მამუკა მდინარაძე - თუ ჩვენი ოპონენტები დაყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს

ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ, ისედაც უშუალო შემსრულებლები ვართ და თუ ჩვენი ოპონენტები დაყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლების ინკლუზიურობაზე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აქამდე ოპოზიცია არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებდა სამუშაო ჯგუფებს, არამედ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მუშაობდა.

„თუ ჩვენი რომელიმე ოპონენტი გონს მოვა და გადაწყვეტს, ჩაერთოს იმ აქტივობებში, რასაც ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ჰქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. აქამდე მხოლოდ იმას ვხედავდით, რომ არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებდნენ სამუშაო ჯგუფებს, არამედ პირიქით - მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ: ლობისტებს ქირაობდნენ, მილიონობით დოლარს იხდიდნენ ამაში. გარდა ამისა, დადიოდნენ ბრიუსელში თუ სხვა ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი საიმისოდ, რომ რამენაირად მაინც ჩაეშალათ, თუმცა ეს პროცესი შედგა. ჩვენ ის ღირსეულად გავიარეთ, მყარად, ორ ფეხზე მდგარმა და არა ცალ ფეხზე, როგორც მათ უნდოდათ. მივიღეთ პოზიტიური რეკომენდაცია, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. რაც შეეხება ბატონი ჰერჩინსკის მოწოდებას ჩართულობის შესახებ - ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ, ისედაც უშუალო აღმსრულებლები და შემსრულებლები ვართ და თუ ჩვენი ოპონენტები დაჰყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. მათ ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რასაც ამდენი ხანი საბოტაჟის სახით აკეთებდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს, თანაბრად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საჭიროა პროცესში როგორც ხელისუფლების ინკლუზიურობა, ისე ოპოზიციის კონსტრუქციულობა.

„ჩვენ გვსურს ყველამ ითამაშოს თავისი როლი, ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და დავინახოთ იმდენი პროგრესი, რამდენიც შესაძლებელია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა