. პალესტინელები ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ მხარდაჭერას გერმანიიდან და ევროკავშირიდან და ახლაც იღებენ. გერმანიამ ახლახან გამოუშვა 90 მილიონი ევრო UNRWA-სთვის. ჩვენ ჩართულები ვართ და ვითხოვთ ჰუმანიტარულ პაუზებს, უსაფრთხო დერეფნებისთვის, ეგვიპტის საზღვართან რაფაჰში სასაზღვრო გამშვებ პუნქტის გასახსნელად. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისრაელს თავს დაესხა ტერორისტული ორგანიზაცია, რასაც მოყვა უზარმაზარი მსხვერპლი და ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობა დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები.

ბექა ბერიაშვილი

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს