ხათუნა სამნიძე - ჩემთვის 5%-იანი ბარიერი იქნება ფაქტორი, რამდენიმე პარტია გაერთიანდეს, მაგრამ დღეს ეს არ ჩანს - უფრო მეტად ისმის ბაქი-ბუქი: „ჩვენ გადავლახავთ ბარიერს”

არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის იმის ინდიკატორი, თამაშობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვინმეს თამაშს , -ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, არ ეთანხმება კონსპირაციის თეორიებს, რომ სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს და მას ასე საუბარი ან მოქმედება „აწყობს“.

„შესაძლოა, პრეზიდენტი მიხვდა, რომ იმპიჩმენტის საკითხი ირაკლი კობახიძის წამოწყებული, მოგონილი არ იყო და იყო ბიძინა ივანიშვილისგან მითითება. ეს მას უთქვამს კიდეც, რომ „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებლად არავინ მოქმედებს. ვისაც ეჭვი ეპარებოდა, დაინახა, რომ ის არის ამ ქვეყანაში იმ უმრავლესობის მხარეს, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. არ ეშინია „ქართული ოცნებისგან“ არც თითის ქნევის, არც მუქარების. მუქარაც გვესმის, თითის ქნევაც, შეურაცხყოფაც, მაგრამ პრეზიდენტი ამბობს, არაფრის მეშინია, ჩემი გზა მაქვს არჩეული და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო. ამ ეტაპზე რაც ჩანს, პრეზიდენტის პოზიციონირებიდან და მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ შეიწყალებს“, -განაცხადა სამნიძემ.

გარდა ამისა, ხათუნა სამნიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა, რომლის თქმით, არჩევნებზე პირველ ადგილზე გასასვლელად ემზადებიან.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, მისთვის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება მოულოდნელი არ არის იმ მიმართულებით, რომ მოაგვაროს პრობლემები, რომელიც მის დაფუძნებულ პარტიას აქვს.

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს. ვუსურვებ, რომ ეს ვითარება დალაგდეს და გაძლიერებული შევიდნენ საარჩევნო პროცესში, მაგრამ ამ მოცემულობით რთული მდგომარეობაა. არ მგონია, რომ 23 ნოემბერი ან მიხეილ სააკაშვილის განცხადება დაალაგებს პარტიაში ვითარებას. უფრო მოლოდინი მაქვს, რომ მაინც გაიყოფა ეს პარტია იმიტომ, რომ ჩანს, ძალიან ღრმაა ეს დაპირისპირება და არ არის ერთი ან ორი განცხადება, თუნდაც ეს მათი ლიდერი იყოს. მოლოდინი მაქვს, რომ პარტია გაიყოფა. რაც შეხება წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას, ეს ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი პროპაგანდის ტალღის დაწყებას. ამას ხელისუფლება კარგად იყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩერდეს და თავისი სათქმელი არ თქვას. „ქართული ოცნება“ ყოველთვის გამოუყენებს ამას პროპაგანდად. ყველა არჩევნების წინ მათი მთავარი ხაზი მაინც არის „მტრის ხატი“, შიშის დანერგვა, „ომის პარტია“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე სარჩევნო ბარიერის საკითხსაც იყენებს, რადგან „ეს მათი შიშია“.

„ამიტომ არ წევენ ბარიერს. ბარიერის არ დაწევით, უფრო მეტია პატარა პარტიების მოტივაცია, რომ რამდენიმე საარჩევნო ცენტრი შეიქმნას. ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდება, პირიქით, ბევრმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ტექნიკურ ბლოკს არ შექმნის. მოლოდინი მაქვს, რომ 5%-იანი ბარიერი იქნება ჩემთვის ფაქტორი, რამდენიმე პარტია გაერთიანდეს. დღეს ეს არ ჩანს, უფრო მეტად ისმის პარტიების ბაქი-ბუქი, რომ ჩვენ გადავლახავთ ბარიერსო“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი