მიხეილ სააკაშვილი - მე მასამართლებენ იმისთვის, რომ შევცვალე უიმედობა იმედით, მასამართლებენ იმისთვის, რომ ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ

მე მასამართლებენ იმისთვის, რომ შევცვალე უიმედობა იმედით, მასამართლებენ იმისთვის, რომ ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, მასამართლებენ იმისთვის, რომ განათლების სისტემაში რაც კორუფცია, იყო აღმოვფხვერით და იმ ხალხს, ვინც მაშინ უამრავ ფულს აკეთებდა, ვეზიზღები და აქვს ჩემზე ბოღმა. მაგრამ მე ამას არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ამ ხალხს ვყავარ დამწყვდეული, მაწამებს ამ პატიმრობით და საქართველოს თავს ჭრიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს, ეკონომიკა სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს, ევროკავშირის გზაზე წინსვლის პარალელურად კი, მეტად უნდა მოხდეს ვალუტის სახით ევროს მოხმარება.

„მე ვიმყოფები კლინიკაში, და საქართველოში ექიმებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 1000 ევრო ხელფასი და სხვა სამედიცინო პერსონალს მინიმუმ 1500 ლარი. დღეს იხდიან კაპიკებს 7 ადგილზე გაგლეჯით. ჩვენ დღეს უამრავ ფულს ვიხდით ოპერაციებში უცხოეთში, ეს ფული უნდა ჩაიდოს საქართველოში, უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მაშინ არ დაგვცალდა, რომ ყველა ექიმი, ყველა ექთანი გავუშვათ უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შევქმნათ სამედიცინო ტურიზმის ჰაბი საქართველოში, თურქეთზე ბევრად უფრო მაგარი. თურქებმა როგორ უნდა გვაჯობონ?! ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველოში არ იყოს ის ბიუროკრატია, რომელიც შეიქმნა. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოში იყოს აბსოლუტური გამჭვირვალობა და თანასწორობა. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ეკონომიკა მთლიანად ამოვქაჩოთ.

საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთლიანად გასაუქმებელი. რაში გვჭირდება ჩვენ ეროვნული ბანკი, იმისთვის რომ სპეკულაციები იყოს და ვერავინ ვერ დაგეგმოს. ხვალ შეიძლება ლარი იყოს 30%-ით განსხვავებული, რა შეუშლით ხელს? მთავარი ბანკი ივანიშვილის ხელშია, დანარჩენი ბანკებიც განაწილებული აქვთ საკმაოდ მაფიოზურად და მათ შეუძლიათ ერთმანეთში გაანაწილონ, ითამაშონ ეს ყველაფერი. ხალხი ვერ გეგმავს საკუთარ შემოსავალს. უცხოეთიდან შემოდის საქართველოში ძირითადი შემოსავალი, შემოდის ევროები, ამიტომ ეკონომიკა უნდა გადავიყვანოთ ევროებზე, უნდა მოხდეს ფინანსური ტრანზაქციების სრული გამჭვირვალეობა. უნდა მოხდეს ზედმეტი სტრუქტურების გაუქმება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ივნისიდან აპირებს საზღვარგარეთ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე ფინანსური ზეწოლის განხორციელებას.

„ვინაიდან უცხოეთში მყოფი ქართველების უმეტესობა დაუბეგრავად მუშაობს, აპირებენ პრაქტიკულად მათზე ზეწოლის განხორციელებას იმისთვის, რომ არჩევნებზე მიიღონ მათგან ხმები და გაუმწარონ სიცოცხლე. ესე იგი აქედან გაყარეს ეს ხალხი და იქაც არ ასვენებენ. ივნისის თვიდან აპირებენ ამის ამოქმედებას. არ უნდა დავუშვათ, რომ მთავრობამ რომ გაყარა ეს ხალხი უცხოეთში, ახლა იქ მიაწვდინოს მახრჩობელა ხელი და კიდევ იქ დაუწყოს ფინანსური მოგუდვა.

მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა შევძლოთ დემოგრაფიული ბალანსის აღდგენა და ეს უნდა მოხდეს უიმედობის იმედით შეცვლით.

რაც შეეხება იმ მანიფესტს, რომელსაც ვგეგმავთ რომ 23 ნოემბერს გამოვაქვეყნოთ. ეს არ არის ვიწროპარტიული მანიფესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს ის, რაშიც არის საუკეთესო და ემზადოს გამარჯვებისთვის, მაგრამ ყველა სხვა პარტიისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. ამ მანიფესტის მთავარი პრინციპებია, რომ საქართველოში ადამიანების დაწინაურება ხდებოდეს ცოდნით და შრომით და არა ჩაწყობებით, ნათესაობებით. მეორე, ნებისმიერი სახის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოსა და მისი კეთილდღეობის მტერი, იმიტომ, რომ ოლიგარქს ყველაფერი უნდა თავისთვის და თქვენ უნდიხართ მხოლოდ მონებად ან უცხოეთში ემიგრანტებად. საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიშის მოსახდელი ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას. ჩვენ ეს ხალხი უნდა გავუშვათ აქედან და ასევე ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური პოლიტიკა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ შრომის სტიმულირება. 60 წლის ადამიანი არ უნდა გადიოდეს ავტომატურად პენსიაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი